Accessibility links

დონალდ ტრამპი აქებს შვილს „გამჭვირვალობისათვის“


პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და უმცროსი დონალდ ტრამპი. 2016 წლის 12 ივლისი

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვაჟიშვილი, უმცროსი დონალდ ტრამპი, აცხადებს, რომ მამისათვის არაფერი უთქვამს 2016 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში, რუს იურისტთან შეხვედრაზე, რადგან შეხვედრის დროს არ მიუღია ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიისათვის ღირებული ინფორმაცია.

ახლა უმცროსი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ მამის წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობაში, შესაძლოა, შეხვდა რუსეთის სხვა წარმომადგენლებსაც - და არა მარტო იურისტ ნატალია ვესელნიცკაიას. ვესელნიცკაიას კი შეხვდა მას შემდეგ, რაც წერილობით შეატყობინეს, რომ კრემლი იყო აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონისათვის პოტენციურად საზიანო ინფორმაციის წყარო და რომ ეს ინფორმაცია არის ნაწილი კრემლის ძალისხმევისა, გააძლიეროს დონალდ ტრამპის კანდიდატურა. ეს წერილი მას ელფოსტით გაუგზავნა პუბლიცისტმა რობ გოლდსტოუნმა. ამავე წერილის თანახმად, იურისტი ვესელნიცკაია ამბობდა, რომ ფლობდა ინფორმაციას შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის ეროვნულ კომიტეტთან დაკავშირებულ უკანონო ქმედებებზე და ეს ინფორმაცია, შესაძლოა, გამოსადეგად ჩაეთვალა უმცროს ტრამპს.

მაგრამ, როგორც უმცროსი ტრამპი ახლა ამბობს, ასე არ მოხდა: „არაფერი არ ყოფილა, არაფერი იყო (მამაჩემისათვის) სათქმელი! იცით, არც კი გამახსენდებოდა, ამ თემის ქექვა რომ არ დაწყებულიყო. უბრალოდ, 20 წუთი დავკარგე, რაც ძალიან საწყენი იყო“, - უთხრა უმცროსმა დონალდ ტრამპმა 11 ივლისს ნიუ-იორკში ტელეკომპანია "ფოქს ნიუსს".

ნატალია ვესელნიცკაია კი მოსკოვში ესაუბრა ჟურნალისტებს და უარყო ცნობა, თითქოს ფლობდა ჰილარი კლინტონზე კომპრომატებს. ეს მართალი არ არის. უმცროს ტრამპს ასე უთხრეს, მაგრამ ეს ორი სხვადასხვა რამეაო, ამბობს რუსი იურისტი, რომელიც უარყოფს რუსეთის ხელისუფლებასთან ყოველგვარ კავშირს. თავის მხრივ, უმცროსმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ არ უცდია რუსეთის წარმომადგენლებთან მოქმედების რამენაირად კოორდინირება არჩევნებზე გავლენის მოსახდენად და არ უცდია არც ზიანის მიყენება მამის დემოკრატი მეტოქის, ჰილარი კლინტონის კანდიდატურისათვის.

მაგრამ ამერიკელი კონგრესმენების ნაწილი ფიქრობს, რომ ვესელნიცკაიასთან უმცროსი დონალდ ტრამპის შეხვედრა რუსეთთან შეთქმულების ნიშნებს ატარებს.

„ძალიან პრობლემური საკითხია. ვერ დავუშვებთ, რომ უცხო ქვეყნების მთავრობები რომელიმე კანდიდატის საარჩევნო კამპანიას დაუკავშირდნენ და უთხრან, გვინდა დაგეხმაროთო. ეს დაუშვებელია“, - უთხრა ვაშინგტონში ჟურნალისტებს რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა მას შემდეგ, რაც უმცროსმა დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა ელფოსტით მიმოწერა, რომელშიც საუბარია რუსეთის შეთავაზებაზე, ტრამპის გუნდს მიაწოდონ კომპრომატები ჰილარი კლინტონზე.

ამ მიმოწერის გამოქვეყნებას საქები „გამჭვირვალობა“ უწოდა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. ამავე დროს, მან ტვიტერში კიდევ ერთხელ გამოხატა უარყოფითი დამოკიდებულება რუსეთთან მისი საარჩევნო კამპანიის სავარაუდო კავშირების გამოძიებისადმი, რომელსაც ისევ „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა.

უმცროსი დონალდ ტრამპის გარშემო მითქმა-მოთქმა ახსენეს 11 ივლისს თეთრი სახლში გამართულ ბრიფინგზეც. „მოკლე განცხადებაა, რომელიც პრეზიდენტს ეკუთვნის და მას ახლა წავიკითხავ: ჩემი შვილი საუცხოო პიროვნებაა და

მინდა შევაქო ასეთი გამჭირვალობისათვის“, - ეს სიტყვები 11 ივლისს გამართულ ბრიფინგზე წარმოთქვა თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა ჰაკაბი სანდერსმა. 12 ივლისს კი რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა კიდევ ერთხელ უარყო აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის ბრალდება.

შეერთებული შტატების ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს ჯერ კიდევ 2016 წლის ივლისში აქვს დაწყებული მუშაობა იმის დასადგენად, ჰქონდათ თუ არა დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის წევრებს კანონით აკრძალული კავშირი რუს ოფიციალურ პირებთან. წელს, იანვარში, შეერთებული შტატების დაზვერვის უწყებებმა გამოაქვეყნეს დასკვნა, რომელშიც საუბარია მოსკოვის ძალისხმევაზე, კიბერთავდასხმებითა და პროპაგანდით მოეხდინა გავლენა აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG