Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფრიკის კავშირი და ლიბიის მეამბოხეები საზავო წინადადებაზე მსჯელობენ


აფრიკის სახელმწიფოთა მეთაურებისგან შემდგარმა დელეგაციამ ლიბიის ქალაქ ბენღაზიში გამაგრებულ ოპოზიციონერებთან შეხვედრა გამართა, ქვეყანაში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების გეგმაზე მსჯელობის მიზნით. აფრიკის კავშირის ლიდერებმა ამ გეგმის გარშემო კვირას ტრიპოლიში ქვეყნის ლიდერთან, მუამარ კადაფისთანაც გამართეს შეხვედრა - და განაცხადეს, რომ ლიდერი გეგმას დასთანხმდა. ალჟირის წარმომადგენელმა და აფრიკის კავშირის მშვიდობისა და უსაფრთხოების კომისარმა, რამთან ლამამრამ განაცხადა, რომ გეგმა მეამბოხეებსა და კადაფის მთავრობას შორის დაუყოვნებლივ ზავს და მოლაპარაკების დაწყებას გულისხმობს. თუმცა, მან დასძინა, რომ ის, თუ ვინ უნდა იყოს ქვეყნის სათავეში, ლიბიის ხალხის გადასაწყვეტია: „ზოგადი პრინციპის სახით, აფრიკის კავშირი მიიჩნევს, რომ ლიბიის ხალხმა დემოკრატიულად უნდა აირჩიოს თავისი ლიდერი. არც ერთმა გარეშე ძალამ - მათ შორის არც თავად აფრიკის კავშირმა - ლიბიელი ხალხის სახელით არ უნდა გადაწყვიტოს, ვინ უნდა იყვნენ ქვეყნის ლიდერები“. ბრიუსელში ნატოს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი მიესალმა ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივას - თუმცა გაიხსენა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უკვე რამდენჯერმე გამოცხადდა, თუმცა პირობა არ შესრულებულა. მეამბოხეებს ნათქვამი აქვთ, რომ განიხილავენ აფრიკის კავშირის შეთავაზებულ გეგმას - თუმცა აცხადებენ, რომ კადაფი აუცილებლად უნდა გადადგეს. კადაფი ამ მოთხოვნას არ თანხმდება.
XS
SM
MD
LG