ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახური იძიებს, როგორ აღმოჩნდა თეთრ სახლში კოკაინი. სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საიდუმლო სამსახურის თანამშრომლები ამოწმებენ ვიზიტორთა მონაცემებს და ვიდეოკამერების ჩანაწერებს.
თეთრი ფხვნილი 2 ივლისს, სტანდარტული შემოწმებისას იპოვეს თეთრი სახლის დასავლეთ ფრთის შესასვლელთან, სადაც ვიზიტორები ტოვებენ ელექტრონულ და სხვა ნივთებს. მოგვიანებით, დადასტურდა, რომ ნაპოვნი ფხვნილი კოკაინია. თეთრი სახლის ამ ნაწილში განთავსებულია პრეზიდენტის ოვალური კაბინეტი და ვიცე-პრეზიდენტის, ადმინისტრაციის უფროსის და სხვა მაღალჩინოსნების კაბინეტები.
თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა 5 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დასავლეთ ფლიგელში, რომელიც ინტენსიური მიმოსვლის ადგილია, ექსკურსია იყო გასული კვირის პარასკევს, შაბათს და კვირას. ჟურნალისტების შეკითხვას, შეამოწმებენ, თუ არა თანამშრომლებს, ჟან-პიერმა უპასუხა, რომ მიმართავენ ნებისმიერ ზომას, რომელიც საჭირო იქნება საიდუმლო სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში.
2 ივლისს, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პირველი ლედი ჯილ ბაიდენი თეთრ სახლში არ იმყოფებოდნენ. მათ უქმე დღეები კემპ-დევიდის რეზიდენციაში გაატარეს.