Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში საინფორმაციო სააგენტო “ტურანის“ ოფისს საგადასახადო ინსპექტორებმა მიაკითხეს


“ტურანი“
“ტურანი“

ბაქოში საგადასახადო უწყების ინსპექტორებმა რეიდი განახორციელეს აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო “ტურანის” ოფისში და კონფისკაცია უყვეს ფინანსურ დოკუმენტაციას.

მათ შეამოწმეს, ასევე, ამ დამოუკიდებელი სააგენტოს თანამშრომლების პირადი ნივთები.

შემოწმების პროცესის გადაღების უფლება არავის მისცეს.

გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებით “ტურანის” წინააღმდეგ გამოძიება 7 აგვისტოს დაიწყო. სააგენტოს ედავებიან 21000-მდე დოლარის ეკვივალენტურ თანხას, რომელიც მან, ბრალდების თანახმად, 2014-2016 წლებში დამალა.

“ტურანის” თანამშრომლები ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ის პოლიტიკურადაა მოტივირებული.

როგორც სააგენტოს დირექტორმა, მეჰმან ალიევმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, სასამართლოს ორდერი, რომელიც ინსპექტორებმა მას წარუდგინეს, ჩხრეკის ჩატარების უფლებას არ ითვალისწინებდა, თუმცა ჩხრეკა მაინც ჩატარდა.

მისი თქმით, ინსპექტორებმა დეტალურად შეამოწმეს ჟურნალისტების პირადი კომპიუტერები და შეისწავლეს მაგიდებზე დაწყობილი ქაღალდები.

ალიევი ამბობს, რომ ცოტა ხნის წინ საგადასახადო უწყებამ “ტურანს” მოსთხოვა ყველა დოკუმენტის ასლის მიწოდება, რაზეც სააგენტო დათანხმდა და ამჟამად ასლების გაკეთების პროცესში იყო. ალიევის თქმით, ასლები საგადასახადოსთვის 17 აგვისტოს უნდა მიეწოდებინათ.

ალიევმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი სააგენტო დროულად იხდიდა ყველა გადასახადს და ფინანსური დოკუმენტაცია ამას მკაფიოდ ადასტურებს.

სააგენტო “ტურანი” 1990 წელს შეიქმნა. ის აზერბაიჯანულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე მუშაობს და თანამშრომლობს წამყვან საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოებთან.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები და დასავლეთის მთავრობები ბაქოს აკრიტიკებენ სისტემატური ზეწოლის გამო დამოუკიდებელ მედიაზე, ჟურნალისტებზე, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და აქტივისტებზე.

პრეზიდენტი ილჰამ ალიევი კრიტიკას არ ეთანხმება.

11 აგვისტოს ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ დაგმო აზერბაიჯანის მთავრობის მხრიდან გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდების გამოყენება „ტურანზე“ ზეწოლის მოსახდენად. ორგანიზაციის შეფასებით, „ტურანი“ წარმოადგენს „უკანასკნელ დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციას, რომელიც ქვეყნის შიგნით განაგრძობს მუშაობას“.

2017 წლის ანგარიშში, რომელიც ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ შეადგინა და რომელიც მსოფლიოში მედიის თავისუფლების ხარისხს ასახავს, აზერბაიჯანი 180 ქვეყნიდან 162-ე ადგილზე იყო (შედარებისთვის: საქართველო 64-ე ადგილს იკავებს, რუსეთი - 148-ეს. სიის სათავეშია ნორვეგია, უკანასკნელ ადგილზე, ყველაზე უარესი მაჩვენებლით, - ჩრდილოეთ კორეა).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG