Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოძიება გამოიკვლევს ტვერის ოლქში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის საბორტო ჩამწერებს


Embraer-135-ის ნამსხვრევი სოფელ კუჟენკინოსთან. რუსეთი. 23 აგვისტო. 2023 წელი
Embraer-135-ის ნამსხვრევი სოფელ კუჟენკინოსთან. რუსეთი. 23 აგვისტო. 2023 წელი
რუსეთის ტვერის ოლქში, იმ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას, რომელშიც, სავარაუდოდ, იმყოფებოდა დაქირავებულ მებრძოლთა შენაერთის „ვაგნერის“ დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი, მიაგნეს საბორტო ჩამწერ მოწყობილობებს, იტყობინება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი.
კომიტეტი ასევე იტყობინება, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას ნახეს დაღუპულების ათი გვამი. მათი ამოცნობისთვის მიმდინარეობს მოლეკულურ-გენეტიკური ექსპერტიზა.
გამომძიებლების თანახმად, ექსპერტები მუშაობენ ასევე სხვა დოკუმენტებსა და სამხილებზე, რომლებსაც შეიძლება კავშირი ჰქონდეთ კატასტროფასთან.
25 აგვისტოს კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა უარყო რუსეთის ხელისუფლების რაიმე კავშირი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან.
ჟურნალისტებთან საუბარში პესკოვმა აღნიშნა, რომ ინციდენტის მიზეზების და დაღუპულთა ცხედრების იდენტიფიკაციაზე მუშაობენ. „ახლა, რა თქმა უნდა, ბევრი სპეკულაციაა ამ კატასტროფის ირგვლივ და თვითმფრინავის მგზავრების, მათ შორის ევგენი პრიგოჟინის ტრაგიკული დაღუპვის შესახებ. რა თქმა უნდა, დასავლეთში ყველა ეს სპეკულაცია წარმოდგენილია გარკვეული კუთხით. ეს ყველაფერი აბსოლუტური სიცრუეა“, - განაცხადა პესკოვმა.
გამოძიებას ჯერ არ წარმოუდგენია ავარიის ძირითადი ვერსია. სისხლის სამართლის საქმე „სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოებისა და საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესის დარღვევის“ მუხლით აღიძრა.
ტელეგრამის არხებსა და მედიაში სხვადასხვა ვერსია გავრცელდა: რომ მოხდა ბორტზე აფეთქება, ან რომ თვითმფრინავი ჩამოაგდო საჰაერო თავდაცვის სისტემებმა.
კერძო თვითმფრინავი, რომელსაც „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი იყენებდა, 23 აგვისტოს ტვერის რეგიონში ჩამოვარდა. მგზავრთა სიაში შედიოდნენ თავად პრიგოჟინი, „ვაგნერის“ ერთ-ერთი მეთაური დმიტრი უტკინი და სხვები. ბორტზე სულ 10 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის - ეკიპაჟის სამი წევრი, ყველა დაიღუპა.
ცხედრების იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა და პრიგოჟინის გარდაცვალება ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ.
ორი თვის წინ ევგენი პრიგოჟინმა და მისი კერძო სამხედრო გაერთიანების მებრძოლებმა სცადეს შეიარაღებული აჯანყება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის წინააღმდეგ. ათასობით შეიარაღებული „ვაგნერელი“ დონის როსტოვში შევიდა, მეორე კოლონა მოსკოვისკენ მიემართებოდა. დღის განმავლობაში მებრძოლებმა მოახერხეს 780 კილომეტრის დაფარვა წინააღმდეგობის გარეშე. პარალელურად ჩამოაგდეს თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი, რომლებიც, პრიგოჟინის თქმით, ცდილობდნენ მისი რაზმების დაბომბვას.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „ვაგნერი“ დაადანაშაულა ღალატში და აღძრა სისხლის სამართლის საქმე დაჯგუფების ხელმძღვანელის წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყების გამო. თუმცა, მოგვიანებით ცნობილი გახდა პრიგოჟინსა და ბელარუსის ავტორიტარულ ლიდერ ალიაქსანდრ ლუკაშენკას შორის მოლაპარაკებების შესახებ. შედეგად, „ვაგნერის“ წინსვლა მოსკოვისკენ შეჩერდა. თავად პრიგოჟინი, შეთანხმებით, ბელარუსში უნდა წასულიყო, ხოლო ვლადიმირ პუტინი სანაცვლოდ დაჰპირდა აჯანყებულთა დევნის შეწყვეტას. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პრიგოჟინი კვლავ მოძრაობდა რუსეთისა და მსოფლიოს გარშემო და ივნისის ბოლოს ის და მისი ქვეშევრდომები კრემლში ვლადიმირ პუტინს შეხვდნენ.
XS
SM
MD
LG