მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა დაადასტურა მანამდე მედიით და სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაცია უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შესახებ.
თუ თავდაპირველი ცნობებით, დრონი ერთ საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა, სობიანინის ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაზიანებულია „რამდენიმე შენობა“.
სობიანინის თანახმად, ზიანი „უმნიშვნელოა“ და „სერიოზულად არავინ დაშავებულა“. მოსკოვის მერი აცხადებს, რომ მომხდარის გარემოებებს დაადგენენ. სობიანინმა მოქალაქეებს მოუწოდა, მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს დაუჯერონ.
დღეს დილით, რუსულმა სააგენტო „ტასმა" და ტელეგრამ-არხმა „ბაზამ" გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გამთენიისას მოსკოვში, ატლასოვის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში, აფეთქება მოხდა უპილოტო საფრენი აპარატის შეჯახების შედეგად.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტი" საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ მეორე უპილოტო საფრენი აპარატი შეეჯახა პროფკავშირის ქუჩაზე მდებარე სახლის ზედა სართულებს. დანგრეულია ფასადი და ჩამსხვრეულია ფანჯრები. სააგენტოს ცნობით, არავინ დაშავებულა.
აფეთქებების ხმა ისმოდა მოსკოვის ოლქშიც. გუბერნატორ ანდრეი ვორობიოვის თანახმად, საჰაერო თავდაცვის სისტემამ მოსკოვთან მიახლოებისას ჩამოაგდო რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი. ვორობიოვმა მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.
- 3 მაისს რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ "კიევის რეჟიმს" ჰქონდა უპილოტო საფრენი აპარატებით კრემლზე დარტყმის მცდელობა, რომ სამხედროებმა და სპეცსამსახურებმა ორი უპილოტო საფრენი აპარატი მწყობრიდან "დროულად" გამოიყვანეს და კრემლის ტერიტორიაზე დრონების ჩამოვარდნის და ნამსხვრევების გაფანტვის შედეგად არავინ დაშავებულა.
- კრემლის თანახმად, ეს იყო დაგეგმილი "ტერორისტული აქცია და პრეზიდენტზე თავდასხმა". რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტერორისტული აქტის მუხლით აღძრა.
- უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინს და მოსკოვს თავს არ დასხმიან, რადგან უკრაინელები საკუთარ ტერიტორიაზე იბრძვიან. როგორც ზელენსკიმ თქვა, პუტინს საერთაშორისო ტრიბუნალს დაუთმობენ.