Accessibility links

ახალი სანქციები ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ


გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა

გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი მას შემდეგ დაუჭირა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას, რაც ამ ქვეყანამ ჩაატარა რიგით მეექვსე, ყველაზე მძლავრი ბირთვული გამოცდა. ახალი სანქციები ითვალისწინებს ჩრდილოეთ კორეიდან საფეიქრო ნაწარმის ექსპორტის აკრძალვასა და ჩრდილოეთ კორეაში ნედლი ნავთობის იმპორტის შეზღუდვას.

გაეროს უშიშროების საბჭოს 11 სექტემბრის რეზოლუცია არის 2006 წლის შემდეგ მიღებული უკვე მეცხრე რეზოლუცია, რომელიც გულისხმობს სანქციებს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ, მისი ბალისტიკური რაკეტებისა და ბირთვული პროგრამების გამო.

ახალი არ არის არც მკვახე სტილი განცხადებისა, რომლითაც ფხენიანი გამოეხმაურა მის წინააღმდეგ ახალი ზომების დამტკიცებას: შეერთებული შტატები მალე იგრძნობს „უდიდეს ტკივილს“, რაც კი ოდესმე გამოუცდიაო. გაეროში ჩრდილოეთ კორეის ელჩმა, ჰან ტაე სონმა, 12 სექტემბერს ჟენევაში, განიარაღების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „შეპყრობილია ველური თამაშის სურვილით“, როცა ცდილობს, ხელი ააღებინოს ჩრდილოეთ კორეას ბირთვული იარაღის შექმნაზე.

ჩრდილოეთ კორეისაგან განსხვავებით, გაეროს უშიშროების საბჭოს ახალ სანქციებზე გამოხმაურება ზომიერი და დადებითი იყო სამხრეთ კორეისაგან: „ჩვენი აზრით, ეს ზომები თუ სრულად განხორციელდება, მნიშვნელოვნად შეზღუდავს ჩრდილოეთ კორეის უნარს, გააგრძელოს ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობა. ამავე დროს, რეზოლუცია ფხენიანს უგზავნის მკაფიო მესიჯს, რომ ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს!“ – აღნიშნა გაეროში სამხრეთ კორეის ელჩმა, ჩო ტაე-იულმა მას შემდეგ, რაც გაეროს უშიშროების საბჭომ დაამტკიცა ახალი სანქციები, ჩრდილოეთ კორეის მიერ 3 სექტემბერს ჩატარებულ ბირთვული გამოცდის საპასუხოდ.

როგორც საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, გაეროში დიპლომატთა განცხადებებზე დაყრდნობით, ჩრდილოეთ კორეის მიმართ ახალი რეზოლუციის ინიციატორმა, შეერთებულმა შტატებმა, რეზოლუციის პროექტი შეარბილა, რათა მოეპოვებინა რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერა. კერძოდ, პროექტიდან ამოიღეს ჩრდილოეთ კორეისთვის ნავთობის მიწოდების მთლიანად აკრძალვისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩონ ინის საბანკო ანგარიშების გაყინვის მოთხოვნები. ამავე დროს, რეზოლუციის ტექსტს დაემატა მოწოდება კორეის ნახევარკუნძულზე დაპირისპირების „მშვიდობიანად, დიპლომატიის გზით და პოლიტიკურად“ მოგვარებისაკენ.

გაეროში აშშ-ის ელჩმა, ნიკი ჰეილიმ როგორც აღნიშნა, ახალი სანქციების შედეგად ფხენიანი დაკარგავს წლიურად, სულ ცოტა, 800 მილიონი დოლარის შემოსავალს, რომელიც ექსპორტს უკავშირდება.

გაეროში აშშ-ის ელჩი ნიკი ჰეილი
გაეროში აშშ-ის ელჩი ნიკი ჰეილი

„ჩვენ არ გვიხარია დღეს დამატებითი სანქციების დამტკიცება. ომი არ გვსურს! ჩრდილოეთ კორეას ჯერ არ გადაუკვეთია ის ზღვარი, როცა უკან დაბრუნება შეუძლებელია. თუ დათანხმდება ბირთვული პროგრამის შეზღუდვას, შეუძლია დაიბრუნოს მომავალი. თუ დაამტკიცებს, რომ მშვიდობიანად ცხოვრებას შეძლებს, მისთვის მსოფლიოც მშვიდობიანი იქნება“, – განაცხადა გაეროში შეერთებული შტატების ელჩმა. მისივე განმარტებით, აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტების – დონალდ ტრამპისა და სი ძინ-პინის მჭიდრო ურთიერთობის შედეგი გახდა ფხენიანის მიმართ ახალი რეზოლუციის პროექტზე კომპრომისი, რომელსაც გასულ კვირაში, მოულოდნელად, მოკლე დროში მიაღწიეს.

ახალი რეზოლუციის მიღების შემდეგ, ნიუ-იორკში განცხადება გააკეთა გაეროში ჩინეთის ელჩმაც, ლიე ძიეიმ: „ამჟამად კორეის ნახევარკუნძულზე ვითარება დაძაბული, კომპლექსური და მძიმეა. ქვეყნებმა, რომელთაც ეს ეხება, სიმშვიდე უნდა შეინარჩუნონ და თავი შეიკავონ განცხადებების ან მოქმედებებისაგან, რომლებიც კიდევ უფრო გაამწვავებდა დაძაბულობას“, – განაცხადა გაეროში ჩინეთის ელჩმა, ხოლო რუსეთის ელჩის, ვასილი ნებენზიას განმარტებით, მოსკოვი ჩრდილოეთ კორეის მიმართ ახალ სანქციებს მიემხრო იმის გამო, რომ არასწორი იქნებოდა ბირთვული გამოცდის დატოვება და მკაცრი რეაქციის არქონა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG