Accessibility links

COVID-19: სად იმალება უდიდესი საფრთხე და რა (არ) ვიცით


მართალია, ექვსი თვე გავიდა და 4 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, მაინც ბევრი რამ არის, რაც არ ვიცით კორონავირუსის შესახებ. არ ვიცით, მაგალითად, - ვის, სად და რამდენად ძლიერად ემუქრება ის.

„კვლავაც ვიგებთ მოულოდნელ სიახლეებს მის შესახებ“, - ამბობს მარჯორი პოლაკი, ნიუ-იორკელი ეპიდემიოლოგი და ახალი დაავადებების მონიტორინგის პროგრამის (ProMED) - ახალი დაავადებების და მთელ მსოფლიოში მათი ტოქსიკური ზემოქმედების ადრეულ ეტაპზე გამაფრთხილებელი სისტემის - ხელმძღვანელის მოადგილე.

პოლაკი ყურადღებით აკვირდებოდა კორონავირუსის მომაკვდინებელ გზას, როცა, 30 დეკემბერს, ფართოდ გაავრცელა გაფრთხილება „უჰანის საფრთხეზე“ და ამით დაეხმარა მსოფლიოს ყურადღება მიეპყრო კორონავირუსისთვის.

„რასაც ვხედავთ, არის ის, რომ ბევრი რამ არ ვიცით“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

აქ არის ეპიდემიოლოგების, მკვლევრებისა და დემოგრაფების მონახაზები იმის შესახებ, თუ, სავარაუდოდ, ვინ არის კორონავირუსის ყველაზე მოსალოდნელი მსხვერპლი.

რა გვგონია, რომ ვიცით

დაავადების შემთხვევათა შესახებ აქამდე ცნობილი მონაცემები მიუთითებს მათზე, ვინც COVID-19-ით დაავადების განსაკუთრებული საფრთხის ქვეშაა. ეს ჯგუფები მოიცავს ასაკოვან ადამიანებს და აგრეთვე მათ, ვისაც ჯანმრთელობის სერიოზული თანმდევი პრობლემები აქვთ.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) ამბობს, რომ რისკის ჯგუფში შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომელთაც აქვთ ჰიპერტონია ან სისხლის მიმოქცევის სხვა დაავადებები, ფილტვების ქრონიკული დაავადებები, დიაბეტი, ჭარბწონიანობა, ღვიძლის ან თირკმლების დაავადება, ან ადამიანები დასუსტებული იმუნური სისტემით.

(CDC) აღნიშნავს ასევე, რომ ბევრად მეტი მამაკაცი გარდაიცვალა ან ჰქონდა უფრო სერიოზული გართულებები, ვიდრე ქალებს. ეს ტენდენცია თითქმის ყველა ქვეყანაში შეიმჩნევა, მათ შორის ეს ადრეულ ეტაპზევე შენიშნეს ჩინეთშიც, სადაც წარმოიშვა კორონავირუსის ინფექცია.

თუმცა მკვლევრები მაინც თავს არიდებენ გამოთქვან გენდერული შეუთანხმებლობის მოსაზრება, რადგან ისინი შეისწავლიან ქცევით, იმუნურ რეაქციებს და სხვა მიზეზებს, რამაც შეიძლება ახსნას მამაკაცთა და ქალთა შორის ეს უთანასწორობა.

ასაკს აქვს მნიშვნელობა, მაგრამ არამხოლოდ მას. ზოგადად, ბავშვები ბევრად უფრო უკეთ გრძნობენ თავს ამ პანდემიისას, ვიდრე უფროსები.

მრავალრიცხოვანმა კვლევამ აჩვენა ძალიან დაბალი სიკვდილიანობა ამ ინფექციით დაავადებულ ბავშვთა შორის და, ასევე, COVID-19-ით სიკვდილის ნელ-ნელა მზარდი ტენდენცია 60 წლის ასაკამდე. 60 წლის ზემოთ სიკვდილიანობის რისკი მკვეთრად გაიზარდა.

ერთ-ერთმა პირველმა სერიოზულმა კვლევამ, რომელიც სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში დაიბეჭდა, აღწერა „სასიკვდილო რისკის ძლიერი ასაკობრივი გრადიენტი“.

The Lancet-ის უფრო გვიანდელმა კვლევამ, რომელიც ათობით ათას შემთხვევას ემყარებოდა, აჩვენა, რომ სიკვდილიანობა ზრდასრულ პაციენტებს შორის, რომელთა ასაკი 30 წლის ფარგლებში იყო, 0,15 პროცენტს შეადგენდა, ანუ 15-ს 10 000 პაციენტიდან, მაშინ როცა 13,4 პროცენტი იყო, ანუ, დაახლოებით, 1500 პაციენტი 10 000-დან, 80-ის და კიდევ უფრო მეტი წლის პაციენტებს შორის. ​

თუმცა სიკვდილიანობის დიდი რაოდენობა მოზარდებს შორის (თინეიჯერობამდე და თინეიჯერობის ასაკში) საფრანგეთში, ბელგიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში აუხსნელი დარჩა.

ნიუ-იორკის შტატში გასულ თვეს, დაახლოებით, 100 ბავშვი გამოავლინეს, რომელთაც კორონავირუსის ინფექციასთან შეხებისას ახალი დაავადება გამოაჩნდათ. ამას ექიმები აღწერენ როგორც კავასაკის დაავადებას, რომელიც იწვევს ანთებას მთელ ორგანიზმში, ან როგორც ტოქსიკური შოკის სინდრომს.

ჩრდილოეთი და სამხრეთი?

ინფექციის ყველაზე დიდი აფეთქებები მას შემდეგ, რაც კორონავირუსი, სავარაუდოდ, ცხოველებიდან ადამიანებზე გადავიდა გასული წლის ბოლოს, იყო ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, სადაც გაზაფხული და ზამთარი იყო.

ეს კანონზომიერებაა ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა ჩვეულებრივი გაციება და გრიპი, რომელიც, თავის მხრივ, შეიძლება გამოწვეული იყოს შვიდი კორონავირუსიდან ოთხით და, როგორც ცნობილია, ადამიანიდან ადამიანზე გადადის.

მაგრამ სანამ ჯერ კიდევ არსებობს ზოგიერთი პათოგენების გავრცელების გარკვეული სეზონური ასპექტები, ისინი ჯერ არ არის კარგად შესწავლილი და ამიტომ მათ COVID-19-ს ვერ მივაწერთ.

„კორონავირუსები უფრო ხშირია ცივ ამინდში, მაგრამ ყველა მათგანი არა“, თქვა გასულ კვირას დანიელ ზინგერმა, CDC-ის ცენტრალური აზიის განყოფილების რეგიონალურმა დირექტორმა. „ერთი კორონავირუსი არის ვირუსი, რომელიც იწვევს ახლო აღმოსავლეთის რესპირატორულ სინდრომს (MERS), და ეს ვირუსი აქლემებისგან მოდის ახლო აღმოსავლეთში - იქ, სადაც ძალიან თბილა. ამიტომ, არ ვიცით კანონზომიერება, რომელიც ზუსტად გვამცნობს, როგორ მოიქცევა ეს ვირუსი“.

ხალხმრავალი უბნები

არსებობს მნიშვნელოვანი მტკიცებულებები იმისა, რომ მჭიდრო საცხოვრებელი სივრცე კორონავირუსის ინფექციის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკფაქტორია.

„იქამდე, ვიდრე უჰანში ინფექცია საზოგადოებაში გავრცელდებოდა და ეპიდემია იფეთქებდა, იყო თვითონ ოჯახში დაავადების გადადების ძალიან ბევრი შემთხვევა“, უთხრა პოლაკმა რადიო თავისუფლებას და განმარტა: „ეს უფრო ერთ ოჯახში ხდება, როცა ხალხი ერთსა და იმავე ბინაში ცხოვრობს. როცა პატარა სახლი მეორე პატარა სახლის გვერდზეა, ანუ მჭიდრო დასახლება არ არის აუცილებელი, იყოს ინფექციის გავრცელების მიზეზი“.

ინფექციის გავრცელების ეს ფაქტორი შეიძლება გამოვლინდეს სხვა ადგილებში, მაგალითად, რუსეთში, სადაც შუა აზიიდან ჩასული მუშების დიდი რაოდენობაა და ხშირად ერთად ცხოვრობენ პატარა სივრცეში.

დიდი ოჯახები

მჭიდროდ, როცა ფიზიკური დისტანციის დაცვა ძნელია, არამხოლოდ ემიგრანტთა თემებია დასახლებული.

სხვა მხრივ, მყარი მოსახლეობა და რესურსები არ იძლეოდა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი ექნებოდა იტალიას. სამხრეთ ევროპის ეს ქვეყანა კონტინეტზე პირველ სამეულშია ამ კუთხით.

ერთ-ერთი დემოგრაფიული კვლევის თანახმად, იტალიას ახასიათებს გამორჩეული ურთიერთობა, საყოფაცხოვრებო სიახლოვე თაობებს - მოზრდილ შვილებსა და მშობლებს - შორის. სხვადასხვა თაობები ერთად როცა არ ცხოვრობენ, მაინც ხშირი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან.

კეთილდღეობის სპექტრის მეორე ბოლოში, ავღანეთში, ასევეა. ამ ქვეყანაში დიდ, გაფართოებულ ოჯახებში ერთად ცხოვრობენ თაობები, საშუალოდ, ცხრამდე წევრი, რაც, გაეროს თანახმად, უმაღლესი მაჩვენებელია მსოფლიოში.

ავღანეთში ინფიცირებულთა დადასტურებული რაოდენობა მოულოდნელად მცირეა და ის ხუთი ათასს უდრის, მაშინ როცა იქ 37 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მაგრამ ეს ისლამური რესპუბლიკა ასევე გამოირჩევა ტესტირებულთა მცირე რიცხვით: 18 ათას ავღანელს ჩაუტარდა ტესტირება, ანუ მილიონ მოსახლეზე 465-ს.

ახლოს მყოფი სასწრაფო დახმარება

ცხადია, პანდემიის პირობებში კარგია, როცა სამედიცინო დახმარების ობიექტი ახლოსაა.

მაგრამ ავტორები გამოკვლევისა „უმაღლესი მოთხოვნა საავადმყოფოებზე“, გაფრთხილებას გამოთქვამენ „საავადმყოფო უდაბნოების“ შესახებ ინგლისსა და უელსში, სადაც ერთობ მცირე რესურსებია კრიტიკულ ვითარებასთან გასამკლავებლად.

თუმცა პრობლემები შეიძლება შეექმნათ ქვეყნებს, სადაც, ერთი შეხედვით, არსებული პოტენციალი მისადაგებულია დემოგრაფიულ ვითარებასთან.

ეკონომიური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას (OECD) მოჰყავს სტატისტიკური მონაცემები, რომელთა თანახმად, რუსეთი ერთ სულ მოსახლეზე საავადმყოფოების საწოლების რაოდენობით პირველ ადგილზეა. საქართველოს ჩრდილოელ მეზობელ სახელმწიფოში ათას ადამიანზე რვა საწოლი მოდის, რითაც ის ჩამორჩება იაპონიას (13) და სამხრეთ კორეას (12).

მაგრამ წლის დასაწყისში რუსეთის მაკონტროლებელმა უწყებამ, აუდიტის სამსახურმა, გაფრთხილება გამოთქვა, რომ არის კვალიფიცირებული ექიმების ნაკლებობა, რომ ასი ათასამდე სამედიცინო დაწესებულების შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ მათ მესამედს წყალგაყვანილობა არა აქვს, კიდევ უფრო მეტს კი არ გააჩნია ცენტრალური გათბობა და კანალიზაცია.

შეიძლება თუ არა ადგილობრივი საავადმყოფოს გაფართოება

„ჩემი აზრით, ყველაზე ცუდი ადგილია ის, სადაც ჯანმრთელობის დაცვას ვერ ახერხებენ“, - ამბობს პოლაკი.

თვით ჩრდილოეთ იტალიაში, სადაც თავიდან ვითარება მძიმე იყო, საბოლოო ჯამში, შეძლეს სამედიცინო რესურსების მობილიზება, რათა წინ აღდგომოდნენ კოვიდ-19-ის აფეთქებას, ამბობს ის.

ნაკლებად სახარბიელო ვითარებაა, მისი თქმით, ორ ქალაქში ამაზონის ხეობაში, ბრაზილიასა და პერუში, რომლებსაც ინფექციის აფეთქება აწი მოელით. ისინი თითქოს ემსგავსებიან იტალიას, რომელიც, ჩინეთის შემდეგ, პირველ მსხვილ ეპიცენტრად გადაიქცა. „განსხვავება ისაა, რომ იტალიამ, საბოლოო ჯამში, მიიღო აუცილებელი საქონელი“, - ამბობს პოლაკი.

მთავრობის მიმართ ნდობა

ავტორები მიმდინარე საერთაშორისო გამოკვლევისა, რომლებიც „მსოფლიოში COVID-19-ის პირობებში ქცევისა და ნდობის განსაზღვრას“ სწავლობენ, ვერ ხედავენ კავშირს ნდობისა და პანდემიის სიმწვავეს შორის იმ ქვეყნებში, რომლებიც მათ კვლევის ობიექტს წარმოადგენენ.

სამაგიეროდ, ისინი ამტკიცებენ, რომ „მთავრობის მიმართ უნდობლობა დაკავშირებულია ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებასთან“, უთხრა რადიო თავისუფლებას ჰარვარდის ბიზნესის სკოლის ორგანიზებული ქცევის განყოფილების თანამშრომელმა, გამოკვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, ჯონ ჯაკიმოვიცმა.

ისიც მართალია, რომ ამ კვლევაში მონაწილე რესპონდენტებმა კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებული რამდენიმე ქვეყნიდან თავიანთი ქვეყნების მთავრობები შეაფასეს, როგორც ყველაზე „არასარწმუნო“.

51 ქვეყანაში პირველი 85 ათასი რესპონდენტის გამოკითხვის შედეგად, ვენესუელა, რუსეთი, აშშ და ბელარუსი აღმოჩნდნენ იმ ათ სახელმწიფოთა რიცხვში, სადაც ყველაზე ნაკლები „ფაქტობრივი სიმართლე“ იყო კორონავირუსის აფეთქების შესახებ.

ოფიციალური მონაცემებით, აშშ, ესპანეთი და რუსეთი არიან პირველ ადგილზე COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით: აშშ-ში 1,4 მილიონი ინფიცირებულია, 270 ათასი - ესპანეთში და 242 ათასზე მეტი - რუსეთში.

ვენესუელის რიცხვები დაბალია, მაგრამ ისინი საეჭვოა, როგორც „უცნაური“, ისევე როგორც ანტისხეულებზე ტესტირების ეფექტიანობის სტრატეგია.

ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს, თვეები დასჭირდა, რათა პანდემიის სერიოზულობა დაენახა და შესაძლოა ცრუობდა რიცხვების თაობაზე.

ამასობაში, ოფიციალური მონაცემებით, ამ ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვმა მიაღწია 25 ათასს და ერთ სულ მოსახლეზე დაავადებულთა რიცხვი 25 გახდა.

რესპონდენტები ყველაზე სანდო მთავრობებად მიიჩნევენ სინგაპურის, დანიისა და ლატვიის ხელისუფლებებს. ამ ქვეყნებმა მოახერხეს დროულად მიეღოთ ეფექტიანი, ერთმანეთისგან განსხვავებული, ზომები, რითაც მიაღწიეს კორონავირუსის გავრცელების შენელებას, სხვა ქვეყნებთან შედარებით.

COVID-19-ის საფრთხეების თაობაზე კვლევისას გამოკითხულებმა ესპანეთი და გაერთიანებული სამეფო, მსოფლიოს ორი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანა, „სიყალბის“ მხრივ იმავე საფეხურზე მოათავსეს, რომელზეც ალბანეთი და სლოვაკეთი - სახელმწიფოები, რომლებსაც, სტატისტიკის თანახმად, ნაკლებად შეეხოთ კორონავირუსი.

შინ თუ სამსახურში

COVID-19-ის საფრთხეებთან დაკავშირებული ბევრი გამოკვლევა მიუთითებს სამუშაო პირობებზე, როგორიცაა სამსახურში სიარული და სახლიდან მუშაობის შესაძლებლობა, მჭიდრო სამუშაო ადგილები, ასევე დამსაქმებელთა მიერ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალებების გამოყენება და საგანგებო ზომების ამოქმედება. აშშ-ში, კალიფორნიაში, ჩატარებული კვლევით, მათი 90 პროცენტი, ვინც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, აცხადებს, რომ „არ შეუძლიათ სახლიდან მუშაობა“.

დანიისა და უელსის ბოლოდროინდელი მონაცემებით, იმ კაცებს შორის, ვის საქმიანობასაც არ სჭირდება გარკვეული კვალიფიკაცია, ორჯერ მაღალია სიკვდილიანობა, ვიდრე შრომისუნარიან კაცებს შორის.

იმ ფონზე, როცა სათანადო მხარდაჭერა სჭირდებათ ჯანდაცვაში დაკავებულებს და როცა აღიარებულია მომსახურების სფეროს მუშაკთა წინაშე არსებული საფრთხე, - რამდენადაც მათთვის უცნობია, აქვთ თუ არა შეხება ინფიცირებულ ადამიანებთან, - შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას (ILO ) არ სურს გამოყოს საგანგებო სექტორები, რომლებიც განსაკუთრებული საფრთხის მატარებლები არიან.

სამაგიეროდ, ამ ორგანიზაციის დასაქმებულთა ჯანმრთელობის საქმის სპეციალისტი, შენგლი ნიუ, ხაზს უსვამს დამსაქმებელთა და ჯანდაცვის ადგილობრივ უწყებათა შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას.

„ინფიცირების ან ვირუსის გავრცელებისგან თანამშრომელთა დაცვის მიზნით, დამსაქმებელმა უნდა გაატაროს გარკვეული ზომები და საამისოდ უნდა ჰქონდეს პოლიტიკა და პროგრამა“, - ამბობს ნიუ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG