Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19: თბილისში შესაძლოა ზომები გამკაცრდეს - რა არ უნდა გამოგრჩეს 12 ოქტომბერს


ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში

11 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 523 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გარდაიცვალა 7 პაციენტი.

ინფიცირებულთა რაოდენობით ახლა პირველ ადგილზე თბილისია 194 ახალი შემთხვევით. აჭარაში კი მატება შენელდა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სწრაფად იზრდება.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ გუშინ თქვა, რომ ინფიცირებულთა ზრდის გამო, შესაძლებელია, თბილისში ზომები გამკაცრდეს.

„ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ შესაძლებელია, თუ ასეთი მატება იქნა, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ზუსტად პირველ სექტემბრამდე გამკაცრებული ზომების პირობებში მატება თითქმის არ გვქონდა, ძალიან მცირე იყო, ახლა მატება არის და, შესაბამისად, შეიძლება მთავრობამ გადაწყვიტოს ამის შესახებ. ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის“, - განაცხადა ენდელაძემ.

წაიკითხე განახლებული ინფორმაცია კორონავირუსის გავრცელების შესახებ.

მოსკოვში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ სასაუბროდ მინსკის ჯგუფის წევრები შეიკრიბებიან

დღეს, მოსკოვში, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო შექმნილი მინსკის საკონტაქტო ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყნების აშშ-ის, რუსეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლები შეიკრიბებიან. მინსკის ჯგუფი 1992 წელს შეიქმნა და ის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტის საკითხებზე მსჯელობს.

აზერბაიჯანისა და სომხეთის ძალებს შორის კი ვითარება ისევ დაძაბულია, მიუხედავად იმისა, რომ მხარეები 9 ოქტომბერს დაზავდნენ. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში მედიატორი რუსეთი იყო, თუმცა ამ შეთანხმებამ არ იმუშავა. სომხეთმა აზერბაიჯანს დასდო ბრალი 10 ოქტომბერს სტეფანაკერტსა და მის შემოგარენში იერიშების განხორციელებაში.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ კი განაცხადა, რომ სომხეთიდან გაშვებულმა რაკეტებმა კვლავ დაარტყეს განჯას, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქს.

წაიკითხე მეტი.

დღეიდან 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვები იწყება

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა დღეიდან საპარლამენტო ფრაქციების ფორმატში გაგრძელდება.

მთავრობის მიერ წარდგენილ ბიუჯეტის პროექტზე ოპოზიციურ ფრაქციებში - „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოში“ - იმსჯელებენ. ფინანსურ დოკუმენტს ოპოზიციონერ დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე წარუდგენს.

სახელმწიფო ბიუჯეტი მომავალ წელს კორონამდელ პერიოდზე უფრო მაღალი შემოსავლის - 11 მილიარდ 285 მილიონი ლარის მიღებას გეგმავს 2019 წელთან შედარებით, ასევე გაზრდილია მოლოდინი საგადასახადო შემოსავლების ნაწილშიც და 10 მილიარდ 450 მილიონი ლარის მიღება იგეგმება.

წაიკითხე მეტი.

მინსკში პოლიციამ დემონსტრაცია ძალის გამოყენებით დაშალა

მინსკში 11 ოქტომბერს პოლიციამ წყლის ჭავლი, გამაყრუებელი ყუმბარები და ხელკეტები გამოიყენა მასობრივი მსვლელობის მონაწილეთა დასაშლელად. „სიამაყის მსვლელობის“ მონაწილეები ალექსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ გავიდნენ ქუჩებში.

სოციალურ ქსელებსა და ბელარუსის დამოუკიდებელ მედიაში გავრცელდა ფოტოები და ვიდეომასალა, სადაც ჩანს სპეცდანიშნულების რაზმის მძაფრი ქმედება.

უფლებადამცველების თანახმად, მინსკში დაკავებულთა რიცხვი ასზე მეტია.

9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში იმართება მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მონაწილეები კენჭისყრის შედეგების გაუქმებას და ახალ არჩევნებს მოითხოვენ. საპროტესტო გამოსვლები პოლიციამ არაერთხელ სასტიკად ჩაახშო.

წაიკითხე მეტი.

ემიგრანტების ინფორმაციით, ათენში მიხეილ სააკაშვილს თავს დაესხნენ

ათენში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იქ ჩასულ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს თავს დაესხნენ. ისინი ავრცელებენ ვიდეოსაც და წერენ, რომ შემთხვევა ემიგრანტებთან შეხვედრამდე მოხდა და ინციდენტის შედეგად რამდენიმე პირი დაშავდა.

ერთი დღით ადრე მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკში დაწერა, რომ ათენში მცხოვრებ თანამემამულეებთან შეხვედრას გეგმავდა. სააკაშვილი წერდა: „ამ შეხვედრის შესახებ ივანიშვილის ხელისუფლებამ წინასწარ გაიგო და კალაძის მეშვეობით დაავალა ადგილობრივ ქართველ კრიმინალებს, რომლებიც საბერძნეთში მრავლად არიან, შეხვედრის წინ და შეხვედრის განმავლობაში პროვოკაციის მოწყობა".

ვახუშტ ტელ გინდა?! თუ ამდენს ვერ ქაჩავ. მომწერე პასუხი და არ მომწერის ;;)))” - ასე უპასუხა სოციალურ ქსელში მთაწმინდის ოლქში ქართული ოცნების მაჟორიტარმა კანდიდატმა, მეცხრე მოწვევის პარლამენტარმა ბექა ოდიშარიამ საიას იურისტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ვახუშტი მენაბდის კრიტიკას ტროტუარზე გაჩერებული ავტომობილის გამო. ოდიშარიამ მენაბდეს ნომერი სთხოვა და უთხრა, რომ დაურეკავდა. დეპუტატის კომენტარმა ფეისბუკმომხმარებლების კრიტიკა გამოიწვია.

რუსეთში მოპოვებული რუკები, შეხვედრები საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებში - დავით ხიდაშელის როლი ე.წ. კარტოგრაფების საქმეში

ბერძნული კომპანია INTRACOM S.A. TELECOM SOLUTIONS-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ხიდაშელი ე.წ. კარტოგრაფების საქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილეა. INTRACOM S.A. TELECOM SOLUTIONS აქციების 51%-ს რუსული საფინანსო-ინდუსტრიული ჯგუფი АФК “Система” ჩეხეთში დარეგისტრირებული ფირმის მეშვეობით ფლობს. თავად ხიდაშელი რუსული “სისტემის” ვიცე-პრეზიდენტი იყო 2007-2014 წლებში. ქართველ გამომძიებლებთან, 25 აგვისტოს ჩატარებული გამოკითხვისას, ხიდაშელი ამბობს, რომ ის კარტოგრაფიული საქმიანობითაა დაკავებული ბოლო 20 წლის განმავლობაში, აქვს დიდი პირადი არქივი და საშუალება, მოიძიოს რუკები კონკრეტული სახელმწიფოს შესაბამისი უწყებიდან.

დავით ხიდაშელის ჩვენების მიხედვით, მას ერთი წლის წინ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შუამავლის მეშვეობით 1936-1938 წლებში გამოცემული საქართველოს რუკების მოძიება სთხოვა. ხიდაშელი რუკებს რუსეთის სამ სხვადასხვა ორგანიზაციასა და საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკის არქივში ეძებდა.

კიდევ რა ვიცით დავით ხიდაშელის შესახებ და რამდენად დიდია მისი როლი „კარტოგრაფების საქმეში“, წაიკითხე ნასტასია არაბულის სტატიაში.

„ანარეკლებში“ ვსაუბრობთ 1995 და 1999 წლების საპარლამენტო არჩევნებსა და პარლამენტზე.

შევარდნაძის საქართველო - 90-იანი წლები: „კრიმინალური ჭაობი” და ქვეყნის გამოყვანა ქაოსიდან, კორუფცია და ევროპისკენ სწრაფვა, დამარცხებული ქურდები და აჭარის ლომის გამოღვიძება...

როგორ დაიწყო და როგორ დასრულდა ედუარდ შევარდნაძის ბალანსის პოლიტიკა ომგამოვლილ საქართველოში?

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG