Accessibility links

COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოში 30 ათასს გადააჭარბა - რა არ უნდა გამოგრჩეს 30 მარტს


საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა 90-ს გადასცდა

დადასტურებული შემთხვევა - 91

კარანტინში - 4876

სტაციონარში - 264

გამოჯანმრთელებული - 18

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი, 91-ე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმე არ არის. ის საქართველოში დაბრუნების შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ექიმების თქმით, საყურადღებოა ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 4 პაციენტის მდგომარეობა. ასევე მძიმე 2 პაციენტის მდგომარეობაც, რომლებიც დანარჩენ 13-თან ერთად პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობენ.

კორონავირუსი იყო ქადაგების ერთ-ერთი მთავარი თემა, კვირას, სამების საკათედრო ტაძარში, სადაც პატრიარქის მოსაყდრე შიომ იქადაგა. მან თქვა, რომ ვირუსის გავრცელებას მსოფლიოში თავისი მიზეზები აქვს.

„ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, როგორიც არის სოდომიის გამოცხადება ნორმალურ მდგომარეობად და ა.შ. და ა.შ. ხომ არ არის დრო, რომ დავფიქრდეთ, ეს ხომ არ არის მიზეზი ასეთი ტოტალური გავრცელებისა ამ ვირუსისა. ჩვენ ვხედავთ დღეს, არა მხოლოდ მართლმადიდებლები, არამართლმადიდებლებიც, ასევე პოლიტიკოსებიც არაერთი ქვეყნისა, გამოდიან და სინანულზე საუბრობენ. ფიქრობენ ცოდვაზე, რა შეიძლება იყოს მიზეზი ამ დიდი უბედურებისა, ხომ არ შევცოდეთ ჩვენ?!“ ვრცლად ქადაგების ტექსტი შეგიძლია წაიკითხო აქ.

ახალ კორონავირუსს ესპანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენელი ემსხვერპლა

პარიზში კორონავირუსით გარდაიცვალა ესპანეთის მეფე ფელიპე VI-ის ბიძაშვილი, 86 წლის პრინცესა მარია ტერეზა. ეს ევროპის სამეფო დინასტიათა შორის COVID-19-ის შედეგად სიკვდილის პირველი შემთხვევაა.

ვირუსი მძვინვარებს რუსეთშიც, მიუხედავად იმისა, რომ თვის დასაწყისში მოსკოვი უარყოფდა კორონავირუსის შემთხვევებს. რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა ოფიციალურმა რიცხვმა 1500-ს გადააჭარბა. უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილია 270 ახალი შემთხვევა, მთლიანად რუსეთში გარდაცვლილია რვა ადამიანი, - იტყობინებიან ქვეყნის ჯანდაცვის ორგანოები.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 30 ათასს გადააჭარბა. შემთხვევათა ორი მესამედი ევროპაშია რეგისტრირებული.

29 მარტს ესპანეთმა, სადაც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ვითარებაა პანდემიის თვალსაზრისით, განაცხადა, რომ უკანასკნელ დღე-ღამეში 829 ადამიანი გარდაიცვალა, რის შედეგადაც ლეტალური შემთხვევების საერთო რაოდენობამ 6528-ს მიაღწია. ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ინფიცირებულთა რაოდენობა 24 საათში 72248-დან 78797-მდე გაიზარდა.

სიკვდილიანობის თვალსაზრისით ესპანეთი ჩამორჩება მხოლოდ იტალიას, სადაც 10 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა COVID-19-ს, ინფიცირებულია 92472.

აშშ-ის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის თანახმად, ამჟამად მსოფლიოში ინფექციის 680 ათასი შემთხვევაა დადასტურებული.

წაიკითხე მეტი.

დღეს გახდება ცნობილი 7 პაციენტის ტესტის პასუხები ახალ კორონავირუსზე

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 7 პაციენტი დღეს გაიგებს ლაბორატორიულ პასუხებს, არიან თუ არა ახალი კორონავირუსით ინფიცირებულები.

გუშინ გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვს კიდევ ორი შეემატა და საერთო რაოდენობა უკვე 18-ია. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, მათ შორის ორი ბავშვია.

"როსნეფტი" წყვეტს ვენესუელაში საქმიანობას

„როსნეფტმა“ გამოაქვეყნა განცხადება ვენესუელაში საქმიანობის შეწყვეტისა და ამ ქვეყანაში საქმიანობასთან დაკავშირებული აქტივების გაყიდვის შესახებ.

როგორც კომპანიის საიტი იტყობინება, დღეს „როსნეფტმა“ შეთანხმებას მიაღწია კომპანიასთან, რომელიც 100%-ით არის რუსეთის ფედერაციის მთავრობის მფლობელობაში, ვენესუელაში თავისი წილების გაყიდვისა და იქ ყველა პროექტის შეწყვეტის შესახებ.

ვენესუელა ფლობს მსოფლიოში უდიდეს დამტკიცებულ საბადოებს. 2007 წელს უგო ჩავესმა დაასრულა ქვეყნის ნავთობის დარგის ნაციონალიზაცია, მოახდინა რა დასავლეთის ნავთობკომპანიებისგან მსხვილი საბადოების ექსპროპრიაცია. ჩავესის მემკვიდრის, ნიკოლას მადუროს პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ნავთობის ფასების ვარდნამ დაანგრია ვენესუელის ეკონომიკა, მათ შორის, ნავთობის მრეწველობა.

ჰუმანიტარული დახმარება თუ კორონავი-რუსული პროპაგანდა?

იტალიისა და რუსეთის მთავრობებს შორის შეთანხმების საფუძველზე, 22 მარტიდან რუსეთმა დასახმარებლად სამხედრო ძალა და ტექნიკა გაგზავნა კორონავირუსით ყველაზე უფრო დაზარალებულ რეგიონ ლომბარდიაში.

იტალიამ მადლიერებით მიიღო ეს დახმარება, თუმცა, როგორც გაირკვა, რუსული ოფიციოზი ცდილობს ეს ფაქტი დასავლეთის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდისტული ბრძოლისთვის გამოიყენოს, მაშინ როცა ზოგიერთი იტალიური გამოცემა რუსეთის დახმარებას „ან სრულიად უსარგებლოდ, ან ნაკლებად სასარგებლოდ“ მიიჩნევს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.

როგორ მოქმედებს კრემლის შიდა და გარე მოხმარების პროპაგანდა; როგორ იტყუებიან ოფიციალური პირები ტვიტერზე და რა გზით და საიდან ხვდება დეზინფორმაცია რიგითი მომხმარებლების ახალი ამბების ბადეში, წაიკითხე რადიო თავისუფლების სტატიაში.

„შუქი მოვიდა“... „შუქი წავიდა“ - რას ვაკეთებდით სიბნელეში?
გადავხედოთ არქივებს თვითიზოლაციაში. რა შეიცვალა 90-იანი წლების შემდეგ? როგორ

ვურთიერთობთ განსაცდელთან?

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG