Accessibility links

ავტორი: ირინა გურული

მარტის ბოლოდან საქართველოს მოქალაქეებს ევროზონის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობა შეეძლებათ. ამ მოცემულობის ფონზე ძალიან აქტუალური ხდება კითხვა, თუ რამდენად იაფი და ხელმისაწვდომი იქნება ავიაბილეთები.

ქართული მედიისთვის საინტერესო აღმოჩნდა უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უმსხვილესი ევროპული დაბალფასიანი ავიაკომპანია Ryanair-ის ახალი გეგმების შესახებ. ამ ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 15 მარტიდან, შესაძლოა, უკრაინაში დაიწყოს ოპერირება Ryanair-მა, რომელიც ფრენებს ლვოვსა და კიევში განახორციელებს. რამდენიმე დღის წინ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვლადიმირ ომელიანმა განაცხადა, რომ ლვოვიდან ევროპული ქალაქების მიმართულებით დაბალფასიანი ავიაკომპანია დაიწყებს ფრენებს. ომელიანს არ დაუზუსტებია, თუ რომელ კომპანიას გულისხმობდა, თუმცა აღნიშნა, რომ მთავრობასა და კომპანიას შორის აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ის შემოსვლა საქართველოშიც განიხილებოდა. ერთი წლის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი Ryanair-ის კომერციულ დირექტორს, დეივიდ ობრაიანს, შეხვდა.

მოგვიანებით, როგორც myrest–ს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს, ირლანდიურ ავიაკომპანიასთან აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებენ და მისი დასრულებისთანავე გავრცელდება ინფორმაცია, შემოვა თუ არა Ryanair-ი ქართულ ავიაბაზარზე.

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი დაარსდა 1984 წელს და 1985 წლიდან ოპერირებს. ამჟამად ავიაკომპანიის ავიაპარკი დაკომპლექტებულია ბოინგ 737-700 და ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით. ავიაკომპანიამ გასულ წელს 90 მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა. 2015 წლის მონაცემებით, ავიაკომპანიას აქვს 72 ბაზა და ოპერირებს ავიარეისებს 191 აეროპორტში.

საქართველოში, მოგეხსენებათ, ამ ეტაპისთვის ოპერირებს ავიაკომპანია „ვიზეარი“, რომელიც ქუთაისიდან დაფრინავს და საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპასთან წვდომას მნიშვნელოვნად აიაფებს.

ავიაკომპანია "ვიზეარმა“ მიმდინარე წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კიდევ ერთი ახალი მიმართულება დაამატა. ქუთაისი-ლონდონი (ლუტონი) ავიარეისები 18 ივნისიდან, კვირაში ორი სიხშირით, ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესმა ბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ გასულ წელს ქუთაისის აეროპორტში 25-ე ბაზა გახსნა და ევროპის 7 ახალი მიმართულება დაამატა. ამჟამად კი "ვიზეარი" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის 12 ქალაქში გვთავაზობს დაბალბიუჯეტიან პირდაპირ ავიარეისებს.

ცხადია, ახალი რეალობა ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ეკონომიკური ლოგიკა მოვლენათა ორი მიმართულებით განვითარებას გვამცნობს. პირველი, მოთხოვნის გაზრდის გამო, ბილეთის ფასების გაზრდის პერსპექტივას სახავს, მეორე კი, მოთხოვნის გაზრდის გამო, - ავიაკომპანიებისა და მიმართულებების გაზრდისას. იმედია, მოვლენები სწორედ მეორე მიმართულებით განვითარდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG