Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირება კიდევ სამ რუსთაველს დაუდასტურდა


რუსთავი
რუსთავი

ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირება კიდევ სამ რუსთაველს დაუდასტურდა. ქალაქში COVID-19-ით დაავადებულთა საერთო რაოდენობა შვიდი გახდა.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის, განცხადებით, კორონავირუსი დაუდასტურდა რუსთავის საკრებულოს ინფიცირებული წევრის მცირეწლოვან შვილსაც, ხოლო მეუღლესა და სხვა მცირეწლოვან შვილებს - არა. "ბავშვი თავს კარგად გრძნობს, დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს", თქვა გუბერნატორმა. მან განაცხადა ასევე, რომ აქამდე ინფიცირებულებს დაემატა ეროვნული ბანკის კიდევ ერთი თანამშრომელი და მისი მეუღლე, სასწრაფო დახმარების ექიმი, რომელიც რუსთავის სასწრაფო დახმარების სადგურის თანამშრომელი არ არის.

ეროვნული ბანკის წარმომადგენელი 31 მარტს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, 2 აპრილს კი მას და მის მეუღლეს კორონავირუსით დაავადების სიმპტომები გამოუვლინდათ. "როგორც ექიმები განმარტავენ, ცოლ-ქმარს ინკუბაციისა და დაავადების დროს არ ჰქონდა ხშირი კონტაქტები. ამის მიუხედავად, პრევენციული ღონისძიებები ტარდება, დეზინფექცია გაუკეთდა იმ სადარბაზოს, სადაც ეს ოჯახი ცხოვრობს, იზოლაციაში მოექცა მათთან შემხებლობაში მყოფი ადამიანთა მცირე ჯგუფი", თქვა შოთა რეხვიაშვილმა. მისივე თქმით, რუსთავში იზოლირებულთა საერთო რაოდენობა 70-მდე გაიზარდა.

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოდან, სადაც ე. წ. ცხელების განყოფილება გაიხსნა, რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ პოლონეთიდან 3 აპრილს გამომგზავრებულებიდან ცხელების ნიშნით 9 ადამიანი საავადმყოფოში მოათავსეს. მათზე დაკვირვება მიმდინარეობს. გუბერნატორ შოთა რეხვიაშვილის თქმით, რუსთავის სრული ჩაკეტვის საჭიროება ამ ეტაპზე არ არის, თუმცა არაა გამორიცხული, ცალკე კორპუსის ან უბნის ჩაკეტვა გახდეს საჭირო, ისე როგორც ეს სოფელ ქვემო ბოლნისის შემთხვევაში მოხდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის აღნიშნულ სოფელში ინფიცირებულთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა. სოფელი მთლიანად ჩაკეტეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG