Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკრედიტო სტატისტიკა სამთავრობო გადაწყვეტილების მიღების წინ


ავტორი: ირინა გურული

ხელისუფლების მიერ ლარიზაციის გეგმის გამოქვეყნების ფონზე განსაკუთრებით საინტერესოა ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, რომელიც აჩვენებს, რომ 2016 წლის ოქტომბერში, ანუ როცა ლარის კურსის ვარდნის მორიგი ტალღა უკვე დაწყებული იყო, ფიზიკური პირების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ აგრძელებდა დოლარში კრედიტის აღებას, რაც, როგორც ჩანს, მათ მიერ გააზრებული რისკი გახლდათ.

2016 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 416.3 მლნ ლარით გაიზარდა და 16.54 მლრდ ლარს გაუტოლდა, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 7.8 პროცენტი შეადგინა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე სესხების წლიური ზრდა 7.5 პროცენტი იყო.

საკრედიტო პორტფელის ზრდაზე გავლენა მოახდინა ეროვნული ვალუტით გამოსახული სესხების მატებამ, ასევე უცხოური ვალუტით გამოსახული სესხების ლარით გამოსახული მაჩვენებლის ზრდამ, სადაც ზრდა განპირობებულია ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების შედეგად უცხოური ვალუტის სესხების გადაფასებით.

„თვის მიმოხილვის“ თანახმად, ოქტომბრის ბოლოსთვის საკრედიტო პორტფელის 81.0 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 69.9 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული, მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 38.7 პროცენტს შეადგენდა. საანგარიშო პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 103.8 მლნ ლარით (1.8 პროცენტით) გაიზარდა და 5.96 მლრდ ლარს გაუტოლდა.

უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა ოქტომბერში 6.8 მლნ აშშ დოლარით (0.2 პროცენტით) შემცირდა და პერიოდის ბოლოს 4.52 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 56.4 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 85.9 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს. 40.7 პროცენტს შეადგენს ფიზიკური პირების სესხები უცხოური ვალუტით.

როგორც სტატისტიკა აჩვენებს, უცხოური ვალუტით დაკრედიტების კლება ძირითადად იურიდიული პირების დაკრედიტების კლებით არის გამოწვეული, რაც იმას ნიშნავს, რომ ფიზიკურმა პირებმა, ანუ მოსახლეობამ, არჩევანი კვლავ დაბალპროცენტიან დოლარის კრედიტზე გააკეთეს, მიუხედავად მისი გამყარების ტენდენციისა, და არა შედარებით მაღალპროცენტიან ლარის კრედიტზე.

როგორც უკვე ითქვა, ეს მათი გააზრებული არჩევანი გახლდათ, ისევე როგორც 2015 წლამდე სესხების ამღები პირებისა, თუმცა, როგორც ცნობილია, მათ ხელისუფლება სესხის კურსის სხვაობის 20 ერთეულის დაფინანსებას უპირებს სესხის ლარში გადატანის შემთხვევაში.

სტატისტიკა იმასაც ამბობს, რომ ლარის კურსის ვარდნის პარალელურად გაიზარდა ვადაგადაცილებულ სესხთა მოცულობა - კერძოდ, ოქტომბერში ვადაგადაცილებული სესხები 31.0 მლნ ლარით გაიზარდა და 400.5 მლნ ლარს გაუტოლდა, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი მონაცემი გახლავთ.

XS
SM
MD
LG