ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა რუსლან კრავჩენკომ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (სბუ) და უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ განაცხადეს.
ოპერაცია ერთობლივად ჩაატარეს სბუ-მ და მოლდოვის პოლიციის გენერალურმა ინსპექტორმა. კრავჩენკოს თქმით, ქსელის წევრები მოქმედებდნენ რუსეთის სპეცსამსახურების ზედამხედველობის ქვეშ. ისინი აგროვებდნენ ინფორმაციას პირთა გარკვეული ჯგუფის გადაადგილების, ცხოვრების წესის, დასასვენებელი ადგილებისა და საცხოვრებელი ადგილების შესახებ, რათა ჩაეტარებინათ მომზადება და შემდგომში ამ პირთა მკვლელობა ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ. გენერალური პროკურორის თქმით, თითოეული მკვლელობისთვის ჯილდო 100 000 დოლარამდე იყო, პირის სტატუსიდან გამომდინარე.
მათი მთავარი სამიზნეები, სავარაუდოდ, იყვნენ ჟურნალისტები, საზოგადო მოღვაწეები, სტრატეგიული საწარმოს ხელმძღვანელი და თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (გურ) სამხედროები, მათ შორის გურ-ის უცხოური ლეგიონის წევრები და ანდრი იუსოვი, გურ-ის წარმომადგენელი და სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის უფროსის მოადგილე.
შვიდი ადამიანი დააკავეს უკრაინაში და სამი - მოლდოვაში, მათ შორის ქსელის სავარაუდო ორგანიზატორი. უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობით, ის არის 34 წლის მოლდოვის მოქალაქე, რომელიც რუსეთის სადაზვერვო სამსახურებმა რუსეთის სასჯელაღსრულების კოლონიაში ყოფნის დროს გადაიბირეს. სასჯელის მოხდის შემდეგ იგი მოლდოვაში გაგზავნეს „სადაზვერვო და საბრძოლო ჯგუფის შესაქმნელად“. პრესრელიზის თანახმად, ის აგროვებდა „თანამოაზრეებს“ კრემლის მომხრე შეხედულებებით, ძირითადად სამხედრო გამოცდილების მქონე პირებს. უწყების ცნობით, თანამზრახველები იყვნენ უკრაინიდან, ევროკავშირიდან და არაღიარებული დნესტრისპირეთიდან.
როგორც იტყობინებიან, მისი აგენტების ერთი ჯგუფი უთვალთვალებდა პოტენციურ მსხვერპლს, ისინი კურიერებად ასაღებდნენ თავს, მეორე ჯგუფს მკვლელობები უნდა განეხორციელებინა. „შემდეგ რუსეთის აგენტურას ტურისტებად ნიღბავდნენ და უკრაინაში გზავნიდნენ, შემდეგ კი სხვადასხვა რეგიონში დაქირავებულ ბინებში ანაწილებდნენ“, განაცხადა უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა. ჩხრეკის დროს ამოიღეს იარაღი, საბრძოლო მასალა, საბრძოლო ყუმბარები და საკომუნიკაციო აღჭურვილობა.
ეჭვმიტანილებს უკრაინაში ბრალი წაუყენეს შეკვეთილი მკვლელობის დაგეგმვასა და იარაღის უკანონოდ შენახვაში. მათ სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.
ფორუმი