Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიის მთავრობა მეამბოხეთა პოზიციებზე შეტევას განაგრძობს


ლიბიის მთავრობის ძალებმა დღეს გააგრძელეს აქტიური შეტევა, რომლის მიზანს დასავლეთის ქალაქ მისურატადან მეამბოხეთა განდევნა წარმოადგენს. როგორც იუწყებიან, ბოლო შეტაკებებს რამდენიმე სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. მთლიანობაში, ექიმების განცხადებით, შეტაკებების დაწყებიდან - ანუ თვეზე მეტი დროის განმავლობაში - 240-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 1000-მდე პირი დაიჭრა. პარალელურად, ნატოს განცხადებით, ის იძიებს ცნობებს იმის თაობაზე, რომ ლიბიის თავზე მის მიერ განხორციელებულ ერთ-ერთ საჰაერო რეიდს მუამარ კადაფის ძალებთან მებრძოლი ათზე მეტი მეამბოხის სიკვდილი მოჰყვა. ეს ცნობა მეამბოხეებმა გაავრცელეს - განაცხადეს, რომ მათი რიგებიდან ათზე მეტი მებრძოლის დაღუპვა მოჰყვა პარასკევს, ნატოს ხელმძღვანელობით განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას ქალაქების აჯდაბიასა და ბრეგას შორის, ლიბიის აღმოსავლეთში. დღეს ნატომ განაცხადა, რომ გუშინ მან ლიბიის თავზე 74 რეიდი განახორციელა - რაც ნიშნავს, რომ ალიანსმა შეტევის რიტმი შეინარჩუნა ოპერაციის სათავეში ჩადგომის შემდეგ. კადაფის ძალების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის წარმოება ნატომ ხუთშაბათს გადაიბარა საერთაშორისო კოალიციისგან, რომელსაც კოორდინირებას აშშ უწევდა. ლიბიის მთავრობა არ დათანხმდა მეამბოხეთა წინადადებას ზავის გამოცხადების თაობაზე. მეამბოხეთა განცხადებით, ისინი მზად იყვნენ ზავი გამოეცხადებინათ, თუკი კადაფი თავის ძალებს ქვეყნის ყველა ქალაქიდან გაიყვანდა და დაიცავდა ლიბიელების უფლებას, თავად აირჩიონ რომელ მხარეს სურთ ყოფნა.
XS
SM
MD
LG