Accessibility links

ბიშკეკის აეროპორტთან მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად 40-მდე ადამიანი დაიღუპა


სულ მცირე, 37 ადამიანი დაიღუპა ბიშკეკის აეროპორტთან მდებარე დასახლებაში სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად. თურქული კომპანიის, ACT Airlines-ის სატვირთო „ბოინგი“ აეროპორტში დაშვებისას ჩამოვარდა ასაფრენი ზოლიდან კილომეტრნახევარში მდებარე სააგარაკე დასახლებაში. ყირგიზეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ინფორმაციით, საავადმყოფოში მოათავსეს 8 დაშავებული, მათ შორის 6 ბავშვი. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, მთლიანად ან ნაწილობრივ დაინგრა 30-ზე მეტი სახლი. სატვირთო თვითმფრინავი ჰონკონგი-ბიშკეკი-სტამბოლის რეისს ასრულებდა. მასში იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, რომელთაგან სამი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ყირგიზეთის ტრანსპორტის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა საჰაერო ტრანსპორტის მიმოსვლის წესების დარღვევის მუხლით. წინასწარი ვერსიით, კატასტროფა ძლიერმა ნისლმა გამოიწვია. ყირგიზეთის პრეზიდენტმა, ალმაზბეკ ატამბაევმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG