Accessibility links

ჩრდილოვანი კაბინეტი და მისი არსებობის საკითხი საქართველოში


ავტორი: მარიამ მიქიაშვილი

ჩრდილოვანი კაბინეტი ეწოდება ქვეყნის სამთავრობო სისტემის ისეთ მახასიათებელს, როდესაც გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის წინამძღოლობით ქვეყანაში იქმნება „ალტერნატიული მთავრობა“. ამ „ალტერნატიულ მთავრობაში“ არსებობს სამინისტროები და მინისტრები, მთავრობის ოფიციალური თანამდებობების ანალოგიური თითოეული თანამდებობა, რომელზეც დანიშნულნი არიან „ალტერნატიული მთავრობის“ წევრები. თუმცა, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ეგრეთ წოდებული „ალტერნატიული მთავრობა“ არ აღიარებს მოქმედი რეალური მთავრობის ლეგიტიმურობას. ჩრდილოვანი კაბინეტი სწორედ იმიტომ იწოდება ჩრდილოვან კაბინეტად, რომ იგი კონსტიტუციურობის ფარგლებში აღიარებს საკუთარ ოპოზიციურობას. მისი ფუნქცია არის არა მოქმედი მთავრობის მუშაობისთვის ხელის შეშლა ან ძალაუფლების ხელში ჩაგდება, არამედ უბრალოდ მოქმედი მთავრობის გადაწყვეტილებების გაანალიზება და მისთვის საკუთარი რეკომენდაციების მიცემა, კონსტრუქციული კრიტიკისა და პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების შეთავაზება.

ჩრდილოვან კაბინეტს არაერთი ღირსება გააჩნია. ამ სისტემაში მთავრობის თითოეულ მინისტრს თავისი „ოპოზიციონერი კოლეგა“ ჰყავს. მაგ. ეკონომიკის მინისტრის ანალოგიურად არსებობს ჩრდილოვანი კაბინეტის ეკონომიკის მინისტრი. ამგვარი ვითარება საკმაოდ ნაყოფიერია სახელმწიფოს ადმინისტრირებისთვის, მისი მომავალი განვითარებისთვის, რადგან, განსხვავებით ჩვეულებრივი ოპოზიციისაგან, ჩრდილოვან კაბინეტში ფუნქციების დანაწილება საშუალებას აძლევს ოპოზიციას, საკმაოდ სიღრმისეულად განიხილოს მთავრობის თითოეული გადაწყვეტილება, ვინაიდან ყოველ საკითხს თავისი „მეთვალყურე“ ჰყავს. ჩვეულებრივი ოპოზიციის შემთხვევაში, როგორც წესი, ხდება მთავრობების ზოგადი კრიტიკა და დეტალებს, რომლებიც რეალურად ქმნის კიდევაც პოლიტიკის დღის წესრიგს, შესაძლოა, ნაკლები ყურადღება ექცეოდეს. ამასთანავე, ჩრდილოვანი კაბინეტის კარგად ორგანიზებულობა, ოპოზიციის ერთიანობა და შეკავშირებულობა, მთავრობისა და ხალხის თვალში ჩრდილოვანი კაბინეტის რეკომენდაციებსა და ალტერნატიულ გადაწყვეტილებებს უფრო ლეგიტიმურს ხდის, ვიდრე „გაბნეული ოპოზიციის“ შემთხვევაში და, სავარაუდოა, რომ მთავრობა უფრო გაითვალისწინებს ოპოზიციის რჩევებს.

ჩრდილოვანი კაბინეტი უესტმინსტერის ტიპის მთავრობებში არსებობს, ანუ დიდ ბრიტანეთსა და იმ ქვეყნებში, რომელთა პოლიტიკური სისტემებიც დიდი ბრიტანეთის მაგალითზეა ჩამოყალიბებული (კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია). თუმცა ყველაზე გამართული და ქმედითი იგი სწორედ დიდ ბრიტანეთშია (გაერთიანებულ სამეფოში). იქ თავად პარლამენტის სხდომათა დარბაზიც ისეა მოწყობილი, რომ მინისტრების პირისპირ, მოპირდაპირე მხარეს, მათი ოპოზიციონერი ჩრდილოვანი კაბინეტის მინისტრები სხედან.

საქართველოში ჩრდილოვანი კაბინეტის არსებობა საკმაოდ საინტერესო შეიძლება იყოს, რადგან რეალურად ქმედით ოპოზიციას შექმნიდა. კრიტიკა უფრო კონკრეტული, არგუმენტირებული, სისტემატიზებული გახდებოდა, ხოლო გარდა კრიტიკისა, ქართული ოპოზიცია უფრო სწრაფად ისწავლიდა რეკომენდაციების შემუშავებას, რიგ შემთხვევებში კი, სულაც მთავრობასთან დათანხმებას და მისი გადაწყვეტილებების მოწონებას.

საქართველო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დემოკრატიზაციისა და ეკონომიკური განვითარების გარდამავალ ეტაპზე იმყოფება და მრავალი მიღწევის მიუხედავადაც, ქვეყანის წინაშე ჯერაც ბევრი გამოწვევაა. სეპარატიზმისა და რუსეთის მიერ ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციის გამო საქართველოს კონსტიტუციით ჯერაც არ არის განსაზღვრული ქვეყნის საბოლოო ტერიტორიული დაყოფისა და პოლიტიკური სისტემის მოწყობის საკითხები. დღევანდელი მდგომარეობა, კონსტიტუციის მიხედვით, განიხილება დროებით ეტაპად და ტერიტორიული და პოლიტიკური სისტემის სრულყოფა საქართველოს გაერთიანების შემდგომი მომავლისთვისაა გადადებული. გაერთიანების შემდეგ საქართველოში უნდა ჩამოყალიბდეს ორპალატიანი პარლამენტი, რომლის ქვედა პალატაც იქნება რესპუბლიკის საბჭო, ხოლო ზედა პალატა - სენატი. სენატში წარმომადგენლობა უნდა ითვალისწინებდეს ტერიტორიულობის პრინციპს. ამ ყოველივედან გამომდინარე, ცხადია, რომ საქართველოს პოლიტიკური სისტემა ჯერაც ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული. გარდა ამისა, გასული 25 წლის განმავლობაში ქართული ოპოზიცია არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში იმყოფებოდა. მართალია, ოპოზიციამ მოახერხა ჯერ ვარდების რევოლუციის, შემდეგ კი 2012 წლის ხელისუფლების ცვლილების მოწყობა, მაგრამ ამ მოვლენათა შორის პერიოდებში იგი არაკონსოლიდირებული, დაქუცმაცებული, სუსტი იყო და რა გასაკვირია, რომ მთავრობა მას ნაკლებად უწევდა ანგარიშს. ორი მოვლენა, რომელიც გამოვყავით, საყოველთაო რევოლუციურ განწყობას უფრო უმადლის, ვიდრე ოპოზიციის მოქმედებას. ასეთი განწყობების დროს კი სუსტ ოპოზიციასაც მეტი შანსი აქვს ხოლმე.

ბრიტანეთი, საქართველოსგან განსხვავებით, ორპარტიული სისტემის მქონე სახელმწიფოა, რომლის კონსერვატიული და ლეიბორისტული პარტიებიც საუკუნეზე მეტი ხანია, თავიანთ მოწინააღმდეგე მოსახლეობაშიც კი პოპულარობით თუ არა, ლეგიტიმურობით მაინც სარგებლობენ. საქართველოში კი გვაქვს ჯერაც ჩამოუყალიბებელი მრავალპარტიული სისტემა დომინანტური პარტიის არსებობის ტენდენციებით. შესაბამისად, თუკი მაგ. ქართული ოცნება აყალიბებს მთავრობას, ვინ უნდა ჩამოაყალიბოს ჩრდილოვანი კაბინეტი? შესაძლოა, ჩრდილოვანი კაბინეტის ჩამოყალიბება მივანდოთ საპარლამენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გასულ პარტიას, მაგრამ, ვფიქრობ, ვინაიდან საქართველოში პარტიული სისტემა ჯერაც სიახლეებითა და ერთ არჩევნებზე ორიენტირებული, ვიწრო ელიტური პარტიებით ხასიათდება, აბსურდული იქნება, სამომავლოდ ჩრდილოვანი კაბინეტის ჩამოყალიბების პატივი ნაკლები ლეგიტიმაციის მქონე პარტიას მივცეთ. დღევანდელობაში „ალტერნატიული მთავრობის“ ჩამოყალიბება ნაციონალური მოძრაობის ხვედრი იქნებოდა. ეს ქვეყანაში საკმაოდ საშიშ ვითარებას შექმნიდა, რადგან ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების მომხრეები ხშირად ფანატიკურად ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს და მოწინააღმდეგე პარტიის ლეგიტიმაციასა და არსებობის უფლებასაც კი ეჭვქვეშ აყენებენ. ამ ვითარებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩრდილოვანი კაბინეტის ფორმირება სამოქალაქო განხეთქილებას უფრო გამოიწვევდა, ვიდრე ერის კონსოლიდაციას, როგორც ეს ბრიტანეთშია. გარდა ამისა, ჩრდილოვანი კაბინეტის მუშაობის უზრუნველყოფა ისეთ ადმინისტრაციულ რესურსსა და საბიუჯეტო ხარჯებს მოიცავს, რაც, საქართველოს შემთხვევაში, გაუმართლებელი იქნება.

საბოლოო ჯამში, ჩრდილოვანი კაბინეტის ღირსებათა მიუხედავად, დიდი რისკია, დღევანდელ საქართველოში იგი საზოგადოების გამხლეჩი უფრო იყოს, ვიდრე თანამშრომლობის უზრუნველმყოფი. მისი ქმედუნარიანობა მოითხოვს დროში განგრძობით, მყარ და ლეგიტიმურ პარტიულ სისტემას, საუკეთესო შედეგის მისაღებად კი სასურველია ორი დომინანტური პარტიის არსებობა. ამ მიზეზებს ასევე ემატება საბიუჯეტო ხარჯები, რაც კიდევ უფრო ნაკლებად პოპულარულს გახდიდა საქართველოს ჩრდილოვან კაბინეტს. ამ ყოველივედან გამომდინარე, დღეს საქართველოში ჩრდილოვანი კაბინეტის არსებობა არ არის მიზანშეწონილი.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG