Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთში იძიებენ ბრექსიტის შესახებ რეფერენდუმზე რუსეთის შესაძლო გავლენას


ბრიტანეთში დაიწყო გამოძიება იმის დასადგენად, სცადა თუ არა რუსეთმა გავლენა მოეხდინა ბრექსიტის, ანუ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის, შესახებ შარშან ჩატარებულ რეფერენდუმზე. როგორც გაზეთი „ტაიმსი“ იუწყება, ბრიტანეთის საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები საყურადღებოდ მიიჩნევენ ბოლოხანს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთი, როგორც ჩანს, ფეისბუკსა და სხვა სოციალურ მედიას იყენებდა შეერთებულ შტატებში 2016 წლის საარჩევნო კამპანიაზე გავლენის მოსახდენად - კერძოდ, იყენებდა რეკლამას და „ტროლების ფაბრიკას“ ამერიკელებში სადავო საკითხების, მაგალითად, მიგრაციის გარშემო უთანხმოების გასამწვავებლად.

ბრიტანეთში იძიებენ ბრექსიტის შესახებ რეფერენდუმზე რუსეთის შესაძლო გავლენას

  • ბრიტანეთში ვარაუდობენ, რომ მოსკოვმა სცადა ბრექსიტის შესახებ რეფერენდუმზე გავლენის მოხდენა
  • ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მთავრობა „ძალიან სერიოზულად“ ეკიდება დემოკრატიულ პროცესებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საკითხს
  • ბრიტანეთში 2016 წლის 23 ივნისს გამართულ რეფერენდუმში მონაწილეების 51,9 % მიემხრო ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლას

ბრიტანეთში სულ უფრო ხშირად გამოთქვამენ ვარაუდს, რომ მოსკოვმა, შესაძლოა, ასევე სცადა ბრექსიტის შესახებ დისკუსიასა და შემდეგ რეფერენდუმზე გავლენა მოეხდინა.

ამჟამად ცხადია ის, რომ როგორც შეერთებულ შტატებში, ისე ბრიტანეთში ხმების საკმაოდ მცირე რაოდენობამ გადაწყვიტა კენჭისყრების შედეგი და რომ ორივე შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სოციალურმა მედიამ.

„ცხადია, რომ ვხედავთ ამერიკის არჩევნებში ჩარევის ბრალდებებს და მართალია, რომ დიალოგს ვაწარმოებთ კომპანიებთან, როგორიც არის ფეისბუკი, იმის უზრუნველსაყოფად, რომ აქ ასეთი რამ არ მოხდეს“, - უთხრა „ტაიმსს“ ბრიტანეთის საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა, ბობ პოზნერმა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ კი ბოლოხანს პარლამენტში განაცხადა, რომ მთავრობა „ძალიან სერიოზულად“ ეკიდება ნებისმიერი ქვეყნის საარჩევნო პროცესში ან დემოკრატიულ პროცესში რუსეთიდან ჩარევის საკითხს.

„ტაიმსისა“ და საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ თანახმად, ბრიტანეთის საარჩევნო კომისია მუშაობს იმის დასადგენად, დაარღვია თუ არა ბრექსიტის მხარდამჭერმა ერთ-ერთმა მთავარმა დონორმა, არონ ბანკსმა, რეფერენდუმის დაფინანსების წესები, რომელთა თანახმადაც, დონორები მხოლოდ გაერთიანებული სამეფოდან უნდა იყვნენ. მართალია, საარჩევნო კომისიას გამოძიების კონტექსტში არ უხსენებია რუსეთი, მაგრამ, „ტაიმსის“ თანახმად, არონ ბანკსი თვითონვე ამბობს, რომ კომისიის ვარაუდით, ბრექსიტის მომხრეთა კამპანიას რუსეთიდან აფინანსებდნენ. ბანკსი გადაჭრით უარყოფს ასეთ ვარაუდს: ფული ჩემი საბანკო ანგარიშიდან ირიცხებოდაო, ამბობს ის. ამასობაში, გამოძიება გრძელდება.

დიდ ბრიტანეთში 2016 წლის 23 ივნისს გაიმართა რეფერენდუმი, რომელში მონაწილეთა უმრავლესობამაც (51,9 %-მა) მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლას. 2017 წლის 29 მარტს ბრიტანეთის ხელისუფლებამ აამოქმედა ევროკავშირის ხელშეკრულების 50-ე პარაგრაფი გასვლის პროცესის დასაწყებად. დიდი ბრიტანეთი ევროპის კავშირს საბოლოოდ 2019 წლის მარტის ბოლოსთვის დატოვებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG