Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში დაიწყო „აბრეშუმის გზის ფორუმი"


„აბრეშუმის გზის ფორუმის" მონაწილეები
„აბრეშუმის გზის ფორუმის" მონაწილეები

თბილისში გაიხსნა „აბრეშუმის გზის ფორუმი", რომლის 800-მდე მონაწილე აბრეშუმის გზის შესაძლებლობებსა და გამოწვევებს განიხილავს. ფორუმის ორგანიზატორია საქართველოს მთავრობა, თანაორგანიზატორი - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა, ხოლო მხარდამჭერი - აზიის განვითარების ბანკი. ორდღიან ფორუმში მონაწილეობენ აზიის, ახლო აღმოსავლეთის, სამხრეთ კავკასიისა და ევროპის 30-ზე მეტი ქვეყნის და აშშ-ის სამთავრობო დელეგაციები, 20 საერთაშორისო საფინანსო და დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ბიზნესწრეების წარმომადგენლები.

თბილისის ფორუმს მოდერაციას უწევს ცნობილი ეკონომისტი, თავისუფლებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის პრეზიდენტი ჰერნანდო დე სოტო. ფორუმის დღის წესრიგშია აბრეშუმის გზის ახალი შესაძლებლობები სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად, ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის საკითხები და საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების გამოყენება. „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გაიმართება მონაწილე ქვეყნების ბიზნესმენთა შეხვედრები. თბილისის ფორუმის შედეგად გაფორმდება თანამშრომლობის დეკლარაცია.

„აბრეშუმის გზის ფორუმს“ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა უწოდა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან ფორუმის გახსნისას აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც მასპინძელი ქვეყანა, გაცვლისა და ურთიერთობების რეგიონული ცენტრის როლს ასრულებს, რაც იყო კიდეც მისი მისია ათასწლეულების განმავლობაში. „ამ ფორუმის ფარგლებში ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ, რათა აღვადგინოთ აბრეშუმის გზა, აღმოვფხვრათ აქტიური ინტეგრაციის წინაშე არსებული დაბრკოლებები და წვლილი შევიტანოთ საყოველთაო ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ფორუმის მონაწილეებმა ერთად უნდა შეიმუშაონ აბრეშუმის გზის გასწვრივ ინტეგრაციის გაღრმავების სამუშაო გეგმა.

"ფორუმზე მაღალი რანგის წარმომადგენლობა ხაზს უსვამს იმას, რომ ბევრი მივიდა ერთსა და იმავე დასკვნამდე - ბოლო 25 წლის განმავლობაში განხორციელებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინვესტიციებს დღეს შედეგი მოაქვს, ხოლო ჩვენი ისტორიული გზაჯვარედინი მზად არის დაიკავოს კუთვნილი ადგილი როგორც გლობალური ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთმა მთავარმა მამოძრავებელმა ძალამ“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს ჩინეთიდან ევროპაში პროდუქციის უმეტესობის გადაზიდვა საზღვაო გზით ხდება, რასაც საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, აბრეშუმის გზის გასწვრივ მდებარე ქვეყნების თანამშრომლობა კი შესაძლებელს გახდის ჩინეთიდან ევროპაში ტვირთის გაცილებით სწრაფად და იაფად ტრანსპორტირებას. „ეს კი, თავის მხრივ, მოითხოვს ჩვენს თანამშრომლობას სატარიფო და საბაჟო სტრატეგიების გამარტივებისა და ინფრასტრუქტურის ინტეგრაციის და მოდერნიზაციის მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან ფორუმის მონაწილეებს ამ მიმართულებებით აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG