Accessibility links

2017 წლის გაზაფხულის დადგომასთან ერთად აქტუალური ხდება სოფლის მეურნეობის პროექტების მიმდინარეობა. როგორც ცნობილია, ამ მიმართულებით 2017 წლის ბიუჯეტში დაფინანსება შემცირებულია და, მაგალითად, საზაფხულო ხვნის პროექტი, რომელიც 5 ჰექტარამდე მიწის მფლობელებისთვის მიწის უფასოდ მოხვნას გულისხმობდა, აღარ გრძელდება.

ე.წ. ,,ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკის გარდა, დიდი ალბათობით, ამის ერთ-ერთ მიზეზი პროექტის არაეფექტიანობაა. დანახარჯებმა ვერ უზრუნველყო მოხნულ მიწაზე სოფლის მეურნეობის პროდუქტის წარმოების დანერგვა და, შესაბამისად, ვერც ამ სფეროს წილი გაიზარდა მშპ-ში მნიშვნელოვნად (ეს წილი ამჯერად დაახლოებით 11 %-ის ფარგლებში მერყეობს).

მიუხედავად ამისა, არსებობს პროექტები, რომლებზეც მთავრობამ უარი არ თქვა. ერთ-ერთი მათგანია აგროდაზღვევის პროექტი. მინისტრთა კაბინეტმა გასული კვირის მიწურულს აგროდაზღვევის პროექტი დაამტკიცა. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება, აგროდაზღვევის პროგრამაში მიმდინარე წლიდან სახელმწიფოს თანამონაწილეობა ყველა კულტურაზე 70 % იქნება, ხოლო ვაზზე - 50%. მათივე ინფორმაციით, აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობასა ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს არა უმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში - არა უმეტეს 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე, ნებისმიერ ბენეფიციარს, რომელიც ფლობს, მაგალითად, 30 ან 100 ჰექტარს, შეუძლია 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დაზღვევისას სახელმწიფოსგან თანადაფინანსება მიიღოს.

გასული წლისგან განსხვავებით, წელს მოცდის ვადა შემცირდა და ის სადაზღვევო პოლისის გაცემის თარიღიდან 4 დღით განისაზღვრა.
აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართვა შეეძლება საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ლიცენზირებულ სადაზღვევო კომპანიას.
აგროდაზღვევის ახალი პროგრამისთვის ბიუჯეტიდან წელს 7 მილიონი ლარი გამოიყოფა.

შეგახსენებთ, რომ აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და უკვე 3 წელია მიმდინარეობს. პროექტის მიზანი აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნება და რისკების (სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა) შემცირებაა. პროექტის შედეგების მიმართ ფერმერებში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება იყო, რაც ძირითადად განაპირობა დაზღვევის ფასმა და, პარალელურად, ანაზღაურების ვადებმა თუ სხვა საკითხებმა.

ოფიციალური სტატისტიკა კი ასეთია: 2014- 2016 წლებში აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 47,485 პოლისი; დაზღვეული ფართობი შეადგენს 39,138 ჰა-ს; ჯამში, დაზღვეული იქნა 326,842,630 ლარის მოსავალი; ფერმერების მიერ დაზღვევის მომსახურებაში გადასახდელი თანხიდან სახელმწიფომ 22,051,912 ლარის სუბსიდირება მოახდინა; 2 წლის განმავლობაში ანაზღაურებულმა ზარალმა 19 მლნ ლარამდე შეადგინა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG