Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

CIA: „ვიკილიქსმა“ საფრთხეში ჩააგდო ამერიკელები


აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო (CIA) აცხადებს, რომ „ვიკილიქსმა“ საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნებით საფრთხის წინაშე დააყენა ამერიკელის მოქალაქეების სიცოცხლე და სახელმწიფო ინტერესები. „ამერიკის საზოგადოება ძალიან უნდა წუხდეს „ვიკილიქსის“ გამო, რომელიც დოკუმენტების გასაჯაროებით, ყოველ ჯერზე, ზიანს აყენებს სადაზვერვო სტრუქტურების შესაძლებლობას დაიცვას ამერიკელები ტერორისტებისა და სხვა მტრებისაგან“, - განაცხადა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰეზერ ფრიც ჰორნიაკმა.

საერთაშორისო საინტერნეტო რესურსის, „ვიკილიქსის“ მიერ 7 მარტს გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, ფრანკფურტში მდებარე აშშ-ის საკონსულო წარმოადგენდა სადაზვერვო მოქმედებების ცენტრს ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის მასშტაბით. „ვიკილიქსმა“ ოთხშაბათს გამოაქვეყნა ცხრა ათასამდე დოკუმენტი, რომლებიც რესურსის განმარტებით, მან მიიღო აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს კიბერდაზვერვის ცენტრისგან. ეს დოკუმენტები, სავარაუდოდ, აშშ-ის კიბერდაზვერვის ინსტრუქციების ნაწილია.

დოკუმენტების ავთენტურობის დადასტურება ჯერჯერობით ვერ ხერხდება, თუმცა ექსპერტები, რომლებმაც უკვე დაიწყეს დოკუმენტების შესწავლა, ვარაუდობენ, რომ ისინი ნამდვილია. აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში აცხადებენ, რომ ასეთი ინფორმაციის გასაჯაროებით მტრებს ეძლევათ შესაძლებლობა ზიანი მიაყენონ აშშ-ს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG