Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში ოპოზიციონერები და ჟურნალისტები დააკავეს


ბელორუსიაში პოლიციამ დააკავა ოპოზიციონერი აქტივისტები და, სულ ცოტა, სამი ჟურნალისტი, მათ შორის რადიო თავისუფლების ბელორუსული სამსახურის კორესპონდენტი, როცა იმართებოდა მორიგი აქცია „მუქთახორობის გადასახადის“ გასაპროტესტებლად. ასეთი გადასახადი 2015 წლიდან არსებობს ბელორუსიაში, რადგან პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს საჭიროდ მიაჩნია „სოციალურ პარაზიტობასთან“ ბრძოლა. შედეგია ის, რომ ადამიანი, პრაქტიკულად, უმუშევრობის გამო ჯარიმდება.

აღმოსავლეთ ბელორუსიის ქალაქ ვორშაში 12 მარტს ასობით ადამიანი იყო შეკრებილი ანტისამთავრობო ლოზუნგებით, როცა სამართალდამცველები აქტივისტებისა და ჟურნალისტების დაკავებას შეუდგნენ. დაკავებულებს შორის არიან ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, პაველ სევიანრინეცი, და ჩვენი კოლეგა, რადიო თავისუფლების ბელორუსული სამსახურის კორესპონდენტი გალინა აბაკუნჩიკი.

აქციები გაიმართა კიდევ ორ ქალაქში. დემონსტრანტები აკრიტიკებდნენ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს, რომელიც 2015 წელს შემოღებულ გადასახადს „სოციალურ პარაზიტობასთან“ ბრძოლის აუცილებლობით ამართლებს. პარაზიტობასთან ბრძოლა კი იმაში გამოიხატება, რომ ბელორუსიაში 200 დოლარი უნდა გადაიხადოს პირმა, რომელიც წელიწადში ექვს თვეზე ნაკლებს მუშაობს და არ გაივლის რეგისტრაციას შესაბამის უწყებებში.

„ხალხს ლუკმა პური აღარა აქვს, ყველაფერზე ფულს ზოგავს. ის კიდევ სულ ამბობს, ჩვენ ყველაზე, ყველაზე მაგრები ვართო. არაფერიც! არავინაც არ ხარ, არავინ! თვითმარქვია, უზურპატორი ... და საერთოდ“, - უთხრა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს ქალაქ ბაბრუისკში გამართული საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. მას ლუკაშენკო არ დაუსახელებია, მაგრამ, ცხადია, ის იგულისხმა, როცა „უზურპატორს“ ახსენებდა.

პრეზიდენტისათვის კრიტიკა არც სხვა დემონსტრანტებს დაუკლიათ: „შიზოფრენიკი როცა არის პრეზიდენტი, საქმე მაინც არ გამოვა“, „უკრაინაში უფრო იოლია ცხოვრება, ვიდრე აქ, ომი არ არის და მაინც“...

მუქთახორობის გადასახადის ძალაში შესვლის შემდეგ ბელორუსიას საპროტესტო აქციების ტალღა მოედო - ყველაზე მძაფრი და მასშტაბური კრიტიკა ლუკაშენკოს მისამართით, ხელისუფლების სათავეში მისი ყოფნის უკვე ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში. საყურადღებოა, რომ გამოსვლებს არც მას შემდეგ მოეღო ბოლო, რაც პრეზიდენტმა გამოაცხადა, სადავო გადასახადზე კანონის მოქმედებას დროებით შევაჩერებთ კანონის დასახვეწადო.

ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელსაც „ევროპის უკანასკნელ დიქტატორად“ მოიხსენიებენ ხოლმე, 1994 წლიდან მართავს 10-მილიონიან ბელორუსიას, დევნის პოლიტიკურ ოპონენტებს, აქტივისტებს, დამოუკიდებელ მედიას. ეკონომიკა ცენტრალიზებულია და სახელმწიფოს მიერ კონტროლდება. საპროტესტო გამოსვლები წარსულშიც გამართულა - ჩვეულებრივ, არჩევნების და მათი შედეგების გასაპროტესტებლად, თუმცა აქამდე გამოსვლები, როგორც წესი, დიდი ქალაქებით, უმეტესწილად, მინსკით შემოიფარგლებოდა.

მიმომხილველების აზრით, ის გარემოება, რომ მუქთახორობის გადასახადს ბევრგან, მომცრო დასახლებებშიც აპროტესტებენ, შესაძლოა უფრო მასშტაბურ უკმაყოფილებასა და, შესაბამისად, ლუკაშენკოს რეჟიმისათვის უფრო მასშტაბურ პრობლემაზე მიანიშნებდეს.

„ლუკაშენკო, წადი“, - მოითხოვდნენ კვირას ბაბრუისკში შეკრებილი დემონსტრანტები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG