Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გადის აშშ იუნესკოდან?


იუნესკოს ლოგო
იუნესკოს ლოგო

შეერთებულმა შტატებმა 12 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ გადის გაეროს უწყება იუნესკოდან. გადაწყვეტილებით, რომლის მიზეზებს შორისაც სახელდება ისრაელის წინააღმდეგ „მიკერძოება“, გრძელდება იუნესკოსთან ვაშინგტონის საკმაოდ რთული და კონფლიქტური ურთიერთობის ისტორია.

რა არის იუნესკო?

იუნესკო - გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია - შეიქმნა 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ექსტრემისტულ იდეოლოგიებთან დასაპირისპირებლად და მშვიდობის დასაცავად. თუმცა ის ყველაზე მეტად ცნობილია სიით, რომელშიც წარმოდგენილია კულტურის გამორჩეულად მნიშვნელოვანი, შთამბეჭდავი ძეგლები, ისევე როგორც ლანდშაფტები: მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. იუნესკოს შექმნაში, თავის დროზე, აქტიურად მონაწილეობდა შეერთებული შტატები.

რატომ გადის აშშ იუნესკოდან?

აშშ და ისრაელი აცხადებენ, რომ გადიან იუნესკოდან

  • იუნესკო - გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია - შეიქმნა 1945 წელს
  • იუნესკო ცნობილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიით
  • მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შორის არის საქართველოს სამი ძეგლი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ჰეზერ ნაუერტმა, 12 ოქტომბერს, იუნესკოდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებისას, გააკრიტიკა ორგანიზაციის რეფორმის დაყოვნება, ისევე როგორც ისრაელის წინააღმდეგ მისი მიკერძოებული დამოკიდებულება. ნაუერტმა ახსენა იუნესკოსთან ვაშინგტონის დავალიანებაც. შეერთებულ შტატებს მართებს ამ ორგანიზაციისათვის წელიწადში 80 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა, რასაც აღარ აკეთებს 2011 წლიდან, ანუ იუნესკოს წევრად პალესტინის მიღების შემდეგ. თეთრი სახლის მაშინდელი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას, ადმინისტრაციის განმარტებით, ვაშინგტონს 1990-იანი წლებიდან მოქმედი კანონით ეკრძალება დააფინანსოს გაეროს უწყება, რომელიც პალესტინას სახელმწიფოდ აღიარებს. მაგრამ ექსპერტების უმრავლესობა იუნესკოდან შეერთებული შტატების გასვლის მიზეზად მიიჩნევს ისრაელის შესახებ ამ ორგანიზაციის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს.​

წელს, ივლისში, იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ჰებრონის ისტორიული ცენტრი ისე, რომ ჰებრონს უწოდა პალესტინის და არა ისრაელის ქალაქი. ისრაელი როგორც აცხადებს, ეს ნიშნავს, რომ იუნესკო უარყოფს იუდაიზმის კავშირს ბიბლიურ ქალაქთან, რომელშიც, გადმოცემით, პატრიარქთა საფლავი მდებარეობს. მანამდე, 2016 წელს, ისრაელის პროტესტი მოჰყვა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის რეზოლუციას, რომელიც მუსლიმთა საკულტო ადგილად მოიხსენიებს სახელგანთქმულ „ტაძრის მთას“ იერუმალიმში ისე, რომ არ აღიარებს მასთან ებრაელი ხალხის კავშირს.

"ტაძრის მთა"
"ტაძრის მთა"

დაძაბულობა სიახლე არ არის აშშ-იუნესკოს ურთიერთობაში.

ისრაელის გამო ვაშინგტონს ბევრჯერ ჰქონია უთანხმოება იუნესკოსთან. 1974 წელს აშშ-ის კონგრესმა შეწყვიტა იუნესკოს ბიუჯეტში თავისი წილის შეტანა, რითაც გააპროტესტა ორგანიზაციის მიერ „პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის“ აღიარება. 1984 წელს ვაშინგტონმა, კერძოდ, პრეზიდენტ რეიგანის ადმინისტრაციამ, რადიკალურ ზომას მიმართა: იუნესკო დატოვა. მიზეზად დასახელდა უწყებაში გამეფებული კორუფცია და საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ უწყების მიკერძოება. მაგრამ 2002 წელს შეერთებული შტატები ისევ დაუბრუნდა იუნესკოს, შეაქო რა უწყებაში კორუფციასთან ბრძოლა და ანტიდასავლური მიკერძოებულობის ნაწილობრივ დაძლევა. თუმცა ჰარმონიული ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა. როგორც უკვე ითქვა, ვაშინგტონმა 2011 წელს შეწყვიტა ფინანსური ვალდებულებების შესრულება იუნესკოს წევრად პალესტინის მიღების გამო პროტესტის ნიშნად.

რა მოჰყვება ვაშინგტონის გადაწყვეტილებას იუნესკოდან გასვლის შესახებ?

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, 2018 წლის 21 დეკემბრიდან შეერთებული შტატები აღარ იქნება იუნესკოს წევრი, მაგრამ დაიტოვებს დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსს, რათა გააგრძელოს „მსოფლიო მემკვიდრეობის, პრესის თავისუფლების დაცვისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის“ მხარდაჭერა. ექსპერტების განმარტებით, ვაშინგტონი იუნესკოდან გასვლას აყოვნებს, სავარაუდოდ, ახალი გენერალური დირექტორის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. 12 ოქტომბერს ისრაელმაც გამოაცხადა, რომ ტოვებს იუნესკოს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეტანიაჰუს, ადმინისტრაციის განცხადებით, საგარეო უწყებას დაევალა, მოამზადოს იუნესკოს დატოვება შეერთებულ შტატებთან ერთად. ამავე განცხადებით, ნეტანიაჰუ მიესალმა იუნესკოდან გასვლის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელსაც მიიჩნევს „გაბედულ და მორალურ“ ნაბიჯად, რადგან იუნესკო გახდა „აბსურდის თეატრი“ და ის „ისტორიას აყალბებს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG