Accessibility links

COVID-19 დაუდასტურდა ინფიცირებული ზუგდიდელი მამაკაცის ოჯახის სამ წევრს


COVID-19-ით ინფიცირებული ზუგდიდელი მამაკაცის ოჯახის სამ წევრს - დედას და ორ შვილს იგივე ვირუსი დაუდგინდა. COVID-ინფექცია არ გამოუვლინდა პაციენტის მეუღლეს. მათი ბიოლოგიური მასალა დღეს გამოიკვლიეს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ხელმძღვანელ ანზორ ქობალიას ინფორმაციით, ყველა მათგანი იმყოფებოდა კარანტინში, მას შემდეგ რაც ახალგაზრდა მამაკაცს დაუდასტურდა კორონავირუსი. მისი სიტყვებით, პაციენტის ოჯახის სამივე წევრს სამკურნალოდ გადაიყვანენ სამედიცინო დაწესებულებაში, მაგრამ ჯერ ვერ აკონკრეტებს სად.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ ეტაპზე დადგენილია ინფიცირებული მამაკაცის და მისი ოჯახის კონტაქტების ნაწილი. როგორც ანზორ ქობალია განმარტავს, ციფრებს ჯერ ვერ აზუსტებს, თუმცა საუბარია 4 ოჯახზე, ვისთანაც ინფიცირებულებს კონტაქტი ჰქონდათ. ნაწილი უკვე გადაყვანილია საკარანტინო ზონაში. გრძელდება მათი ანალიზების კვლევაც.

43 წლის მამაკაცი, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა, რუხის საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას.

სამედიცინო დაწესებულების კლინიკურმა დირექტორმა ნიკოლოზ ქარცივაძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ პაციენტს ორმხრივი პნევმონია აქვს და ჯერჯერობით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ახალგაზრდა მამაკაცმა სამედიცინო დაწესებულებას 14 მაისს თავად მიმართა ცხელების ნიშნებით, მეორე დღეს კი ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, პაციენტი ტრაილერის მძღოლია. ის 17 აპრილს ჩამოვიდა ერევნიდან და 1 მაისამდე იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. შემდეგ განახორციელა შიდა გადაზიდვები თბილისში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG