Accessibility links

სტარტს იღებს საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივა ფინანსური განათლების ამაღლებაზე


29 საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსური განათლების სტრატეგიის მართვის კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა. ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი სტრატეგია გასულ წელს შეიმუშავა. სტრატეგია მომხმარებელთა უფლებების დაცვის ინიციატივის ნაწილია და ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობისა და მოქალაქეების ფინანსური კეთილდღეობის მხარდაჭერას ემსახურება.

ფინანსური განათლების სტრატეგიის მართვის კომიტეტის შემადგენლობაში შედიან დაინტერესებული მხარეები სახელმწიფო სტრუქტურების, კერძო ფინანსური სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოებიდან. კომიტეტი პასუხისმგებელია შეიმუშაოს მიდგომები და რეკომენდაციები ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის განვითარება-დანერგვასა და საქართველოში ფინანსური განათლების მხარდაჭერის საკითხებთან დაკავშირებით.

კომიტეტის წევრებმა პირველ სხდომაზე უახლესი პერიოდის ძირითადი ამოცანები და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. საუბარი შეეხო ფინანსურ განათლებასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვას შორის არსებულ კავშირს. ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლების დონესა და ფინანსური განათლების კუთხით ეროვნულ სასწავლო გეგმებში განზრახულ ცვლილებებზე. ამასთან, კომიტეტის წევრებმა იმსჯელეს არაფორმალური ფინანსური განათლების, უნივერსიტეტების როლის, რეგიონებსა და სამუშაო ადგილებზე ფინანსური განათლების ამაღლების საკითხებზე. კომიტეტის წევრებმა ფინანსური განათლების სტანდარტების შემუშავებაზეც იმსჯელეს და კომიტეტის საკომუნიკაციო სტრატეგია დაგეგმეს.

ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ხელმძღვანელობს. კომიტეტის შემადგენლობაში შედიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უმაღლესი სასწავლებლების, კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. კომიტეტის სხდომები კვარტალურად გაიმართება.

ეროვნულმა ბანკმა ქვეყანაში ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით ფარტომასშტაბიანი კამპანიის დაწყება გასულ წელს გამოაცხადა. სხვადასხვა კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის ფინანსური განათლების დონე საშუალო ან საშუალოზე დაბალია. მაგალითად, “თიბისი” ბანკის დაკვეთით გასულ წელს განხორციელებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 52 პროცენტს დაბალი ფინანსური განათლება აქვს, 42 პროცენტს - საშუალო, ხოლო 6 პროცენტს - მაღალი ფინანსური განათლება. კვლევის მიხედვით, მოსახლეობას ყველაზე უკეთ ინფლაციასთან დაკავშირებული საკითხები ესმის. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ასევე გასულ წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის ფინანსური განათლება საშუალო დონეზეა, ხოლო ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის გლობალური ფინანსური განათლების კვლევის ცენტრის გამოკვლევის თანახმად, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 30 პროცენტი არის ფინანსურად განათლებული.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG