Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გივი სილაგაძე და ნინო სამხარაძე პოპულიზმზე საქართველოში


გივი სილაგაძე და ნინო სამხარაძე პოპულიზმზე საქართველოში
please wait

No media source currently available

0:00 0:40:42 0:00

რა მასშტაბი და ფორმები აქვს დღეს პოპულიზმს საქართველოში და რასთან კომბინაციაში შეიძლება ის ქმნიდეს საფრთხეს საზოგადოებისთვის? „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ უმცროსი ანალიტიკოსები - გივი სილაგაძე და ნინო სამხარაძე იკვლევენ ქართული პოპულიზმის თავისებურებებს. „პოპულიზმი იმ გაგებით, რა გაგებითაც ჩვენ ვიყენებთ ამ ტერმინს, საფრთხე არის უფრო მეტად ლიბერალური დემოკრატიისთვის და არა დემოკრატიისთვის, როგორც ასეთი. პოპულიზმი, როგორც წესი, გულისხმობს ანტაგონიზმს ან დაპირისპირებას ლიბერალურ იდეოლოგიასთან და ცდილობს, რომ ხალხი, როგორც ერთობა დაუპირისპიროს გარკვეულ ელიტას, რომელსაც, როგორც წესი და მითუმეტეს, საქართველოს შემთხვევაში, ლიბერალური ღირებულებები აქვს“, - ამბობს გივი სილაგაძე. ნინო სამხარაძე ხაზს უსვამს ქართული პოპულიზმის კიდევ ერთ თავისებურებას: „ჩვენთან ქართული პოპულიზმის შემთხვევაში, როგორც პოლიტიკურ ისე საზოგადოებრივ სპექტრში, გამოკვეთილად ანტილიბერალური რიტორიკა ნამდვილად იგივდება ეროვნულ მოტივებთან, ეროვნულობასთან, რაც არის ერთგვარი საფრთხე. ...ქართული პოპულიზმი სწორედ ამით გამოირჩევა, რომ არის ორიენტირებული იმ მასებზე, რომლებსაც არ/ვერ აქვთ წვდომა განათლების იმ კომპონენტებზე, რომლებიც წარმოშობს ლიბერალურ, ტოლერანტულ, პროგრესულ ღირებულებებს საზოგადოებაში“. გივი სილაგაძე იხსენებს შემთხვევას, როცა საზოგადოების ერთმა ნაწილმა გადაწყვიტა ადამიანებისთვის ხელი შეეშალა მხატვრული ფილმის ნახვაში: „ერთ-ერთი სვეტი პოპულიზმის არის აპელირება ხალხის ნებაზე და ხალხის ნების სახელით გარკვეული ტიპის პოლიტიკის განხორციელება, რომელიც შეიძლება კონსტიტუციასაც ეწინააღმდეგებოდეს. პოპულიზმის აღზევებას და მეტ ინტენსიფიკაციას შეიძლება ხელი შეუწყოს ორმა კრიზისმა: ერთი არის სოციო-ეკონომიკური კრიზისი, ხოლო მეორე არის იდენტობის კრიზისი. ჩვენს შემთხვევაში მემარჯვენე პოპულიზმს განაპირობებს სწორედ ეს იდენტობის კრიზისი“. ნინო სამხარაძე თვლის, რომ პრობლემა და გამოწვევა არის არა ის, რა შინაარსის არის პოპულისტის (ჯგუფის ან ინდივიდის) გზავნილი - ის ეროვნული ღირებულებების დაცვის თემას იყენებს, თუ არა, არამედ საკითხის რა ხარისხის რადიკალიზაციას მიმართავს და აღწევს ის: „აქ არის ერთი ნიუანსი, რომელიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს - ამ ყველაფრის რადიკალიზაცია რა დონეზე ხდება, რა ფორმებით ხდება, ვის წინააღმდეგ ხდება, რა შედეგებს იწვევს? აქ ეს არის მთავარი გამოწვევა და არა ის, რომ ვებრძოლოთ, პირობითად, ეროვნული ღირებულებების გამჟღერებელ ძალებს. რადიკალური მიდგომები საქართველოში ახლა არ მოჩენილა, ყოველთვის იყო. უბრალოდ, ამან ახლა ფორმები შეიცვალა, უფრო მასებში გადმოვიდა, ორგანიზაციებში გადმოვიდა, გადმოვიდა სოციალურ მედიაში. ჩვენი კოლეგა-ორგანიზაციების მიერ დადებულ კვლევებს რომ შეხედოთ, ძალიან კარგად დაინახავთ არა დისკუსიის ხარისხს, არამედ აგრესიის ხარისხს“. „დილის საუბრებში“ გივი სილაგაძემ წინასაარჩევნოდ შექმნილ პოლიტიკურ კონტექსტზეც ილაპარაკა. მისი შეფასებით, უკანდახევაა ის, რომ საქართველოში კიდევ უფრო გაფერმკრთალდა ხაზი მემარჯვენე და მემარცხენე ძალებს შორის: „2012 წლიდან მოყოლებული გარკვეული იდეოლოგიური განსხვავებები პარტიებს შორის შეინიშნებოდა. დღეს რასაც ვხედავთ, რეალურად არის ნაბიჯი უკან, იმ გაგებით, რომ იდეოლოგიურ განსხვავებებს მნიშვნელობა აღარ აქვს პოლიტიკური პარტიებისთვის. რეალურად შეიქმნა ერთადერთი გამმიჯნავი ხაზი და ის არის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. იდეოლოგიური განსხვავებები, რომელიც ჩანასახში იყო ისედაც, იმის გამო, რომ დღეს თამაშის წესებზე დაისვა კითხვის ნიშნები (ანუ მივდივართ დემოკრატიის გზით თუ არა), იდეოლოგიური განსხვავებები წაიშალა და ეს არის ძალიან სამწუხარო“.

XS
SM
MD
LG