Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნდა იდგეს თუ არა გორში სტალინის ძეგლი


1939 წლის 1 სექტემბერს ფაშისტური გერმანია პოლონეთში შეიჭრა და, ერთთვიანი გამანადგურებელი ბრძოლის შედეგად, მისი ოკუპაცია მოახდინა. ამ აგრესიას მოჰყვა მეორე მსოფლიო ომი, რომელშიც მარტო 350 000 ქართველი დაეცა - ქვეყანამ, რომლის ტერიტორიაზეც საომარი მოქმედებები არ ყოფილა, მეორე მსოფლიო ომში უზარმაზარი მსხვერპლი გაიღო. წელს 70 წელი შესრულდა მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან და ამ თარიღთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს: ქართველ ჯარისკაცებს არ აურჩევიათ ის დროშა, რომლის ქვეშაც ამ ომში იბრძოლეს, რადგან 1921 წელს ბოლშევიკურმა რუსეთმა დემოკრატიული საქართველოს ოკუპაცია მოახდინა, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, ქართველი ხალხი ამაყობს ფაშიზმის დასამარცხებლად გაღებული მსხვერპლით. ოღონდ საკითხავია, რა მიმართებაშია ეს სიამაყე ფაშიზმზე არანაკლები ბოროტებისადმი - საბჭოთა მემკვიდრეობისადმი -დამოკიდებულებასთან? და რისი სიმბოლოა გორში შემორჩენილი სტალინის ძეგლი?

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ პოლონეთში ფაშისტური გერმანიის შეჭრიდან სამოცდამეათე წლისთავთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: ”გასათვალისწინებელი გაკვეთილი, რაც ამ ტრაგიკულმა მოვლენებმა დაგვიტოვა, არის ის, რომ პატარა ქვეყნის ხარჯზე აგრესორი სახელმწიფოს მოთხოვნების დაკმაყოფილება მხოლოდ აძლიერებს მოძალადის მადას შემდგომი აგრესიისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოძალადის დაშოშმინება ხდება საერთაშორისოდ დადგენილი ნორმების და პრინციპების მის მიერ დარღვევებზე თვალის დახუჭვით. რუსეთის მთავრობის დღევანდელი ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ არაფრით განსხვავდება აგრესორი სახელმწიფოების მიერ ისტორიულად გადადგმული მსგავსი საბედისწერო ნაბიჯებისგან.

საერთაშორისო თანამეგობრობამ არასდროს აღარ უნდა დაუშვას მსოფლიოს გავლენის სფეროებად და მოლოტოვ-რიბენტროპის ხაზებად დაყოფის ხელახალი მცდელობები.”- ამ შინაარსის განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლება ტრაგიკულ ისტორიულ თარიღს, რუსეთის მთავრობის მეთაურმა კი განცხადება გააკეთა პოლონეთში - იქ, სადაც ბევრი მიიჩნევს, რომ პუტინს ბოდიში აქვს მოსახდელი საბჭოთა ხელმძღვანელობის მიერ პოლონეთში ჯარების შეყვანის გამო. ”ისტორია სპეციალისტებმა უნდა შეაფასონო”,- თქვა პუტინმა მას შემდეგ, რაც პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა სტალინური რუსეთის მიერ პოლონეთისთვის ზურგში დანის ჩაცემად შეაფასეს პოლონეთში ფაშისტური გერმანიის შეჭრიდან ორ კვირაში საბჭოთა არმიის შეჭრის ფაქტი. რუსეთი საბჭოთა მემკვიდრეობისთვის ბოდიშს, რა თქმა უნდა, არ იხდის. პირიქით, პუტინის რუსეთში სტალინის რუსეთი ენატრებათ.

”სტალინის გვერდით აღმოჩდნენ ისეთი მეთაურები, რომლებმაც სახელგანთქმული საფრანგეთი 44 დღეში დააჩოქეს და მთელი კონტინენტური ევროპა საკუთარ ინტერესებს დაუმორჩილეს”, - ამბობს რუსი კომუნისტი გენადი ზიუგანოვი.
”ისეთი, როგორიც სტალინია, ჩვენს ისტორიაში არ ყოფილა არც პეტრე პირველი. სტალინი სულ ხვაა” - ეს კი რუსეთის დუმის სპიკერის სერგეი მირონოვის შეფასებაა. მაგრამ ვინ იყო სტალინი საქართველოს ისტორიაში, იმ ქვეყნის ისტორიაში, რომლის ხელისუფლებამაც პოლონეთში ფაშისტური გერმანიის შეჭრის თარიღთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ შეახსენა მსოფლიოს, რომ პატარა ქვეყნის მიმართ დიდი ქვეყნის ძალადობაზე თვალის დახუჭვა მოძალადეს აძლიერებს? სტალინი იყო ქართული წარმოშობის ლიდერი ოკუპანტი ქვეყნისა და იპერიის, რომლის მარწუხებიდან გათავისუფლებისთვის ბრძოლას ქართველები 21-ე საუკუნეშიც ეწირებიან, საქართველოში კი, სტალინის მშობლიურ ქალაქ გორში, მაინც დგას დიდი ბელადის ძეგლი. ის გადაურჩა ”დიდი ბელადის” გამოსახულებათა წინააღმდეგ ხრუშჩოვის მიერ წამოწყებულ კამპანიას და, ლენინისა და ორჯონიკიძის ძეგლებისგან განსხვავებით, მისი შეხება ვერც 90-იან წლებში გაბედეს. ”მტერი არ გვაკლდა, საკმარისზე მეტი გვყავდა, რომ კიდევ აგვემხედრებინა ჩვენს წინააღმდეგ ხალხი, თორემ სტალინის თაყვანისმცემელი არც ზვიად გამსახურდია იყო და არც მე”, - ამბობს გიორგი ხოშტარია, რომელიც ზვიად გამსახურდიას მთავრობაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. მისივე სიტყვებით, სტალინის ძეგლის შენარჩუნება გორში 90-იანი წლების დასაწყისში იყო ანგარიშის გაწევა სტალინის თაყვანისმცემელი ხალხისთვის და არა სიმბოლოს შენარჩუნება. გიორგი ხოშტარაი ფიქრობს, რომ ასეა დღესაც.

სტალინის ძეგლი მის მშობლიურ ქალაქში შარშანდელ ომსაც გადაურჩა, რუსების მიერ გორის დაბომბვასაც და დღეს საზოგადოების ერთი ნაწილი გორშივე, მუზეუმის ტერიტორიაზე, მის გადატანას ითხოვს:

”სტალინის პოლიტიკურმა შთამომავლებმა, პუტინმა და მედვედევმა, დაიწყეს საქართველოს ოკუპაცია, შემოვიდნენ გორში. აქედან დაგვებადა იდეა, რომ სტალინი არ იმსახურებს აქ დგომას, სტალინი უნდა იყოს ისტორიაში, სტალინი უნდა იყოს მუზეუმში.”

აქციები, ძეგლის მუზეუმის ტერიტორიაზე გადატანის მოთხოვნით, გორში ახალგაზრდებმა ჩაატარეს. მათ აქციებს გულშემატკივრები ჰყავს უფროს თაობაშიც, მაგრამ არსებობს საზოგადოების სხვა ნაწილი, რომელიც გორში სტალინის ძეგლის შენარჩუნების მომხრეა. ეს არის უფროსი თაობა, რომლისთვისაც ძეგლი, ალბათ, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლოა ანდა ძლევამოსილი დიდი ბელადის ქართული წარმომავლობით რაღაც სიამაყისა. საზოგადოების ერთი ნაწილის მოთხოვნას, აღარ იდგეს გორის ცენტრალურ მოედანზე ტირანის ძეგლი, მით უფრო მაშინ, როცა გორთან ძალიან ახლოს სტალინიზმის პოლიტიკური სამშობლოს საოკუპაციო ჯარი დგას, კრიტიკოსები ქართული საზოგადოების ლიბერალურ ფრთაშიც გამოუჩდნენ იმ არგუმენტით, რომ სტალინის ძეგლის ”ჩამოკვარცხლბეკების” შესახებ დისკუსია არ ემსახურება სტალინიზმისა და ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ გულწრფელ ბრძოლას და მას უფრო საკუთარი მტკივნეული ისტორიის მიფუჩეჩებისა და სხვისთვის გადაბრალების სუნი უდის.

ფილოსოფოსი გია ნოდია ფიქრობს, რომ ეს დისკუსია, ეს გაორება საზოგადოებაში, რასაც ახლავს გაორება და ჩამოუყალიბებლობა ხელისუფლებაშიც, ნიშანია იმის, რომ ქართულმა საზოგადოებამ დღემდე ვერ გააცნობიერა რისთვის ისწრაფვის დასავლეთისაკენ: დასავლური ღირებულებებისა და პასუხისმგებლობის ბოლომდე გასათავისებლად, თუ მხოლოდ იმის გამო, რომ სტალინის მემკვიდრე რუსეთი ცუდია, საშიშია და დასავლეთს შეუძლია მისგან საქართველოს დაცვა. ეს გაორება იმის ნიშანიცაა, რომ საქართველომ, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ვერ მოიცალა სათანადოდ შეეფასებინა საბჭოთა წარსული, რაც გააკეთეს თავის დროზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში: ” ჩემი აზრით, ამის გამოა, რომ ეს ძეგლი კიდევ დგას და რომ ამ თემასთან დაბრუნებამ ბევრ ადამიანში დაბნეულობა გამოიწვია. ბევრ ადამიანში ვგულისხმობ ხელისუფლებასაც და ცალკეულ დამოუკიდებელ ინტელექტუალებსაც.”
XS
SM
MD
LG