ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის გამო, უკრაინას შურისძიებით დაემუქრა. კადიროვმა ტელეგრამზე დაწერა, რომ დრონებით შეტევას არანაირი „ტაქტიკური, სტრატეგიული ან ფსიქოლოგიური აზრი არ აქვს“, რადგან „ომი სულ სხვა ადგილას მიდის“ და კიეველი „ტერორისტები“ უბრალოდ, ყურადღების მიპყრობას ცდილობენ. კადიროვმა სიტყვა „ომი“ გამოიყენა, მიუხედავად იმისა, რომ კრემლი უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს.
ჩეჩნეთის მეთაური მიიჩნევს, რომ რუსეთში საომარი მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს და ამ მდგომარეობისთვის გათვალისწინებული ყველა საბრძოლო რესურსი უნდა გამოიყენონ, რათა „ერთბაშად ჩამოგვან მთელი ეს ტერორისტული უჯრედი“. კადიროვი იმასაც აცხადებს, რომ უახლოეს ხანში, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ზონაში აჩვენებენ, „რა არის შურისძიება ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით".
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, კადიროვი უკრაინას კი არ უნდა ემუქრებოდეს, შური უნდა იძიოს მოსკოვზე და პირადად პუტინზე. დანილოვმა ტვიტერზე დაწერა, რომ ჩეჩნებს ხოცავდნენ და ანადგურებდნენ რუსები და გროზნო და მისი მშვიდობიანი მოსახლეობა მიწასთან გაასწორეს არა უკრაინის, არამედ რუსულმა ტანკებმა. დანილოვის თანახმად, ჩეჩენ ხალხს ეს ახსოვს, ხოლო ვისაც დაავიწყდა, დროა გაიხსენოს.
30 მაისს მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა იყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ტერორისტულ შეტევაში“ დაადანაშაულა „კიევის რეჟიმი“. სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, შეტევაში მონაწილეობდა 8 უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთაგან 5 ჩამოაგდეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პანცირით“, 3 კი გააუვნებელყვეს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით.
მოსკოვის მერის, სობიანინის ინფორმაციით, ქალაქის რამდენიმე რაიონში დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ბინები. სამედიცინო დახმარება დასჭირდა 2 ადამიანს.
რუსული ტელეგრამ-არხების და კრემლის პოლიტიკის პროპაგანდისტ ვლადიმირ სოლოვიოვის თანახმად, შეტევაში 32 უპილოტო საფრენი აპარატი მონაწილეობდა და მათ სამიზნეებს შორის იყო მოსკოვის პრესტიჟული რაიონი რუბლიოვკა. დამოუკიდებელი რუსული მედიის ინფორმაციით, დრონებით დარტყმები განხორციელდა მოსკოვის ოლქში, ნოვო-ოგარიოვოში, პრეზიდენტ პუტინის რეზიდენციის მახლობლადაც.
30 მაისს, მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „კიევის რეჟიმი“ ცდილობს რუსეთის მოქალაქეების დაშინებას და ანალოგიურ ქმედებებზე რუსეთის ხელისუფლების პროვოცირებას მაშინ, როცა, პუტინის მტკიცებით, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე მაღალი სიზუსტის იარაღით უტევს მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და საომარი მოქმედებების წარმოებისთვის საჭირო ობიექტებს.
პუტინმა ერთ-ერთ მაგალითად ის მოიყვანა, რომ „ორი-სამი დღის წინ“ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაარტყეს უკრაინის სამხედრო დაზვერვის შტაბს. ეს ინფორმაცია სხვა წყაროებით დადასტურებული არ არის.
რუსეთის პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ მოსკოვის საჰაერო თავდაცვის სისტემამ დამაკმაყოფილებლად იმოქმედა, თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ არის.