Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგლა მიქაუტაძე ანაკლიის პროექტის მნიშვნელობაზე, ბარიერებსა და პერსპექტივაზე


„ეს პროექტი რომ განხორციელდება, ამას წყალი არ გაუვა - ამ ხელისუფლების პირობებში თუ სხვა ხელისუფლების პირობებში. აქ მთავარი ამოცანაა ის, რომ რაც შეიძლება ცოტა დრო დავკარგოთ. დღეს კი (მოძრაობის სახელით ვამბობ) მივესალმებით, რომ შეიქმნას რაღაც ფორმატი, სადაც ეს თემა იქნება განხილული გამჭვირვალედ. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, საპარლამენტო კომისია, ან სხვა ფორმატი, სადაც ყველანი მოვისმენთ ხელისუფლების არგუმენტებსაც, კონსორციუმის არგუმენტებსაც და ამ ფორმატმა უნდა გამოკვეთოს ვინ აფერხებს რეალურად პროექტს“, - ამბობს რადიო თავისუფლების ეთერში გიგლა მიქაუტაძე, მოძრაობა „ლელოს“ წევრი, „გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ აღმასრულებელი დირექტორი. მას არ აქვს ილუზია, რომ ეს რეალურად მოაგვარებს პრობლემას, მაგრამ საჯარო მსჯელობა წარმოუდგენია საზოგადოებრივ წნეხად, რომელმაც შეიძლება აიძულოს ხელისუფლება არ დააყოვნოს პროექტის განხორციელება. გიგლა მიქაუტაძის თქმით, ინფრასტრუქტურის განუვითარებლობის გამო საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია არაეფექტიანია: „საკითხი დგას ასე: თუ ჩვენ (და ეს ბავშვობიდან მესმის) გვაქვს სატრანზიტო ფუნქცია და ვართ კორიდორი ევროპასა და აზიას შორის, გვჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ვერ გეტყვით, რომ ამ მხრივ კარგად გვაქვს საქმე. ამის ინდექსებიც არსებობს და საკმაოდ დაბალ დონეზე ვართ ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. ევროკავშირში ექსპორტი გვინდა და იქ პროდუქციის ჩანატას ძალიან დიდი ხანი სჭირდება და ჯდება იმაზე ძვირი, ვიდრე ჩინეთიდან ჩატანა“. „დილის საუბრების“ სტუმარი განმარტავს, რომ ანაკლიის პროექტი პორტის მიღმა გულისხმობს 21-ე საუკუნის ქალაქის განვითარებას და ის იქცევა მიზიდულობის ცენტრად მათ შორის, აფხაზეთის მოსახლეობისთვის. მთავრობის დამოკიდებულება მისთვის მიუღებელია: „ის, რომ „არ გავაუქმებთ კონტრაქტს და კიდევ ვადას მივცემთ“, არის უბრალო მანიპულაცია, რადგან ეს კონსორციუმი არ ითხოვს არანაირი ვადების გაგრძელებას, არამედ ითხოვს, რომ იმ ინვესტორებთან, რომლებიც მან მოიძია, შედგეს დიალოგი და ინვესტორმა დაინახოს, რომ ის მთავრობისთვის მისაღებია... კონსორციუმი ითხოვს: დაგველაპარაკეთ სერიოზულად, დაგველაპარაკეთ საქმიანად, დაინახოს ჩემმა ინვესტორმა, რომ ხელისუფლება სერიოზულად არის განწყობილი ამ პროექტის მიმართ და ფულიც ჩაიდება. როცა ხელისუფლების მხრიდან ეს განწყობა არ არის, ვინც უნდა მოიყვანო ინვესტორის სახით, ყველა დაფრთხება, რადგან ეს არ არის უბრალოდ კომერციული პროექტი. აქ სახელმწიფოს როლს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. დღეს ვხედავთ, რომ სახელმწიფოს ნება არ არსებობს და ამას ალბათ აქვს უკვე პოლიტიკური სარჩული და ვუსმინეთ მამუკა ხაზარაძის განცხადებებსაც. მან შოკისმომგვრელი ინფორმაცია გააჟღერა. აქ პირდაპირ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ეს არის რუსეთის ინტერესი. რუსეთს არ სურს ამ პროექტის განხორციელება სხვადასხვა მიზეზით. შესაბამისად, მთავრობა ცდილობს ვირეშმაკობით აიცილოს პასუხისმგებლობა და თქვას, რომ კონსორციუმმა ვერ შეასრულა ვალდებულება და თან მოჰყავს არგუმენტები, რომ ჩვენ ხომ მიწა გამოვისყიდეთ და ძალიან წვრილმან დეტალებზე აკეთებს აქცენტს. მაგრამ, აქ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ინვესტორსა და მთავრობას შორის ურთიერთობა არის გადამწყვეტი და მოდით, ნუ დავივიწყებთ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წარმოებულ პროცესს“.

XS
SM
MD
LG