Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო ვაჭრობის მთავარი სამეული კვლავ რუსეთი, თურქეთი და ჩინეთია


სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი
სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი

ევროკავშირთან ექსპორტი 7 თვეში, გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით, 33.6%-ით გაიზარდა. ამას გვამცნობს საგარეო ვაჭრობის შესახებ სტატისტიკური მონაცემები, რომელიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გუშინ გაავრცელა. აღნიშნულის თანახმად, 2017 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 13.0%-ით აღემატება. აქედან ექსპორტის მოცულობა 1 მლრდ 446 მლნ აშშ დოლარია (28.9%-ით მეტი), ხოლო იმპორტის – 4 მლრდ 228 მლნ აშშ დოლარი (8.5%-ით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-ივლისში 2 მლრდ 781 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.0% შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე, 1 მლრდ 141 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 27.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

როგორც ვთქვით, გაზრდილია ვაჭრობის მოცულობა ევროკავშირის ქვეყნებთან: 2017 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1მლრდ 541.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 11.0%-ით აღემატება. აქედან ექსპორტი 339.1 მლნ აშშ დოლარი იყო (33.6%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 1მლრდ 202 მლნ აშშ დოლარი (6.0%-ით გაიზარდა). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 27.2% პროცენტი შეადგინა, მათ შორის – ექსპორტში 23.4% და იმპორტში 28.4% (2016 წლის იანვარ-ივლისში, შესაბამისად, 27.7, 22.6 და 29.1 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 31.0% (2016 წლის იანვარ-ივლისში 31.7%).

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2017 წლის იანვარ-ივლისში 1მლრდ 808 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა (2016 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით, 30.7%-ით მეტი). აქედან ექსპორტი 570.3 მლნ აშშ დოლარი (59.4%-ით გაზრდილი), ხოლო იმპორტი 1 მლრდ 237 მლნ აშშ დოლარი იყო (20.7%-ით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 31.9%ს შეადგენდა, მათ შორის, ექსპორტის მოცულობაში – 39.4%-სა და იმპორტში 29.3%-ს. 2017 წლის იანვარ-ივლისში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 24.0% (2016 წლის იანვარ-ივლისშიც ასევე 24.0%-ს უტოლდებოდა).

რაც შეეხება მთავარ პარტნიორებს: 2017 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 65.8% შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია: თურქეთი (858.7 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (605.7 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (481.4 მლნ აშშ დოლარი).

თითქმის უცვლელია პროდუქციის სახეობები, რომელებიც ვაჭრობის ძირითად საგანს წარმოადგენს: 2017 წლის იანვარ-ივლისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა: 243.7 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 16.8% შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 182.5 მლნ აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 12.6%-ს უდრიდა. მესამე ადგილს მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იკავებდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 102.4 მლნ აშშ დოლარი და მთლიანი ექსპორტის 7.1% შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფს კი 2017 წლის იანვარ-ივლისში ნავთობი და ნავთობპროდუქტები წარმოადგენდა. მისმა იმპორტმა 354.8 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.4% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 261.3 მლნ აშშ დოლარით, რაც იმპორტის 6.2% იყო. მესამე ადგილზე სამკურნალო საშუალებების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა, 196.6 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 4.6%).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG