Accessibility links

საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გაუმჯობესდა


ვაჭრობა თბილისის ქუჩებში

ავტორი: ირინა გურული

ეკონომიკური ინდექსები, მოგეხსენებათ, ის კრიტერიუმებია, რომლითაც ქვეყნის მიმზიდველობა ფასდება მსოფლიოში და, ასევე, ინვესტორების მხრიდანაც. ამ თვალსაზრისით უდავოდ საინტერესოა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, რომელიც სხვადასხვა კომპონენტების შეფასების შედეგად ჯამდება და, საბოლოოდ, პასუხს იძლევა იმაზე, თუ რამდენად თავისუფალია ეკონომიკა ქვეყანაში როგორც ხელისუფლების, ისე სხვა ტიპის ჩარევებისგან. საინტერესოა, რომ ამ თვალსაზრისით საქართველომ წელს საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა: Heritage Foundation-ის 2017 წლის ,,ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში" საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა და მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის, 76,0 ქულით, 23-ე პოზიციიდან მე-13-ზე დაწინაურდა.

ეკონომიკური თავისუფლების მხრივ, საქართველო მეტწილად თავისუფალ ქვეყნებს შორის დასახელდა. ინდექსის თანახმად, რეგიონში საქართველო მეხუთე პოზიციაზეა, ლუქსემბურგის წინ და დიდი ბრიტანეთის შემდეგ.

როგორც ინდექსშია აღნიშნული, ფინანსური დისციპლინისკენ გადადმული ნაბიჯებით საქართველოს ხელისუფლებამ შეინარჩუნა მძლავრი იმპულსი ეკონომიკური აქტივობის ლიბერალიზაციის კუთხით.

„სახელმწიფო ვალი და ბიუჯეტის დეფიციტი კონტროლქვეშაა. ღია ბაზრის პოლიტიკამ, რომელიც მხარდაჭერილია კონკურენტული დაბალი გადასახადებით, და ეფექტურმა რეგულაციებმა ქვეყანაში ვაჭრობა და ინვესტიციები გაზარდა. ფართომასშტაბიანი პრივატიზაცია გაიზარდა, ანტიკორუფციულმა ძალისხმევამ კი შესამჩნევი შედეგები მოიტანა“, - ნათქვამია „ინდექსში“.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინდექსი სხვადასხვა კომპონენტების შეჯამებით მიიღება და საინტერესო წარმოდგენას ქმნის სხვადასხვა სფეროში არსებულ წინსვლასა თუ პრობლემებზე:

2017 წლის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა ქულების მხრივ 10-დან 4 კომპონენტში - საკუთრების უფლება, სამთავრობო ჩართულობა, ბიზნესის თავისუფლება და შრომითი თავისუფლება - გაუმჯობესდა, 3 კომპონენტში - მონეტარული თავისუფლება, სამთავრობო ხარჯები და საგადასახადო ტვირთი - გაუარესდა, ხოლო 5 კომპონენტში - სასამართლოს საქმიანობის ეფექტურობა, ფისკალური თავისუფლება, ვაჭრობის თავისუფლება, საინვესტიციო და ფინანსური თავისუფლება - უცვლელი დარჩა.

2017 წლის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ პირველ ხუთეულში არიან ჰონგ კონგი, სინგაპური, ახალი ზელანდია, შვეიცარია და ავსტრალია, რომლებიც ეკონომიკურად თავისუფალ ქვეყნებად დასახელდნენ. ინდექსის ბოლო საფეხურებზე კი ერითრეა, კონგო, კუბა, ვენესუელა და ჩრდილოეთ კორეა არიან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG