Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19-ის კიდევ 8 ახალი შემთხვევა საქართველოში - რა არ უნდა გამოგრჩეს 11 მარტს


ინფიცირებულთაგან ერთ-ერთი ბავშვია. კიდევ რა ვიცით ახალი შემთხვევების შესახებ?

ერთ დღეში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა საქართველოში 15-დან 23-მდე გაიზარდა. მათგან ერთ-ერთი ბავშვია, რომლის ასაკიც 12 წელს არ აღემატება. ეს პირველი შემთხვევაა, როცა კორონავირუსი ბავშვს დაუდგინეს.

ცნობილია, რომ ახალი 8 შემთხვევა იტალიურ კლასტერთან არის დაკავშირებული. ასე მოიხსენიებენ სპეციალისტები იმ ორ ოჯახს, რომლებმაც იტალიაში იმოგზაურა და შემდეგ მათგან რამდენიმე ადამიანს საქართველოში გადაედო ვირუსი.

გუშინ შესრულდა რომი-თბილისის რეისი, რითიც საქართველოში იტალიის სხვადასხვა რეგიონიდან საქართველოს მოქალაქეები ჩამოიყვანეს. მათ ბორტზე შეავსებინეს კითხვარები, აეროპორტში გაუზომეს ტემპერატურა და შემდეგ კარანტინში გადაიყვანეს. სპეციალური რეისებით იტალიიდან საქართველოს 156 მგზავრი დაბრუნდა. კარანტინი ყველა მათგანს შეეხო, თუმცა მხოლოდ 7 მგზავრი უჩიოდა მაღალ ტემპერატურას, დანარჩენები კი თავს კარგად გრძნობდნენ.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

დღეს უმრავლესობა საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტს წარადგენს

ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ საარჩევნო სისტემაზე მიღწეული შეთანხმება დღეს კანონპროექტის სახით დარეგისტრირდება. მის ინიცირებას უმრავლესობა მოახდენს. ეს პროცესი არ გამორიცხავს მხარეებს შორის კანონპროექტის დეტალებზე მსჯელობის გაგრძელებას.

გუშინ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ სისტემას 120/30-ზე უმრავლესობის სრული მხარდაჭერა ექნება. ოპოზიცია კი ამბობს, რომ თუ ხელისუფლება არ გაათავისუფლებს პოლიტპატიმრებს, ფუჭი იქნება საარჩევნო სისტემის გარშემო მიღწეული შეთანხმებაც.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ოპოზიცია ტყუის, როცა ამტკიცებს, რომ მათ პოლიტპატიმრების გათავისუფლების დაპირება მიიღეს.

წაიკითხე მეტი.

დღეს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას გადაუგზავნიან

დღეს, პარლამენტში დასამტკიცებლად გაიგზავნება უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარეობის ახალი კანდიდატურა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნინო ქადაგიძე გუშინ დაასახელა. ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა კენჭისყრის დასრულების შემდეგ თქვეს.

საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ თქვა, რომ, რეალურად, შალვა თადუმაძის არჩევა სურდათ, თუმცა საერთაშორისო პარტნიორებისგან მიღებული რეკომენდაციების შემდეგ მისი „გადამალვა“ მოუწიათ.

ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლეა. მის დასამტკიცებლად პარლამენტის თანხმობაა საჭირო.

ლარი დოლართან 5 თეთრით გაუფასურდა

ლარი დოლართან 5 თეთრით გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკის დადგენილი ახალი კურსი 11 მარტიდან შევა ძალაში.

ლარი გაუფასურდა ევროსთანაც. ამ შემთხვევაში 3,43 თეთრით. დოლარისა და ევროს გარდა, ლარი გაუფასურდა 30-ზე მეტ ვალუტასთან.

დღეს დილიდან 1 დოლარი 2,8463 ლარი ეღირება, 1 ევრო კი - 3,2274 ლარი.

ემიგრანტი ქალების პირველი დღეები იტალიურ კარანტინში

ნონა გედენიძე 5 წელია იტალიაში, ემილია რომანიას რეგიონში, ქალაქ რეჯიო-ემილიაში ცხოვრობს. გუშინ დილით, ჩვეულებისამებრ, ავტობუსით წავიდა სამსახურში. ავტობუსში მასთან ერთად მხოლოდ ორი მგზავრი იჯდა. ორივე უცხოელი.

კორონავირუსის გავრცელების გამო, 10 მარტიდან იტალიის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ სატელევიზიო გამოსვლისას თქვა, - „io resto a casa“ (მე სახლში ვრჩები). წაიკითხე სახლში დარჩენილი ემიგრანტი ქალების მონათხრობი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG