Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრძოლა ქსელის ნეიტრალურობისთვის - 3 რამ, რაც უნდა ვიცოდეთ


14 დეკემბერს ამერიკის კომუნიკაციების ფედერალური კომისია (FCC) კენჭს უყრის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელმაც შესაძლოა გააუქმოს 2015 წელს მიღებული რეგულაცია ე.წ. „ქსელის ნეიტრალურობასთან“ დაკავშირებით. ქსელის ნეიტრალურობის პრინციპი ნიშნავს, რომ ინტერნეტის მომწოდებლებს არ აქვთ უფლება განასხვავონ ინტერნეტით გავრცელებული მონაცემები - მაგალითად, უფრო სწრაფად მიაწოდონ მომხმარებელს საკუთარი საიტი, შეაფერხონ კონკურენტის საიტზე წვდომა ან დამატებითი გადასახადი დააწესონ კონკრეტული ინტერნეტსერვისებით სარგებლობისათვის.

ეს გადაწყვეტილება, ერთი შეხედვით, მხოლოდ აშშ-ის კანონმდებლობას შეეხება, თუმცა მას რეზონანსი მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც ექნება. ჯერ ერთი, ის პირდაპირ მოახდენს ზეგავლენას ინტერნეტის ყველა ამერიკულ რესურსზე, რომლებსაც მთელ მსოფლიოში მოიხმარენ (მათ შორისაა Google, Facebook, Netflix…). მეორე - დისკუსია ღია ინტერნეტთან დაკავშირებით მთელ მსოფლიოში მიდის და ამერიკის გადაწყვეტილება ხშირად სხვა ქვეყნებისთვის სამაგალითო აღმოჩნდება ხოლმე.

ამერიკული ინტერნეტის მიმწოდებლები ქსელის ნეიტრალურობის გაუქმების მომხრენი არიან, ღია ინტერნეტის დასაცავად კი იბრძვის ამერიკული ვებსაიტების დიდი ნაწილი, მათ შორის - Google („გუგლს“ ეკუთვნის ასევე Youtube, Gmail, Google Maps)...

აი, ამ დისკუსიის 3 მნიშვნელოვანი ასპექტი:

  1. ინტერნეტი - ტელეკომუნიკაციისა თუ ინფორმაციის სერვისი?

ეს უმნიშვნელოვანესი განსხვავებაა, რომელზე პასუხიც პირდაპირ აისახება მომხმარებელზე. აქამდე არსებული რეგულაციებით, ინტერნეტი ტელეკომუნიკაციის სერვისად, საჯარო სარგებლად მოიაზრება. შესაბამისად, ინტერნეტის მიმწოდებლები ვალდებულნი არიან ყველა საიტი მომხმარებლებს ერთნაირად მიაწოდონ, ისევე როგორც ფოსტას არა აქვს უფლება ზოგი წერილი მიიტანოს ადრესატამდე, ზოგი კი დაბლოკოს. თუ ინტერნეტი ინფორმაციის სერვისად მოიაზრება, მაშინ პროვაიდერებს შეეძლებათ ინტერნეტი თავისი შეხედულებისამებრ დაყონ, ისევე როგორც საკაბელო ტელევიზიის მაუწყებელს შეუძლია სურვილისამებრ გათიშოს ან დაამატოს რომელიმე არხი, ან დამატებითი გადასახადი დააწესოს, მაგალითად, სპორტის პაკეტისთვის.

ამერიკული ინტერნეტის მიმწოდებლები ქსელის ნეიტრალურობის გაუქმების მომხრენი არიან, ღია ინტერნეტის დასაცავად კი იბრძვის ამერიკული ვებსაიტების დიდი ნაწილი, მათ შორის - Google („გუგლს“ ეკუთვნის ასევე Youtube, Gmail, Google Maps), Amazon და Facebook („ფეისბუკს“ ეკუთვნის Instagram და WhatsApp).

  1. გადაწყვეტილებას სულ რამდენიმე ადამიანი იღებს

FCC-ს სათავეში 5 ადამიანი უდგას, საიდანაც ორი ყოველთვის რესპუბლიკელია, ორი - დემოკრატი, ერთი კი - პრეზიდენტის სურვილის მიხედვით. პრეზიდენტმა ტრამპმა კომისიის თავმჯდომარედ დანიშნა აჯიტ პაი - კონსერვატორი პოლიტიკოსი, რომელიც თავიდანვე ამბობდა, რომ ეწინააღმდეგება ქსელის ნეიტრალურობის პრინციპს. შესაბამისად, ამერიკის კანონმდებლობის თანახმად, სამ დანიშნულ მოხელეს შეუძლია მთლიანად შეცვალოს ამერიკის ინტერნეტის სახე.

ღია ინტერნეტის ამერიკელი დამცველები ხშირად იშველიებენ ხოლმე ესპანეთისა და პორტუგლიის მაგალითებს, სადაც მობილური ინტერნეტის კომპანიები დამატებით გადასახადს აწესებენ, რათა მომხმარებლებმა კონკრეტული სერვისების მოხმარება ინტერნეტპაკეტის მონაცემების დახარჯვის გარეშე შეძლონ...

იმაზე, რომ ღია ინტერნეტის გაუქმების შემთხვევაში ონლაინსივრცე პრინციპულად შეიცვლება, თანხმდება ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის თემაზე მომუშავე თითქმის ყველა გამოცემა. რეგულაციების გაუქმების შემდეგ ინტერნეტის მომწოდებელს არაფერი შეუშლის ხელს, რომ, მაგალითად, Youtube-ს დამატებითი გადასახადი მოსთხოვოს, რათა საიტი მაღალი სიჩქარით მიეწოდოს მომხმარებელს, ან იმეილის საკუთარ სერვისს მაღალი სიჩქარე გამოუყოს, კონკურენტისა კი შეაფერხოს. აჯიტ პაი და ქსელის ნეიტრალურობის სხვა ოპონენტები ამბობენ, რომ ეს ხელს შეუწყობს კონკურენციის განვითარებას და მეტ არჩევანს შესთავაზებს მომხმარებელს, თუმცა მათი მოწინააღმდეგეები აღნიშნავენ, რომ ამერიკის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ინტერნეტის პროვაიდერების დიდი არჩევანი არა აქვს - უმეტეს ადგილებში მიმწოდებელი ერთია და უკმაყოფილო მომხმარებელს კონკურენტთან წასვლის შესაძლებლობა არა აქვს.

  1. გადაწყვეტილება მხოლოდ ამერიკას არ შეცვლის

ღია ინტერნეტის ამერიკელი დამცველები ხშირად იშველიებენ ხოლმე ესპანეთისა და პორტუგლიის მაგალითებს, სადაც მობილური ინტერნეტის კომპანიები დამატებით გადასახადს აწესებენ, რათა მომხმარებლებმა კონკრეტული სერვისების მოხმარება ინტერნეტპაკეტის მონაცემების დახარჯვის გარეშე შეძლონ.

ქსელის ნეიტრალურობის მომხრეები შიშობენ, რომ მსგავსი ტიპის დამატებითი გადასახადები ორ პრობლემას აჩენს. პირველი ის, რომ მცირე ზომის, დამწყები ვებკომპანიებისთვის გართულდება ბაზარზე შემოსვლა (თუ მომხმარებელს ფული აქვს გადახდილი, რომ Youtube-ს მეგაბაიტების დაუხარჯავად უყუროს, ის კონკურენტ ვიდეოსაიტს აღარ მიაკითხავს). მეორე შესაძლო პრობლემა კი ისაა, რომ დანაწევრებული ინტერნეტი ნელ-ნელა ნორმა გახდება და პროვაიდერებისთვის უფრო ადვილი იქნება არასასურველი სერვისები საერთოდ შეწყვიტონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG