Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოზე იმსჯელებენ


ნიუ იორკი: გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომა
ნიუ იორკი: გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომა
რამდენიმე დღეში - კერძოდ, 9 სექტემბერს - გაეროს ასამბლეის 63-ე სხდომაზე განიხილება საქართველოს მხარის მიერ მომზადებული პროექტი საქართველოში დევნილების საკუთარ მიწა-წყალზე უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესახებ.
რეზოლუციის ტექსტი შეთანხმებულია საქართველოს პარტნიორებთან გაეროში და უკვე დაზუსტებულია - მასში ცვლილებები აღარ შევა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, სერგი კაპანაძის, განმარტებით, ის შეიცავს მოთხოვნას და მოწოდებას შემუშავდეს იძულებით გადაადგილებულ პირთა უკან უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების ვადები (ლაპარაკია არა მარტო აფხაზეთიდან, არამედ ცხინვალის რეგიონიდან ეთნიკური ნიშნით დევნილებზე). ამასთანავე, რეზოლუციის პროექტის ტექსტში მკაფიოდაა ნათქვამი, -უთხრა სერგი კაპანაძემ რადიო თავისუფლებას, - რომ როგორც აფხაზეთი, ისე ცხინვალის რეგიონი საქართველოა.

რეზოლუციის პროექტის განხილვა და კენჭისყრაც 9 სექტემბერს უნდა მოხდეს. მისი ტექსტი მოუწოდებს გაეროს გენერალურ მდივანს ასამბლეის 64-ე სესიაზე ყოვლისმომცველი ანგარიში წარმოადგინოს ამ რეზოლუციის განხორციელებასთან დაკავშირებით. საქართველოს მხარის მიერ შემუშავებულ და გაეროში საქართველოს პარტნიორებთან შეთანხმებულ ტექსტში ლაპარაკია იმაზე, რომ აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა შინ (როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში) ნებაყოფლობით, უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნება და რომ საჭიროა დადგინდეს დევნილთა დაბრუნების ვადები, იმისათვის რომ ეს პროცესის მკვდარი წერტილიდან დაიძრას.

მსგავსი რეზოლუცია გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2008 წლის მაისში მიიღო, მაგრამ ის მხოლოდ აფხაზეთიდან დევნილებს ეხებოდა. საგულისხმოა, რომ 2008 წლის მაისის გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაში პირველად იქნა გამოყენებული ტერმინი ”ეთნიკური წმენდა”, რითაც გაერომ, როგორც იქნა, აღიარა აფხაზეთიდან ქართველების ეთნიკური ნიშნით გამოდევნის ფაქტი. ამასთან, შარშანდელ რეზოლუციაში ხაზი გაესვა ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა საკუთრების უფლებების დაცვის მნიშვნელობას.გენერალურმა ასამბლეამ მოუწოდა ყველა წევრ სახელმწიფოს არ დაეშვათ მათი რეზიდენტების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე ქონების შეძენა დევნილთა უფლებების დარღვევის გზით. მოკლედ, 2008 წლის მაისში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაადასტურა, რომ აუცილებელი იყო სწრაფად შემუშავებულიყო დევნილთა აფხაზეთში დაბრუნების გრაფიკი. მან საკუთარი რეზოლუციით მოუწოდა გაეროს გენერალურ მდივანს ეს გრაფიკი ასამბლეის 63-ე სესიამდე წარმოედგინა,ხოლო თვით სესიაზე წარმოედგინა რეზოლუციის განხორციელების დეტალური ანგარიში.
2008 წლის მაისის რეზოლუცია მიღებული იქნა 14 ხმით 11-ის წინააღმდეგ. 105-მა ქვეყანამ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა - მათ შორის, საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ... საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის სერგი კაპანაძის აზრით, თავშეკავება იმითაც იყო განპირობებული, რომ გაეროს წევრები ცდილობენ გენერალური ასამბლეა არ დატვირთონ იმ საკითხებით, რომელთა განხილვითაც გაეროს უშიშროების საბჭოა დაკავებული. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ვეტო დაადო უშიშროების საბჭოს რეზოლუციას და ჩაშალა საქართველოში (აფხაზეთში) გაეროს სადამკვირვებლო მისიის ყოფნა, ვითარება შეიცვალა. ამ ვეტოს შემდეგ საქართველოს საკითხებით დატვირთვამ უშიშროების საბჭოდან გენერალურ ასამბლეაზე გადაინაცვლა.

” რუსეთი იქნება წინააღმდეგი. ეს ვიცით. გენერალურ ასამბლეაზე გვჭირდება უფრო მეტი მომხრე, ვიდრე წინააღმდეგი, და დარწმუნებული ვარ, იქნება უფრო მეტი მომხრე, ვიდრე წინააღმდეგი. შარშან, მთელი რიგი მიზეზების გამო, ხმების რაოდენობა არ იყო ისეთი მაღალი, მაგრამ მაშინ უშიშროების საბჭო დაკავებული იყო საქართველოს პრობლემატიკით და ეს იყო ერთგვარი გამართლება”, - განმარტავს სერგი კაპანაძე.

ხმების რაოდენობა არ იყო მაინცდამაინც მაღალი, მაგრამ რეზოლუცია მიიღეს, რაც თავის დროზე საქართველოს დიპლომატიის სერიოზულ წარმატებად იქნა მიჩნეული. თუმცა რეზოლუციას არ მოჰყოლია შესაბამისი ქმედებები. რეზოლუციის მოწოდების მიუხედავად, გაეროში არ შემუშავებულა დევნილთა დაბრუნების დაზუსტებული გრაფიკი. ის კია, რომ გენერალურმა მდივანმა 63-ე ასამბლეისთვის დაწერა მოხსენება საქართველოში აფხაზეთიდან დევნილთა მდგომარეობის შესახებ და თქვა, რომ დევნილები დასაბრუნებლები არიან და მათი ამ უფლების განსახორციელებლად კონფლიქტის მხარეებს კონკრეტული ღონისძიებების გატარება, საერთაშორისო ორგანიზაციებს კი ამ ღონისძიებების მეთვალყურეობა მართებთ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გენერალური მდივნის მოხსენებაზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. მთავარი ახალი რეზოლუციის გატანაა. რუსეთი უწინდებურად წინააღმდეგია. საქართველოს მხარის მიერ მომზადებულ პროექტს მოსკოვში კონტრპროდუქტიული უწოდეს იმ არგუმენტით, რომ ის არ ასახავს, როგორც კრემლში იმეორებენ და იმეორებენ, აგვისტოს ომის შემდგომ რეალობას.

თბილისში იმედოვნებენ, რომ რუსეთი ვერ შეძლებს რეზოლუციის ჩაგდებას.მიღების შემდეგ მისი მოწოდებების შესრულება ისევ მხარეთა ნებაზე იქნება დამოკიდებული, თუმცა პოლიტიკურად და სამართლებრივად რეზოლუციის მიღება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. მიღების შემთხვევაში, ის მოუწოდებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მონაწილეებს იმსჯელონ და მიაღწიონ შეთანხმებას დევნილთა ღირსეულ და უსაფრთხო დაბრუნებაზე როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში.
XS
SM
MD
LG