Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი: რუსეთს ჯერაც შეუძლია ხანგრძლივი ომის წარმოება


BND-ს ხელმძღვანელი ბრუნო კალი. ბერლინი, 8 თებერვალი, 2019.
BND-ს ხელმძღვანელი ბრუნო კალი. ბერლინი, 8 თებერვალი, 2019.

გერმანიის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელმა ბრუნო კალმა განაცხადა, რომ რუსეთის ძალაუფლების სტრუქტურაში, რომელსაც პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხელმძღვანელობს, არ შეიმჩნევა რაიმე აშკარა ბზარები. თუმცა ამავე დროს მან არ გამორიცხა, რომ სისტემა შეიძლება დაინგრეს.

ბერლინის უსაფრთხოების პოლიტიკის აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას, კალმა, რომელიც გერმანიის ფედერალურ სადაზვერვო სამსახურს (BND) ხელმძღვანელობს, თქვა, რომ გარკვეული კრიტიკის მიუხედავად, მაგალითად, საბრძოლო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით, არ არსებობს იმის რაიმე ნიშნები, რომ რუსეთში სისტემამ რყევა დაიწყო ან იშლება. მაგრამ ამავე დროს ეს გამორიცხულიც არ არის.

კალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია გრძელვადიანი ომის წარმოება ჯარში ახალი ხალხის გაწვევის გზით. იგივე ეხება შეიარაღებასა და საბრძოლო მასალას. ამიტომ, გერმანიის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელის თვალსაზრისით, არ შეიძლება ლაპარაკი საომარი მოქმედებების შესუსტებაზე ან უეცარ შეწყვეტაზე.

როგორც ბრუნო კალმა აღნიშნა, არის „ზოგიერთი სუსტი წერტილი“ რუსეთის შეიარაღებული ძალების ეფექტიანობის თვალსაზრისით, მაგრამ თუ დასავლეთი ორგანიზებულად არ დაუჭერს მხარს უკრაინას და არ დაეხმარება მას წინააღმდეგობის გაწევაში, პუტინის მიერ ომის გახანგრძლივების და რაოდენობრივ მატერიალურ უპირატესობაზე დაყრდნობის სტრატეგია შეიძლება წარმატებით დაგვირგვინდეს.

შეკითხვაზე, როდის შეიტყო BND-მ, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას აპირებდა, კალმა უპასუხა, რომ ომის დაწყებამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე გერმანიის დაზვერვამ დაადგინა გარემოებები, ან, როგორც მან თქვა, „ფენომენები, რომელთა ინტერპრეტაცია სხვაგვარად შეუძლებელი იყო“. კალმა უარყო კრიტიკა პრეტენზიებთან დაკავშირებით, რომ აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა BND-ზე ადრე დაასკვნეს, რომ შეტევა შესაძლებელი იყო. მისი თქმით, ამერიკელმა და ბრიტანელმა კოლეგებმა ომის შესაძლებლობა იწინასწარმეტყველეს იმ კრიტერიუმების საფუძველზე, რომლებსაც ისინი აკვირდებოდნენ. გერმანიის საგარეო დაზვერვა დიდწილად ეყრდნობოდა იმას, რომ თავდასხმის გადაწყვეტილებას საბოლოოდ პუტინი მიიღებდა. რუსეთის პრეზიდენტმა ეს ბევრ სხვა ფაქტორზე დამოკიდებული გახადა, რაც არ შედგებოდა მხოლოდ „რაკეტებისა და ტანკების დათვლისგან“, აღნიშნა თავის გამოსვლაში გერმანიის სპეცსამსახურის ხელმძღვანელმა.

XS
SM
MD
LG