Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ექსპერტი: აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოება „ყველაზე უარეს“ სიტუაციაშია ბოლო 25 წლის განმავლობაში


ადამიანის უფლებების გაეროს ექსპერტის თანახმად, აზერბაიჯანში სამოქალაქო საზოგადოება „პარალიზებულია“ მთავრობის მიერ და ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ის „ყველაზე უარეს“ მდგომარეობაშია, რაც კი შექმნილა ქვეყნის დამოუკიდებლობის შემდეგ, 1991 წლიდან.

მიშელ ფორსტმა, გაეროს საგანგებო მომხსენებელმა ადამიანის უფლებების დამცველთა საკითხებზე, 22 სექტემბერს განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მთავრობა მასშტაბურ ზეწოლას ახორციელებს მის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებსა და უფლებადამცველებზე და პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას.

„ამგვარი ინტენსიური ზეწოლის შედეგად სამოქალაქო საზოგადოება პარალიზებულია“,- აცხადებს ფორსტი განცხადებაში, რომლითაც დაასრულა ცხრადღიანი ვიზიტი ნავთობით მდიდარ აზერბაიჯანში. „ადამიანის უფლებების დამცველებს საჯარო მოხელეები ბრალს სდებენ, რომ ისინი წარმოადგენენ დასავლეთის მთავრობების მეხუთე კოლონას ან უცხოეთის აგენტებს, ხოლო ამის შედეგად მოსახლეობა არასწორად აღიქვამს იმ ნამდვილად ღირებულ როლს, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება ასრულებს“, - დასძენს ფორსტი.

დასავლეთის ქვეყნების მთავრობათა წარმომადგენლები და უფლებადამცველები ბოლო წლებში აკრიტიკებენ პრეზიდენტ ალიევის მთავრობის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ ზეწოლას ხელისუფლების კრიტიკოსებზე და, მათ შორის, ჟურნალისტებისა და უფლებადამცველი აქტივისტების დაპატიმრების ფაქტებს. ეს ჟურნალისტები და უფლებადამცველი აქტივისტები აცხადებენ, რომ მათი დევნის მიზეზი ხელისუფლების კრიტიკა გახდა.

პატიმრობა შეეხო, მაგალითად, რადიო თავისუფლების ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვას, რომელმაც 17 თვე გაატარა ციხეში, სანამ მაისში გამოუშვებდნენ. ფართოდ გავრცელებული აზრით, ხადიჯა ისმაილოვას დაპატიმრება უკავშირდებოდა მისი, როგორც გამომძიებელი ჟურნალისტის, საქმიანობას და ალიევის ოჯახის საიდუმლო სიმდიდრის გაშუქებას.

გაეროს ექსპერტის შეფასება უარყო საჯარო და პოლიტიკურ საქმეებში ალიევის თანაშემწემ ალი ჰასანოვმა. მან მედიას განუცხადა, ფორსტის შეფასება „მიკერძოებულია“ და არ ითვალისწინებს „აზერბაიჯანის მთავრობის პოზიციებსო“.

ფორსტის ანგარიშის გამოქვეყნება რამდენიმე დღით უსწრებს აზერბაიჯანში 26 სექტემბერს დანიშნულ რეფერენდუმს საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე, რითიც, მთავრობის კრიტიკოსების აზრით, კიდევ უფრო განმტკიცდება ალიევის ძალაუფლება. ალიევი ხელისუფლებას 2003 წლიდან მეთაურობს - მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის პოსტი თავისი მამისგან, ჰეიდარისგან, გადაიბარა.

ევროსაბჭოს ექსპერტებმა 20 სექტემბერს განაცხადეს, დაგეგმილი ცვლილებები მნიშვნელოვნად დაარღვევს ძალაუფლების გადანაწილების პრინციპს და პრეზიდენტის ხელში კონტროლის „უპრეცედენტო“ მასშტაბის ბერკეტებს მოაქცევსო.

ალიევის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ამ შეფასებას უწოდა „ნაჩქარევი“ და „პოლიტიკურად მოტივირებული“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG