Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზური დელეგაცია მოსკოვთან მოლაპარაკებისას საკუთარ პოზიციებს დაიცავს


რუსეთსა და მის მიერ აღიარებულ აფხაზეთს შორის ტერიტორიული უთანხმოების არსებობას ადასტურებს დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა. მან გაზეთ ”კომერსანტს” განუცხადა, რომ დემარკაცია უნდა მოხდეს მდინარე ფსოუს გასწვრივ და საზღვრად აღიარებული უნდა იყოს რუსეთთან აფხაზეთის ყოფილი ავტონომიური რესპუბლიკის საზღვარი. სწორედ მდინარე ფსოუსთან მდებარეობს სოფელი აიბგა, რომელსაც რუსეთი მის ტერიტორიად მიიჩნევს. სერგეი შამბას თქმით, აფხაზური დელეგაცია მოსკოვთან მოლაპარაკებისას საკუთარ პოზიციებს დაიცავს და მთავარია საკითხი უარყოფითი შედეგების გარეშე მოგვარდეს. თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უთანხმოებას სერიოზულად პრობლემად არ მიიჩნევენ და უარყოფენ აფხაზური პრესით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მოსკოვს პრეტენზია აქვს 160 კვადრატული კილომეტრის ფართობზე. ”კომერსანტს” რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განუცხადა, რომ საუბარია გაცილებით ნაკლები ფართობის ტერიტორიაზე, სადავო საკითხის მოგვარებამდე კი, აუცილებელია საარქივო მასალების მოძიება და შესწავლა. საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის თაობაზე რუსეთის და მის მიერ აღიარებული აფხაზეთის დელეგაციათა მოლაპარაკების კიდევ ერთი რაუნდი მოსკოვში გასულ საღამოს დასრულდა. მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დადგენილი საზღვარი არსებობს მხოლოდ საქართველო-რუსეთს შორის და მისი ხელახალი დემარკაცია-დელიმიტაცია უკანონოა.
XS
SM
MD
LG