აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს, დიქტატორი უწოდა, როდესაც ისაუბრა მის რეაქციაზე წლის დასაწყისში აშშ-ის თავზე ჩინეთის სადაზვერვო ზონდის ჩამოგდებაზე. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
კალიფორნიაში თავისი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეკრებაზე საუბრისას ბაიდენმა თქვა: „მიზეზი, რის გამოც სი ძინპინი ძალიან უკმაყოფილო იყო, როდესაც მე ჩამოვაგდე ორი ვაგონი საჯაშუშო აღჭურვილობით სავსე ეს საჰაერო ბურთი, იყო ის, რომ მან არ იცოდა ამ ბურთის შესახებ“, - თქვა ბაიდენმა. „ეს კი დიქტატორებს ძალიან არ მოსწონთ - როცა არ იციან, რა ხდება“.
ჩინეთის ხელისუფლებამ ჯო ბაიდენის სიტყვებს „პოლიტიკური პროვოკაცია“ უწოდა. „ამერიკის მხარის განცხადებები არის უკიდურესად აბსურდული, უპასუხისმგებლო და სერიოზულად ეწინააღმდეგება ძირითად ფაქტებს, არღვევს დიპლომატიურ ოქმებს და ხელყოფს ჩინეთის პოლიტიკურ ღირსებას. ეს არის ღია პოლიტიკური პროვოკაცია. ჩინეთი უკიდურესად უკმაყოფილოა და კატეგორიულად წინააღმდეგია ამისა“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოთხშაბათს.
აშშ-ის პრეზიდენტის კომენტარებმა გაიჟღერა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის, ჩინეთში ვიზიტის დასრულებიდან მხოლოდ ერთი დღის შემდეგ. ამ ვიზიტისას ბლინკენმა განაცხადა, რომ ორმხრივ ურთიერთობებში ეს გვერდი, რომელიც ეხება ჩამოგდებულ აეროსტატს, „უნდა გადაბრუნდეს“, აღნიშნავს სააგენტო.
ბლინკენის ვიზიტი, როგორც აღნიშნავდნენ, მიზნად ისახავდა ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებას, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დაბალ დონეზეა. 19 ივნისს ბლინკენმა პეკინში მოლაპარაკება გამართა სი ძინპინთან.
შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები და ჩინეთი შეთანხმდნენ ორმხრივი ურთიერთობების სტაბილიზაციის აუცილებლობაზე. ამასთან, აშშ-ის წარმომადგენლის თქმით, ვაშინგტონსა და პეკინს შორის რიგ საკითხებში ჯერ კიდევ არის ღრმა უთანხმოება. მას დეტალები არ დაუკონკრეტებია.
პეკინში ბლინკენის ვიზიტი თებერვალში იყო დაგეგმილი, მაგრამ გადაიდო მას შემდეგ, რაც აშშ-მა თავის საჰაერო სივრცეში ჩინური ბურთი ჩამოაგდო. შემდეგ ვაშინგტონმა განაცხადა, რომ აპარატი დაზვერვას ახორციელებდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლებამ ამის პასუხად თქვა, რომ ეს იყო მეტეოროლოგიური ზონდი, რომელიც კურსს ასცდა.