Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მცირემიწიანი ფერმერების დახმარების პროგრამის შესახებ


ავტორი: ირინა გურული

წელს პირველი გაზაფხულია ბოლო წლების მანძილზე, როცა სახელმწიფომ უარი თქვა მიწის დამუშავების საყოველთაო პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც სოფლის მოსახლეობას ვაუჩერები ურიგდებოდა საკუთარი მიწის დასამუშავებლად. რომ წარმოვიდგინოთ, რა მასშტაბებზე იყო საუბარი და როგორი იყო მისი ეფექტიანობა, მოვიტან რამდენიმე ციფრს მცირემიწიანი ფერმერების დახმარების პროგრამიდან.

ოფიციალური ინფორმაციით: 2013 წელი - აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 710,479 ბენეფიციარმა მიიღო 190,4 მილიონი ლარის სარგებელი. 2013 წელს პროექტის ფარგლებში, ჯამში, დამუშავდა 208,375 ჰა სასოფლო–სამეურნეო მიწის ფართობი.

2014 წელი - აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 757,145 ბენეფიციარმა მიიღო 69,9 მილიონი ლარის სარგებელი. 2014 წელს პროექტის ფარგლებში, ჯამში, დამუშავდა 220,466 ჰა სასოფლო–სამეურნეო მიწის ფართობი.

2015 წელი - პროექტის ფარგლებში, 767,017 ბენეფიციარმა მიიღო 56,8 მილიონი ლარის ღირებულების სარგებელი. 2015 წლის 18 ნოემბრის მდგომარეობით, ჯამში, პროექტის ფარგლებში მოხნული მიწის ფართობი შეადგენს 212,141 ჰექტარს.

პროექტი გაგრძელდა 2016 წელსაც. 2016 წლის სტატისტიკა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამ დღეებში გამოაქვეყნა. 2016 წლის წინასწარი მონაცემებით, საშემოდგომო და საგაზაფხულო კულტურების ნათესმა ფართობმა 239.2 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 69.2 ათასი ჰექტარით ნაკლებია. საქსტატის ინფორმაციით, საშემოდგომო კულტურების (ხორბალი, ქერი) ნათესი ფართობი, წინასწარი მონაცემებით, 59 ათასი ჰექტარია, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 0.9 ათასი ჰექტარით ნაკლებია. მათივე ცნობით, სხვა საგაზაფხულო კულტურების ნათესმა ფართობმა 180,2 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც 2015 წლის მონაცემზე 68.3 ათასი ჰექტარით ნაკლებია.

შესაბამისად, გასულ წელს, პროგრამის შენარჩუნების მიუხედავად, დამუშავებული მიწის მოცულობამ უკვე შემცირება დაიწყო. რაც შეეხება მოყვანილ მოსავალს:

2016 წლის წინასწარი მონაცემებით, ერთწლიან კულტურებში მოსავლიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 251.0 ათასი ტონა - კარტოფილს აქვს, მას 232.2 ათასი ტონით მოსდევს სიმინდის მოსავალი და 119.0 ათასი ტონით - საშემოდგომო ხორბალი.

რაც შეეხება მრავალწლოვანი კულტურების წარმოებას, ყველაზე მაღალი წარმოება -189,9 ათას ტონა - ხილს ეკუთვნის, მათ შორის დიდი წილი - 63,5 ათასი ტონა -ვაშლზე მოდის. მრავალწლოვან კულტურებში სტატისტიკის ეროვნული სამსახური ცალკე გამოყოფს ყურძნისა და ციტრუსის წარმოებას. 2016 წელს ყურძნის წარმოებამ 153,7 ათასი ტონა, ხოლო ციტრუსის წარმოებამ 68.6 ათასი ტონა შეადგინა.

საქსტატის 2016 წლის წინასწარი მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, 43.3 ათასი ტონით არის გაზრდილი ხილის წარმოება, თუმცა 114.1 ათასი ტონით შემცირდა ყურძნის, 16.9 ათასი ტონით კი ციტრუსის წარმოება.

ეს სტატისტიკა ერთ-ერთი მიზეზი გახდა იმისა, რომ 2017 წელს ხელისუფლებამ უარი თქვა ერთწლიანი კულტურის მოსაყვანად ერთჯერად დახმარებაზე, რასაც უფრო სოციალური დატვირთვაჰქონდა და მაინცდამაინც წარმოების ზრდაზე არ ყოფილა ორიენტირებული.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სოფლის მეურნეობის დაფინანსება 83 მლნ 210 ათასი ლარით შემცირდა. სამინისტროსთვის მიმდინარე წელს 321, 3 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, 2017 წლის ბიუჯეტში კი საბიუჯეტო ასიგნება, დაახლოებით, 238 მილიონ ლარს შეადგენს. შესაბამისად შემცირდა პროგრამების დაფინანსებაც: სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა შემცირებულია 75 მლნ 430 ათასი ლარით, სურსათის უვნებლობა, მცენარეთა დაცვა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა - 3 მლნ 930 ათასი ლარით, მევენახეობა- მეღვინეობის განვითარება - 450 ათასი ლარით, სოფლის მეურნეობის დარგში სამეცნიერო კვლევითი ღონისძიებების განხორციელება - 3 მლნ 400 ათასი ლარით.

აისახება თუ არა ეს შემცირება წარმოების მასშტაბზე, ამას უკვე 2017 წლის სტატისტიკა გვაჩვენებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG