Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

CPJ: სასჯელი არ მოჰყოლია ბოლო ათწლეულში მოკლული ჟურნალისტების შემთხვევების 81 პროცენტს


თალიბანის მებრძოლი ცდილობს შეაჩეროს ჟურნალისტი, რომელიც ქალთა უფლებების დამცველთა საპროტესტო აქციას აშუქებს ქაბულში. 2021 წლის 21 ოქტომბერი
თალიბანის მებრძოლი ცდილობს შეაჩეროს ჟურნალისტი, რომელიც ქალთა უფლებების დამცველთა საპროტესტო აქციას აშუქებს ქაბულში. 2021 წლის 21 ოქტომბერი

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა (CPJ) 28 ოქტომბერს გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში გლობალური დაუსჯელობის შესახებ - გამოკვლევა სახელმწიფოებზე, „სადაც ჟურნალისტებს კლავენ და მათი მკვლელები თავისუფლად დადიან“.

სიაში 12 ქვეყანაა და ისინი, რიგითობის მიხედვით, შემდეგია - სომალი, სირია, ერაყი, სამხრეთი სუდანი, ავღანეთი, მექსიკა, ფილიპინები, ბრაზილია, პაკისტანი, რუსეთი, ბანგლადეში და ინდოეთი.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სამართლებრივი სასჯელი არ მოჰყოლია კორუფციის, ორგანიზებული დანაშაულის, ექსტრემისტული ჯგუფების და სამთავრობო შურისძიების გამო ბოლო ათწლეულში მოკლული 278 ჟურნალისტიდან 226-ის მკვლელობას. რაც ნიშნავს, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში მოკლული ჟურნალისტების საქმეების 81 პროცენტი დაუსჯელი დარჩა.

„როცა სამართალი კორუფციასა და პოლიტიკური ძალაუფლებისთვის მეტოქეობაზეა დამოკიდებული, ეს ძალები ახშობენ ჟურნალისტებს და იმ კრიტიკულ ამბებს, რომლებსაც ისინი ჰყვებიან“, - ამბობს CPJ-ის ადვოკატირებისა და კომუნიკაციების დირექტორი, ჯიფსი გილიენ კაიზერი. „უმნიშვნელოვანესია, ხელისუფლებებმა სრულად გამოიძიონ ეს დანაშაულები და შეაჩერონ მკვლელობით ცენზურა. ეს ამოცანა არ შეიძლება დაეკისროს ოჯახებს, კოლეგებს და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ სამართლიანობისთვის“, - დასძენს ის.

სომალი: ჟურნალისტებისთვის ყველაზე სახიფათო ქვეყანა

CPJ-ის თანახმად, ჟურნალისტების მკვლელობების გაუხსნელი საქმეების თვალსაზრისით მსოფლიოში ყველაზე უარეს სახელმწიფოდ სომალი რჩება. წინა წელთან შედარებით, ანგარიშში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შესულა და სომალის, მძიმე ვითარების ქონის თვალსაზრისით, კვლავ მოსდევენ სირია, ერაყი და სამხრეთი სუდანი. ანგარიშის ავტორები ამბობენ, რომ ამ ქვეყნებში კონფლიქტი, პოლიტიკური არასტაბილურობა და სუსტი სასამართლო მექანიზმები ძალადობის ციკლის კვლავ და კვლავ მოქმედებას განაპირობებს.

ავღანეთში ვითარება დრამატულად გაუარესდა

თუმცა, ბოლო მონაცემები - რომლებიც ფარავს 2011 წლის 1 სექტემბრიდან 2021 წლის 31 აგვისტომდე პერიოდს - სრულად არ ასახავს იმ მზარდ საფრთხეებს, რომლებიც ჟურნალისტებს ავღანეთში ემუქრება. წინა ორი წლის მსგავსად, CPJ-ის ანგარიშში ავღანეთი მეხუთე ადგილს იკავებს - თუმცა, იმის მიუხედავად, რომ სიაში მისი ადგილი არ შეცვლილა, ადგილზე მომუშავე ჟურნალისტებისთვის ვითარება დრამატულად გაუარესდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებას თალიბანი დაეპატრონა, აშშ-ის და კოალიციის ძალების გასვლის და პრეზიდენტ აშრაფ ღანის მიერ ქვეყნის დატოვების ფონზე. თალიბანის მხრიდან ძალადობის შიშით ქვეყანა დატოვა ასობით ჟურნალისტმა, რომლებსაც ახსოვთ თალიბანის წინა მმართველობის პერიოდში ამ ჯგუფის სისასტიკე პრესის თავისუფლების მიმართ. CPJ წერს, რომ ავღანეთში ბოლო 10 წლის განმავლობაში მოკლული 17 ჟურნალისტის საქმეებზე სამართლის დადგენა ისედაც რთული იყო, ხოლო ახლა მკვლელების დაუსჯელობამ იქ შესაძლოა ისევე ფართოდ მოიკიდოს ფეხი, როგორც ეს სომალიში და სიის სათავეში მყოფ სხვა ქვეყნებში ხდება.

2021 წლის მარტში ტელევიზიის სამი თანამშრომელი ქალი მოკლეს ავღანეთში, აღმოსავლეთ ქალაქ ჯალალაბადში განხორციელებული ორი სხვადასხვა თავდასხმის შედეგად.
2021 წლის მარტში ტელევიზიის სამი თანამშრომელი ქალი მოკლეს ავღანეთში, აღმოსავლეთ ქალაქ ჯალალაბადში განხორციელებული ორი სხვადასხვა თავდასხმის შედეგად.

CPJ აღნიშნავს, რომ ავღანეთის სასამართლო სისტემა კოლაფსშია, ჟურნალისტები ამბობენ, რომ სასამართლოები იხურება, იურისტები ქვეყანას ტოვებენ, ქალი მოსამართლეები კი იძულებულნი არიან, დაიმალონ. ამას ემატება ის გარემოებაც, რომ ავღანეთის წინა მთავრობასთან შედარებით თალიბანისგან კიდევ უფრო ნაკლებადაა მოსალოდნელი რეაგირება ადგილობრივ თუ საერთაშორისო მოწოდებებზე, ქვეყანაში დასრულდეს დაუსჯელობა ჟურნალისტთა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე.

თალიბანის მიერ დადებული პირობა, რომ პრესის თავისუფლებას დაიცავდა, აზრს მოკლებულია მაშინ, როცა ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე მისმა მებრძოლებმა უამრავი დარღვევა განახორციელეს მედიის თანამშრომლების მიმართ, მათი ცემის და განურჩეველი დაკავების ჩათვლით, - წერს CPJ. და, იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წელს მოკლული ხუთი ჟურნალისტიდან სულ მცირე ორს - რადიო თავისუფლების ავღანური სამსახურის რეპორტიორს, ელიას დაის და თავისუფალ ჟურნალისტ რაჰმატულა ნიკზადს - თალიბანი ემუქრებოდა, ძალიან მცირე შანსია იმისა, რომ ავღანეთში თალიბანის ახალი მთავრობა მკვლელებს გამოავლენს, - წერს ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი.

ამასთან, ავღანელ ჟურნალისტებს ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოსგანაც“ ემუქრება საფრთხე. ამ ჯგუფმა პასუხისმგებლობა იკისრა 2018 წლის აპრილში თვითმკვლელი მოიერიშის მიერ მედიის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმაზე, რომელსაც სულ მცირე ცხრა ჟურნალისტი ემსხვერპლა, ისევე, როგორც შურისძიებით ჩადენილ მკვლელობებზე, მაგალითად, ჟურნალისტ მალალაი მაივანდის მკვლელობაზე 2020 წლის მიწურულს. მას შემდეგ, რაც 2021 წლის აგვისტოში ხელისუფლებას თალიბანი დაეპატრონა, „ისლამური სახელმწიფოს“ ადგილობრივმა მოკავშირემ, „ისლამურმა სახელმწიფო - ხორასანმა“ განაცხადა, რომ ის იდგა რამდენიმე სისხლიანი თავდასხმის, მათ შორის, ქაბულის აეროპორტზე და თალიბანის წინააღმდეგ განხორციელებული იერიშების უკან.

მღელვარე ათწლეული

ათწლეული, რომელსაც ანგარიში მოიცავს, მღელვარე იყო. ამ პერიოდში სირიაში დაიწყო სამოქალაქო ომი, იყო მასობრივი გამოსვლები არაბული მთავრობების წინააღმდეგ, მედიის თანამშრომლების წინააღმდეგ თავდასხმები ხორციელდებოდა ორგანიზებული დანაშაულის ქსელებისა და ექსტრემისტული ჯგუფების წარმომადგენლების მხრიდან. ამ პერიოდში მსოფლიოს გარშემო 278 ჟურნალისტი იქნა მოკლული თავიანთი საქმიანობის გამო - და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აქედან 226 მკვლელობაზე არავინ უცვნიათ დამნაშავედ.

ანგარიშვალდებულების ნაკლებობის ასეთი ენდემური ბუნების გამო, CPJ-ის სიაში შესული 12-ვე ქვეყანა ამ ანგარიშში ბევრჯერ ფიგურირებდა მას შემდეგ, რაც კომიტეტმა 2008 წელს პირველად დაიწყო ასეთი მონაცემების შეგროვება, შვიდი სახელმწიფო კი ყოველ წელს ხვდებოდა სიაში.

ჟურნალისტებს საფრთხე ემუქრება მექსიკაშიც

უკვე მეორე წელია სიაში მეექვსე ადგილს იკავებს მექსიკა. მიუხედავად იმისა, რომ 2020 და 2021 წლებში მნიშვნელოვანი განაჩენები იქნა გამოტანილი ჟურნალისტების, ხავიერ ვალდეს კარდენასის და მიროსლავა ბრიჩის მკვლელობის საქმეებში, CPJ წერს, რომ მექსიკაში ჟურნალისტების სამიზნეში ამოღება კვლავ შემაშფოთებლად ხშირია. კომიტეტის მიერ ჩატარებული კვლევისას დადგინდა, რომ 2021 წელს მექსიკაში თავიანთი სამუშაოს გამო სულ მცირე სამი ჟურნალისტი მოკლეს ისე, რომ ამ მკვლელობების გამო არავინ დასჯილა, 2020 წელს კი ასეთი ბედი ოთხ ჟურნალისტს ეწია.

განაჩენები ჟურნალისტთა მკვლელობის გახმაურებულ საქმეებზე

მსოფლიოს გარშემო 2020 წელს სულ მცირე 22 ჟურნალისტი მოკლეს მათი საქმიანობის გამო შურისძიების მიზნით, რაც ორჯერ და მეტჯერ აჭარბებს 2019 წლის გლობალურ მონაცემს.

CPJ წერს, რომ 2021 წელს აღირიცხა განაჩენების გამოტანა, ან სხვა სახის დადებითი განვითარება ჟურნალისტთა მკვლელობის კიდევ ორ გახმაურებულ საქმეში, იმ ქვეყნებში, რომლებიც კომიტეტის სიაში არ არიან.

მალტაში ბიზნესმენ იორგენ ფენეკს აგვისტოში წაუყენეს ბრალი მისი შესაძლო როლისთვის 2017 წელს გამომძიებელი ჟურნალისტის, დაფნეი კარუანა გალიციას მკვლელობის საქმეში - რასაც ჟურნალისტის დამ, კორინე ველამ, „სამართლის ძიების პროცესში შემობრუნება“ უწოდა. თებერვალში ამ მკვლელობაში ბრალდებულმა ერთ-ერთმა პირმა დანაშაული აღიარა და კარუანა გალიციას მკვლელობის გამო მას 15 წლით მიუსაჯეს პატიმრობა.

სლოვაკეთში კი, ივნისში, უზენაესმა სასამართლომ გააუქმა გამამართლებელი განაჩენები, რომლებიც მანამდე გამოუტანეს ორ ბრალდებულს 2018 წელს გამომძიებელი ჟურნალისტის, იან კუჩიაკის და მისი საცოლის მკვლელობის საქმეში. CPJ წერს, რომ ამით შებრუნდა სამართლის ძიების პროცესი იმ ჟურნალისტისთვის, რომელიც, კარუანა გალიციას მსგავსად, აშუქებდა ევროკავშირში არსებულ კორუფციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG