Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

დიალოგი ხალხთან - თვითმმართველობის აქტივი


საკრებულოს შენობა, ქუთაისი
საკრებულოს შენობა, ქუთაისი
ქუთაისის საკრებულოს საქმიანობას საკრებულოს უმრავლესობის წევრები დადებითად აფასებენ. ნაციონალი კახა ნემსიწვერიძე თვითმმართველობას ხალხთან დიალოგის გამო აქებს და ამბობს, რომ ბიუჯეტი ამომრჩევლის ინტერესების გათვალისწინებით დაამტკიცეს.

საკრებულოს უმცირესობა ხალხთან დიალოგს ნაციონალების მორიგ პიარაქციად მიიჩნევს. რესპუბლიკელი ვლადიმერ ნაკაშიძე ამბობს, რომ ბიუჯეტში მოსახლეობის ინტერესები ნაკლებადაა ასახული. მისი თქმით, ქუთაისის საკრებულო დამოუკიდებელ ორგანოდ ვერ ჩამოყალიბდა - ის გადაწყვეტილებებს „ზემოდან“ მითითებებით იღებს.

ქუთაისის საკრებულო 15 წევრისგან შედგება. აქედან ორი რესპუბლიკურ, ერთი კი ლეიბორისტულ პარტიას წარმოადგენს. ისინი კენჭისყრის შედეგებზე გავლენას ვერ ახდენენ, მაგრამ აქტიურობით გარკვეული საკითხების გადაწყვეტას აღწევენ.

ვლადიმერ ნაკაშიძის თქმით, მან მწვავე გამოსვლებით მიაღწია იმას, რომ ადგილობრივ მთავრობაში პრემიები ყოველ თვეში აღარ რიგდება. რაც შეეხება ამომრჩევლებს, მათი ნაწილი საკრებულოს კრიტიკულად აფასებს. ისინი თვითმმართველი ორგანოს 3 წლის მოღვაწეობიდან ვერც ერთ გადაწყვეტილებას ვერ იხსენებენ, თუ არ ჩავთვლით ორჯერ ქუთაისის მერის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს. ორივე შემთხვევაში საკრებულომ ქალაქის პირველი პირები პრეზიდენტის კრიტიკის შემდეგ გაათავისუფლა, რასაც რადიო თავისუფლების რესპონდენტები საკრებულოზე ცენტრალური ხელისუფლების გავლენით ხსნიან.

ქუთაისში 160 ათასამდე ამომრჩეველია რეგისტრირებული. აქედან გამომდინარე, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილება ქუთაისის საკრებულოსაც ეხება, კერძოდ, ახალ თვითმმართველ ორგანოში წევრთა რაოდენობა 15-დან 25-მდე იზრდება.

ქუთაისელი ამომრჩევლები მიიჩნევენ, რომ 15 დეპუტატი ქალაქისთვის საკმარისია. ისინი საკრებულოს ქმედით ორგანოდ გარდაქმნის აუცილებლობას უფრო ხედავენ და ამისთვის სხვა ტიპის ცვლილებებს მიიჩნევენ მიზანშეწონილად.
XS
SM
MD
LG