Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელს თავისი პოლიტიკური კარიერის ყველაზე რთული ოთხი წელი ელის


ეგზიტპოლების თანახმად, კანცლერ ანგელა მერკელის კონსერვატიულმა ალიანსმა პირველი ადგილი მოიპოვა გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში. ეს მერკელს საშუალებას აძლევს, კიდევ ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელოს მთავრობას.

24 სექტემბრის არჩევნებში მერკელის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიანულ-სოციალური კავშირის ბლოკი ლიდერობს 32,5-33,5%-ით. გამოკითხვების თანახმად, სოციალ-დემოკრატები, რომელთაც მარტინ შულცი ხელმძღვანელობს, 20-21%-ს მიიღებენ. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მათი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 13-13,5%-ით პარლამენტში მესამე ძალა იქნება ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“. მემარჯვენე რადიკალები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბუნდესტაგში პირველად დაიკავებენ ადგილს. თავისუფალმა დემოკრატებმა 10,5% მოიპოვეს, მწვანეთა პარტიამ 9,5%, მემარცხენეებმა კი - 9%.

არჩევნების წინასწარი შედეგები
არჩევნების წინასწარი შედეგები

ამგვარად, გერმანიის ახალ პარლამენტში წინაზე ორი პარტიით მეტი იქნება. კანცლერის სავარძლის ბედი გარკვეულია, მას კვლავაც ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ანგელა მერკელი დაიკავებს. მაგრამ გაურკვეველია, მთავრობის შესაქმნელად ვისთან შევა მისი ბლოკი კოალიციაში. როგორც ვარაუდობენ, მთავრობის ფორმირებას შეიძლება თვეები დასჭირდეს.

განიხილავენ ორ ვარიანტს. ერთია დიდი კოალიციის გაგრძელება, ანუ სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან ერთად მართვა. მეორე ვარიანტი კი ე.წ. „იამაიკის კოალიციას“ გვთავაზობს, რომელშიც პარტიების ტრადიციული ფერები იამაიკის სახელმწიფო დროშის ფერების მიხედვით ლაგდება: შავი, ყვითელი და მწვანე. ანუ ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიანულ-სოციალური კავშირი, თავისუფალი დემოკრატები, რომლებიც ოთხწლიანი პაუზის შემდეგ კვლავ დაბრუნდნენ ბუნდესტაგში, და კავშირი90/მწვანეები. მაგრამ სოციალ-დემოკრატებმა უკვე გამოაცხადეს, რომ ოპოზიციაში მიდიან და უარს ამბობენ დიდ კოალიციაზე.

მაგრამ გერმანიის პოლიტიკური ლანდშაფტის მთავარი სიახლე მაინც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ულტრამემარჯვენეების გამოჩენაა. „ალტერნატივამ გერმანიისთვის“ წინასწარ განაცხადა, რომ ბუნდესტაგში მოხვედრის შემდეგ მოახდენს ინიცირებას კომისიის შექმნისა, რომელიც გამოიძიებს ანგელა მერკელის მიერ 2015 წლის ზაფხულში ავსტრიასთან საზღვრის გახსნას და გერმანიაში ლტოლვილთა მასობრივ შეშვებას.

ქვეყნის ახალი პარლამენტსა და მთავრობას გადასაჭრელი ექნებათ პრობლემები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ლტოლვილები, ჯანდაცვა, განათლება, პენსიები, მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

აშკარა წარმატება, რომელიც მოიპოვა „ალტერნატივამ გერმანიისთვის“, მოსკოვის წარმატებაცაა, ვინაიდან პარტიას მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთის ხელისუფლებასთან, რასაც არც მალავენ მისი ლიდერები.

პარტია და მისი გულშემატკივრები საარჩევნო კამპანიის მსვლელობაში ფსონს დებდნენ რუს გერმანელებზე და, როგორც ჩანს, მიაღწიეს კიდეც თავისას. თუმცა შეუძლებელია იმის ზუსტად დადგენა, თუ ხმების რა წილი მოდის რუსეთიდან გერმანიაში გადასახლებულ ეთნიკურ გერმანელებზე.

წინასაარჩევნო პერიოდში ჭარბობდა მერკელის წინააღმდეგ მიმართული რიტორიკა. მაგალითად, კანდიდატები, რომლებიც რუსეთიდან ჩასული გერმანელების წრეებიდან არიან, საკუთარ ამომრჩევლებს რუსულად მიმართავდნენ და მერკელს ბრალს სდებდნენ ჰელმუტ კოლისა და ქვეყნის ინტერესების ღალატში.

გერმანიაში მერკელის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის პიკი იყო ერთ-ერთი დემონსტრაცია, რომელზეც სკანდირებდნენ: „მერკელი ციმბირში, პუტინი - ბერლინში!“. თუ გავითვალისწინებთ, რომ გერმანიის პრაქტიკულად ყველა პარტიაში მოიპოვებიან ისეთები, რომლებიც გაგებით ეკიდებიან პუტინს და მის პოლიტიკას, ანგელა მერკელს თავისი პოლიტიკური კარიერის ყველაზე რთული ოთხწლიანი პერიოდი ელის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG