Accessibility links

ბრიტანეთი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი აპირებს უმცირესობის მთავრობის შექმნას მას შემდეგ, რაც მისმა კონსერვატიულმა პარტიამ საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა რიგგარეშე არჩევნების შედეგად. არჩევნების შედეგი მძიმე დარტყმაა ტერეზა მეისათვის, რომელიც იმედოვნებდა, რომ, პირიქით, გაიზრდებოდა მისი პარტიის საპარლამენტო მანდატების რიცხვი.

ტერეზა მეი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ ირლანდიის დემოკრატიულ-უნიონისტურ პარტიასთან ერთად ჩამოაყალიბებს უმცირესობის მთავრობას მას შემდეგ, რაც მისმა კონსერვატიულმა პარტიამ საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა. მეიმ ეს განცხადება გააკეთა 9 ივნისს ლონდონში - მას შემდეგ, რაც ბუკინგემის სასახლეში შეხვდა დედოფალს, კანონის შესაბამისად, მთავრობის შექმნის ნებართვის ასაღებად.

„ახლახან ვიყავი მისული მის უდიდებულესობასთან, დედოფალთან შესახვედრად და ჩამოვაყალიბებ ახალ მთავრობას - მთავრობას, რომელსაც შეუძლია სტაბილურობის უზრუნველყოფა და ბრიტანეთის გაძღოლა ჩვენი ქვეყნისათვის ამ, უაღრესად მნიშვნელოვან პერიოდში“, - განაცხადა ტერეზა მეიმ ლონდონში, დაუნინგის ქუჩის 10 ნომერში თავისი ოფისის წინ გამოსვლისას. მას არ დაუკონკრეტებია, რას აპირებს ჩრდილოეთ ირლანდიის დემოკრატიულ-უნიონისტურ პარტიასთან ერთად: კლასიკური კოალიციის შეექმნას, თუ მასთან თანამშრომლობას პარლამენტში მხარდაჭერის მისაღებად და სანაცვლოდ, მოკავშირე პარტიისათვის სასურველი ზომების მიღებას.

ასეა თუ ისე, მოსალოდნელია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დაკარგვა პრემიერ-მინისტრს გაურთულებს ბრექსიტზე - ანუ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლაზე - მოლაპარაკებებს. არადა, მეის სწორედ იმის იმედით სურდა 8 ივნისის ვადამდელი არჩევნების გამართვა, რომ მეტ მანდატს მიიღებდა და უფრო ძლიერი პოზიციით ჩაერთვებოდა ბრექსიტზე მოლაპარაკებაში.

ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის მთავარი ოპოზიციური ძალის, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ჯეიმს კორბინი, მეის გადადგომას მოითხოვენ.

„პრემიერ-მინისტრმა არჩევნები დანიშნა, რადგან ხალხისაგან მანდატი სურდა. კეთილი, მიიღო მანდატი, რომელიც ნიშნავს კონსერვატორებისათვის პარლამენტში ადგილების დაკარგვას, ხმების დაკარგვას, მხარდაჭერისა და ნდობის დაკარგვას. ვფიქრობ, ეს საკმარისია იმისთვის, რომ წახვიდე, რომ ადგილი გაათავისუფლო მთავრობისათვის, რომელიც მართლაც წარმომადგენლობითი იქნება ყველასთვის ამ ქვეყანაში,“ - განაცხადა ლეიბორისტების ლიდერმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე გამოხმაურებისას.

ტერეზა მეის არაერთმა თანაპარტიელმაც მოუწოდა გადადგომისაკენ, მაგრამ როგორც მისი დღევანდელი განცხადებები ცხადყოფს, ის რჩება პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

„ეს მთავრობა გაუძღვება ქვეყანას ბრექსიტის შესახებ უაღრესად მნიშვნელოვან მოლაპარაკებისას, რომელიც სულ 10 დღეში იწყება და ეს მთავრობა აღასრულებს ბრიტანელი ხალხის ნებას, ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გამოყვანით“, - ასეთი გეგმები აქვს ტერეზა მეის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

8 ივნისის არჩევნების შედეგად, პარლამენტის 650 მანდატიდან სულ 313 ერგო კონსერვატიულ პარტიას და 10 მანდატი მის მომავალ კოალიციურ პარტნიორს, ჩრდილოეთ ირლანდიის დემოკრატიულ-უნიონისტურ პარტიას. ლეიბორისტებს 261 ადგილი აქვთ.

ევროკავშირის ზოგი ლიდერის შეფასებით, ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის პოზიციის შესუსტებამ და უმცირესობის მთავრობის შექმნამ შესაძლოა, დააყოვნოს ბრექსიტზე მოლაპარაკების დაწყება, რომელიც 19 ივნისისთვის არის დანიშნული.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG