Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

რაჭა სტიქიამ წელს რამდენჯერმე დააზარალა


ძლიერი წვიმების შედეგად, ონის შესასვლელში მეწყერი მეორედ ჩამოწვა და გზა ჩაკეტა, რის გამოც ცენტრს ორმოცდაათამდე სოფელი მოსწყდა. მთის გრუნტი მიწისძვრამ დააზიანა, ამიტომ წვიმის დროს ის იშლება.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის დავით გაგოშიძის თქმით, საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია, თუმცა გზის გაწმენდა გრძელდება. ონის შესასვლელში სპეციალური ტექნიკა ისევ მუშაობს.

ონის გამგებლის ამირან სხიერელის თქმით, მეწყერმა რამდენიმე სოფლის გზაც დააზიანა. მისი თქმით, ზარალმა თხუთმეტი ათასი ლარი შეადგინა. ამ თანხაში არ შედის ცენტრალური გზების დაზიანებით გამოწვეული ზარალი.

ორი დღის წინ რაჭაში მიწისძვრა განმეორდა. ეპიცენტრი ონიდან 18 კმ-ის დაშორებით, სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე დაახლოებით ხუთი ბალი იყო. მიწისქვეშა ბიძგებს მსხერპლი და შენობების დანგრევა არ გამოუწვევია. მიუხედავად ამისა, განმეორებითი ბიძგების გამო მოსახლეობა შეშინებულია.

ძლიერი მიწისძვრა ონში გასული წლის სექტემბერში მოხდა. რვა თვის წინ, სტიქიის შედეგად, ათობით ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. მათი დაბინავება ამ დრომდე არ დასრულებულა.
XS
SM
MD
LG