Accessibility links

COVID 19 - კატალიზატორის ეფექტი განათლებაში (მეორე ნაწილი)


რევაზ აფხაზავა

საქართველოს სახელმწიფო გერბზე დაწერილი დევიზი გვეუბნება, რომ „ძალა ერთობაშია“, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ერთობა ვერ აღმოჩნდა ჩვენი მაინცდამაინც ძლიერი მხარე.

ავტორი: რევაზ აფხაზავა, განათლების სფეროს სპეციალისტი საზოგადოების ჩართულობა და თანამშრომლობა

საქართველოს სახელმწიფო გერბზე დაწერილი დევიზი გვეუბნება, რომ „ძალა ერთობაშია“, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ერთობა ვერ აღმოჩნდა ჩვენი მაინცდამაინც ძლიერი მხარე. ისტორიის მანძილზე იშვიათად თუ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ერთი მიზნის გარშემო გავერთიანებულიყავით, მაგრამ თუ გავერთიანდით, მაშინ კი ვართ მართლაც ძლიერნი. ჩვენი საზოგადოების შეკვრა დიდი გაჭირვების, საფრთხის ან მტრის წინაშე ძირითადად კრიტიკული მომენტის დადგომის დროს ხდება. როგორც ჩანს, კორონავირუსის ეს შემოტევაც ასეთ საფრთხედ აღიქვა ქვეყანამ და, ერთეული გაჯიუტების გამოკლებით, მოქალაქეების უმრავლესობამ რაციონალური ერთობა არჩია. თუ პირველ ეტაპზე ფრონტის ხაზი ძირითადად ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციების შესრულებაზე გადიოდა, მოგვიანებით უკვე მას სამოქალაქო ინიციატივებიც წამოეწია. მათ შორის, მასწავლებელთა ნაწილმა, დისტანციური გაკვეთილების ჩატარების გარდა, დაიწყო კოლეგების აქტიური დახმარება: დამოუკიდებელი ინიციატივებით ჩაიწერა არაერთი ვიდეოინსტრუქცია ამა თუ იმ ელექტრონული პლატფორმის გამოყენების გასაადვილებლად; გაზიარდა უამრავი რესურსი დისტანციური გაკვეთილებისთვის; მოეწყო ვებინარები მიმდინარე პრობლემების განსახილველად და სხვა მრავალი.

გააქტიურდნენ განათლების სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებიც, რომლებიც უამრავ კონსულტაციას მართავდნენ ფეისბუქისა თუ სხვა ელექტრონული პლატფორმების საშუალებით; საზღვარგარეთ მყოფმა ჩვენმა კოლეგებმა აქტიურად დაიწყეს იმ ქვეყნების გამოცდილების ჩვენთვის გაზიარება, სადაც ისინი იმყოფებოდნენ. 10 მარტს ჩვენმა კოლეგამ და ჰონკონგის უნივერსიტეტის ქართველმა პროფესორმა, ნუცა კობახიძემ, შექმნა ფეისბუქჯგუფი „Online სწავლება საქართველოში“ და, თავისი უამრავი საქმის პარალელურად, ისეთი ინტენსივობით დაიწყო ინფორმაციის მოწოდება სხვადასხვა გამოცდილების შესახებ, პირადად რომ არ მცოდნოდა მისი საოცარი შრომისმოყვარეობის ამბავი, ვიფიქრებდი, რომ განმანათლებლების ამქარი ჰყავდა დაქირავებული ამ საქმის საკეთებლად.

ამას წინათ ლადო აფხაზავამ გახარებულმა მოიწერა, რომ ოთხასზე მეტ ბავშვს უშოვა ერთთვიანი ინტერნეტით სარგებლობის თანხა და იმედი აქვს, რომ მომავალ თვეში კიდევ მეტ მოსწავლეს დაამატებს ამ სიას. აი, ასეთი ცალკეული მასწავლებლები ენთუზიაზმით კი აკეთებენ კარგ და აუცილებელ საქმეს, მაგრამ ეს სახელმწიფოს, უფრო კი სკოლის საქმე მგონია. სკოლას იმდენი მაინც უნდა შეეძლოს, რომ თუნდაც საგანგებო სიტუაციის დროს დაკეტილ შენობაში დაზოგილი კომუნალური ხარჯების ფული გამოიყენოს და ინტერნეტზე წვდომა შეუძინოს იმ მოსწავლეებს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. თითქოს სკოლისთვის გარკვეული დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება კანონმდებლობით შესაძლებელი უნდა იყოს, მაგრამ დირექტორები აუტკივარი თავის ატკივებისგან თავს იკავებენ, რადგან შესაძლებელია ასეთი ნაბიჯების გადადგმა ინსპექციამ არამიზნობრივად ჩაუთვალოს და ამისთვის სამაგალითოდ მკაცრადაც დასაჯოს. აქამდე რომ გვეზრუნა სკოლების ავტონომიურობის გაფართოებაზე და სახელმწიფოს დირექტორებისთვისაც მეტი გაქანების საშუალება მიეცა, დღეს გაცილებით მეტი მოსწავლე შეძლებდა დისტანციურ სწავლებაში ჩართვას. ხარისხიან განათლებას თუ არა, როგორც მინიმუმ, თავის თანაკლასელებსა და მასწავლებლებთან მაინც მოახერხებდნენ ურთიერთობას და თავს ნაკლებად გარიყულად იგრძნობდნენ.

განათლების კოალიციაში ჩვენც მოგვიწია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადასვლა. მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოსთან ერთად, წელს სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსიც დავიწყეთ და იძულებული გავხდით ორივე პროექტის განრიგი გადაგვეწყო, დაგეგმილი აქტივობები კი დისტანციურ ფორმატში გადაგვეტანა. მონაწილეების გვერიდებოდა მოულოდნელი ცვლილებების გამო, მაგრამ, საბედნიეროდ, ყველა გაგებით მოეკიდა ამ სიახლეებს. ზოგიერთმა მადლობაც კი გადაგვიხადა, რომ, მიუხედავად რთული სიტუაციისა, პროექტები არ გავაჩერეთ. ასეთმა დამოკიდებულებამ ძალიან გაგვამხნევა და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ კარგ ადამიანებთან გვაქვს საქმე.

14 თებერვალს, ქვეყანაში ვირუსის გავრცელებამდე, დაახლოებით, ორი კვირით ადრე, ჩვენი კოალიციის მხრიდან ირინა ხანთაძემ და გაეროს ბავშვთა ფონდიდან მისმა წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა, ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. პანდემია და საგანგებო მდგომარეობა კი ამ თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივი პროექტისთვის ყველაზე ნაყოფიერი ნიადაგი აღმოჩნდა. როდესაც განათლებაში მიმდინარე პროცესებს დავაკვირდით, მივხვდით, რომ ამ ეტაპზე მასწავლებლებს უფრო მეტი და სისტემური ხასიათის დახმარება სჭირდებოდათ საგანმანათლებლო რესურსების კუთხით. ინტერნეტში ბევრი რესურსი იდებოდა გაბნეულად, რასაც ზოგიერთი მასწავლებელი პირად ფეისბუქზე, ზოგი კი ჯგუფებსა და ბლოგებში აქვეყნებდა. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს სისტემურობა, მეთოდოლოგიური ჩარჩო და ერთ სივრცეში თავმოყრა აკლდა საიმისოდ, რომ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს მათი მიკვლევა და გამოყენება უფრო ადვილად შეძლებოდათ.

ზოგადად, იმაზე გათვლა, რომ ყველა მასწავლებელი ერთნაირად ეფექტიანად და შემოქმედებითად მიუდგება სასწავლო რესურსების მომზადებას, ჩემი აზრით, მცდარია. ზოგიერთი მასწავლებელი კარგად ატარებს გაკვეთილს, თუმცა ურჩევნია უკვე გამზადებული რესურსები გამოიყენოს, ვიდრე თავად შექმნას ისინი. ამასთან, არიან მასწავლებლები, რომლებიც მრავალფეროვან და საინტერესო მასალას ამზადებენ სასწავლო პროცესის განვითარებისთვის. ასეთ პედაგოგებს სჭირდებათ პლატფორმა, სადაც შეძლებენ საკუთარი ნაშრომის განთავსებას და სხვებისთვის გაზიარებას. გადავწყვიტეთ ამ მიმართულებით გვემუშავა და მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის მეტი საინტერესო დავალების მომზადებისთვის შეგვეწყო ხელი. პროექტის კონცეფცია კარგი გამოვიდა. იუნისეფთან ერთად, ჩვენი დიდი ხნის მხარდამჭერი გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი შემოგვიერთდა და ნელ-ნელა სხვა მხარდამჭერების დაინტერესებაც დაიწყო.

პროექტის ფარგლებში დავალებების შესაქმნელად დაკომპლექტდა მასწავლებლების გამორჩეული გუნდები მათემატიკის, წიგნიერების, საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებების მიმართულებით. სამინისტროს მხრიდან პროცესში ეროვნული სასწავლო გეგმების საგნობრივი ექსპერტები ჩაერთნენ, პარალელურად „ემისთან“ (EMIS) შევთანხმდით ამ რესურსების el.ge-ზე განთავსებაზე. მოკლედ, პროექტი დაიძრა.

მოგვიანებით, „ტელესკოლის“ დახმარებით, დავამატეთ „სკოლამდელის“ კომპონენტიც და დავიწყეთ ფიქრი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვისაც დამხმარე რესურსების შექმნაზე. სამწუხაროდ, ერთ-ერთმა ფონდმა უარი გვითხრა ამ რესურსების სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნაში დახმარებაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სხვა თანამოაზრეებს ვიპოვით და ეს საქმეც გამოვა.

იმედია, უახლოეს მომავალში სწავლის მართვის ეროვნული ელექტრონული სისტემა გვექნება და ყველა ის რესურსი, რომელიც ჩვენი თუ სხვა პროექტებისა და ინდივიდუალური ინიციატივების შედეგად შეიქმნა, იქ მოიყრის თავს. ეს საშუალებას მოგვცემს უკეთ გავმართოთ მოსწავლე-მასწავლებელს შორის ურთიერთკავშირის სისტემა, ყველა მასწავლებელს მივცეთ საკუთარი რესურსების გაზიარების შესაძლებლობა, გავხადოთ დავალებები უფრო ინტერაქტიული და ა.შ.

კიდევ ბევრი საინტერესო ინიციატივის შესახებ შეიძლება საუბარი, მაგრამ ეხლა მთავარია ჩვენზე მეტად სახელმწიფომ სიღრმისეულად გააანალიზოს განვლილი პერიოდი და პოსტკოვიდ პერიოდში სწორი ორიენტირები დასახოს მომავალი გამოწვევებისათვის.

დასასრული. მიღწევების განმტკიცება და პასუხი გამოწვევებზე

ფოტოგრაფიაში ნეგატივისგან პოზიტივის (საბოლოო, სასურველი გამოსახულების) მიღება გამჟღავნების - ანუ მასში შუქის გატარებისა და ფოტო ქაღალდზე ექსპონირების - შედეგად ხდება. ზუსტად იგივე პროცესია აუცილებელი განათლების პოლიტიკაშიც, იქნება ეს საგანგებო მდგომარეობის დროს თუ მშვიდობიანობისას. აუცილებელია გავამჟღავნოთ, გავაშუქოთ, კარგად გამოვააშკარაოთ ის ნაკლოვანებები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ პროცესებს ახლავს და მოვახდინოთ მათი საფუძვლიანი შესწავლა. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაიგეგმოს კონკრეტული ინტერვენციები და ეს გეგმა თანმიმდევრულად განხორციელდეს. ზემოხსენებული გამჟღავნება, რა თქმა უნდა, დადებით, ძლიერ მხარეებსაც ეხება, რათა მათ უკეთ დაეჭიროს მხარი და, შესაძლებლობის შემთხვევაში, განზოგადდეს და გავრცელდეს.

როგორც ვთქვით, პანდემიის პერიოდმა ბევრი კარგი საქმე წარმოაჩინა, ბევრი პრობლემა გაამწვავა და სისტემის წინაშე არსებული გამოწვევები კიდევ უფრო მკაფიოდ დაგვანახვა.

ამ ტექსტის წერისას ხშირად ვიყენებდი სიტყვებს „ზოგიერთი“, „მასწავლებლების ნაწილი“, „რამდენიმე“ და სხვა მისთანებს. ამგვარი მსჯელობა ბლოგის ან ფეისბუქსტატუსების წერის დროს კიდევ მისაღებია, მაგრამ განათლების პოლიტიკის ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღებისას - სრულიად დაუშვებელი. თითოეული ამ სიტყვის ნაცვლად აუცილებელია მოცემული იყოს სანდო კვლევებით გამყარებული კონკრეტული რიცხვები და დასკვნები. მტკიცებულებებზე დამყარებული გადაწყვეტილების მიღება განათლების მართვის ჩვენში დამკვიდრებული სტილისთვის ყოველთვის პრობლემა იყო და, სამწუხაროდ, კვლავაც პრობლემად რჩება.

იმისთვის, რომ ამ შედარებით მოკლე დროის განმავლობაში მიღებული გამოცდილება ჩვენი სისტემის სასიკეთოდ გამოვიყენოთ, საჭიროა სიღრმისეულად ვიკვლიოთ ყველა პროცესი და მოვიპოვოთ როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევის მონაცემები. მათ შორის უმნიშვნელოვანესია შევისწავლოთ:

1. რამდენი მოსწავლე იღებდა განათლებას დისტანციურად - რა ინტენსივობით, რა ფორმით, რა რესურსების გამოყენებით და როგორი ხარისხით. ჰქონდათ თუ არა მათ დამოუკიდებელი სამუშაოები, რა ტიპის უკუკავშირს იღებდნენ მასწავლებლებისგან და ა.შ.;

2. რამდენი მოსწავლე ვერ იღებდა დისტანციურ განათლებას, რა იყო ამის განმაპირობებელი ფაქტორები, იღებდნენ თუ არა ისინი განათლებას რაიმე ალტერნატიული მეთოდით და ა.შ.;

3. რამდენი მასწავლებელი ატარებდა დისტანციურ გაკვეთილებს, რა მეთოდების გამოყენებით. რომელი ელექტრონული პლატფორმით ასწავლიდნენ, როგორ ხდებოდა გაკვეთილების ორგანიზება, რა დამატებით რესურსებს იყენებდნენ და/ან ქმნიდნენ თუ არა საკუთარს. აძლევდნენ თუ არა მოსწავლეებს დამოუკიდებელ სამუშაოს, როგორ ახდენდნენ უკუკავშირს მათთან. რა პრობლემებს აწყდებოდნენ სწავლების პროცესში ან მისი ორგანიზების დროს. რა ტიპის საჭიროებები გამოიკვეთა ამ პროცესში, როგორი მხარდაჭერა იყო ეფექტიანი და ა.შ.;

4. რამდენი მასწავლებელი ვერ ან ნაწილობრივ ახერხებდა დისტანციური გაკვეთილების ჩატარებას, რა იყო ამის მიზეზები. რა ტიპის დახმარებას საჭიროებდნენ და რატომ ვერ იღებდნენ ამ დახმარებას. რა ტიპის დამატებითი ცოდნის მიღებასა და უნარების განვითარებას ისურვებდნენ. როგორი იყო კომუნიკაცია სკოლასა და სისტემის სხვა ერთეულებთან და ა.შ.

5. რამდენი სკოლა ახორციელებდა დისტანციურ განათლებას და როგორი იყო მასში მოსწავლეთა ჩართულობა. როგორ ახდენდნენ პროცესის ორგანიზებას, რა პრობლემებს აწყდებოდნენ, რას მიიჩნევენ ძლიერ მხარეებად, რა ტიპის დახმარებას საჭიროებენ და ა.შ.

6. რა ეფექტი ჰქონდა სამინისტროს და სამოქალაქო სექტორის მიერ ინიცირებულ პროექტებს (ტელესკოლა, iსკოლა და სხვა). რამდენი ადამიანი იყო მათში ჩართული; რა ფორმით, როგორ ხორციელდებოდა უკუკავშირი და შეფასება; რა გავლენა იქონიეს მათ მოსწავლეთა განათლების ხარისხსა და ხელმისაწვდომობაზე და ა.შ.

ამ არასრულ ჩამონათვალში დასახელებული საკითხებიდან ინფორმაცია ამოღებული უნდა იქნეს მინიმალური ცდომილებით, გეოგრაფიული მდებარეობის, სკოლების, კლასების, საგნების, სოციო-ეკონომიკური სტატუსების, სქესის, ასაკის, ეთნიკური კუთვნილების, მშობლიური ენისა და სხვა მრავალი ჭრილის მიხედვით. ასევე უნდა გაანალიზდეს ხარჯების ეფექტიანობა და ლოგისტიკური შესაძლებლობები.

საბოლოოდ, რაც მეტი იქნება ცვლადი, მით უფრო კომპლექსური იქნება ანალიზი, მასზე დამყარებული გადაწყვეტილებები კი - უფრო შედეგზე ორიენტირებული და ეფექტიანი. მხოლოდ საზოგადოების, დაინტერესებული მხარეებისა და სპეციალისტების ჩართულობით, ინფორმაციის დამუშავებით, სხვადასხვა მოსალოდნელი სცენარების გათვლითა და გადაწყვეტის ალტერნატიულ ვერსიებზე მსჯელობით იქნება შესაძლებელი სწორი პოლიტიკის შემუშავება და მისი თანმიმდევრული გატარებით ჩვენი მოქალაქეებისათვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზება.

მჯერა, რომ, სწორი პოლიტიკის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება არა მარტო კორონავირუსის პანდემიის უარყოფითი ეფექტის მინიმიზაცია, არამედ მისთვის პოზიტიური ტრანსფორმაციის კატალიზატორის ფუნქციის მინიჭება და განათლების სისტემის განვითარების დაჩქარება.

გისურვებთ წინსვლას და ჯანმრთელობას!

სტატია მომზადებულია კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისთან თანამშრომლობით.

გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს რადიო თავისუფლებისა და კონრად ადენაუერის ფონდის მოსაზრებებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG