Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

EMC: მორის მაჩალიკაშვილის ბრალდება დაუსაბუთებელია


მორის მაჩალიკაშვილის საქმეში არ არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც სათანადოდ დაასაბუთებდნენ მისთვის წაყენებულ ბრალს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და პოლიციელებზე თავდასხმასთან დაკავშირებით", - წერია მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილის, მორის მაჩალიკაშვილის ბრალდების საქმის პირველ სამართლებრივ შეფასებაში, რომელიც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC).

ორგანიზაცია გამოთქვამს ეჭვს, რომ მორის მაჩალიკაშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება მისი ბიძის, მალხაზ მაჩალიკაშვილის სახელს უკავშირდება.

მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, მორის მაჩალიკაშვილი 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული საქმის ფარგლებშია დაკავებული. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება მაჩალიკაშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით. პროკურატურის მტკიცებით, მორის მაჩალიკაშვილი იმყოფებოდა პარლამენტის წინ და, სხვა პირებთან ერთად, ძალადობდა პოლიციელებზე, ურტყამდა მათ და მონაწილეობდა სხვა ძალადობრივ ქმედებებში.

მორის მაჩალიკაშვილის საქმის მასალები მოიცავს მხოლოდ:

1. ერთ ვიდეო ჩანაწერს;

2. პოლიციის თანამშრომლის მიერ შედგენილ ე. წ. პატაკს;

3. პოტენციურ მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, რომლებსაც საერთოდ არ აქვს რაიმე შემხებლობა მორის მაჩალიკაშვილის საქმესთან.

ვიდეოჩანაწერი საქმეში

„პროკურატურის მიერ წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებულია პარლამენტის წინ, აქციაზე მყოფი მორის მაჩალიკაშვილი, რომელიც მის ბიძასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად იმყოფება და ვიდეო ჩანაწერიდანვე მარტივად აღიქმება, რომ ის მხოლოდ მალხაზ მაჩალიკაშვილის გვერდში ყოფნას ცდილობს და რაიმე დანაშაულებრივი განზრახვა არ გააჩნია“, - წერს EMC გამოქვეყნებულ შეფასებაში.

  • ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებულია, როგორ ცდილობს მორის მაჩალიკაშვილი ბიძამისი გამოიყვანოს პარლამენტის წინ არსებული ტერიტორიიდან, იქ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით და უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება;
  • მალხაზ მაჩალიკაშვილი ხდება ცუდად და ის აქციის მონაწილეების და მათ შორის, პოლიციის თანამშრომლების დახმარებით, ადგილიდან, ხალხის მასიდან გამოჰყავთ;
  • მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოყვანის მომენტში მორის მაჩალიკაშვილი ხვდება აქციის მონაწილეების ალყაში, მას აღარ ეძლევა გადაადგილების შესაძლებლობა და ინსტიქტურად იქნევს ხელს, რომელიც ხვდება პოლიციის თანამშრომლის ფარს;
  • ამ მომენტში მორის მაჩალიკაშვილს იმდენად ძლიერად აწვებიან უკნიდან, რომ ის პოლიციელის ფარს სახით ეკვრის, თუმცა დაახლოებით სამ წამში ის იხრება დაბლა და ცდილობს გამოძვრეს ამ ჯგუფიდან, რასაც ახერხებს;
  • ამის შემდეგ, მორის მაჩალიკაშვილი ვიდეო ჩანაწერში აღარ ფიქსირდება.

„მორის მაჩალიკაშვილის ეპიზოდი ვიდეო ჩანაწერში დაახლოებით 4 წუთამდე გრძელდება და მთელი ამ დროის განმავლობაში ის არ ამჟღავნებს რაიმე განზრახვას იყოს ძალადობრივი ქმედებების მონაწილე, გაარღვიოს პოლიციის კორდონი და შეიჭრას პარლამენტში. მის ქმედებაში არ ჩანს ინტენსიური, მიზანმიმართული, შეტევითი და ძალადობრივი მოქმედება“, - ვკითხულობთ EMC-ის ანგარიშში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ იმ ღამით მორის მაჩალიკაშვილის ერთადერთი მიზანი იყო დაეცვა საკუთარი ბიძის, მალხაზ მაჩალიკაშვილის უსაფრთხოება, რასაც ის აკეთებდა ერთ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში.

„მორის მაჩალიკაშვილი 1 წელზე მეტია შვილმკვდარი ბიძის, მალხაზ მაჩალიკაშვილის გვერდით დგას და ქუჩის აქციების და პროტესტის მძიმე პირობებში მის მხარდაჭერას და დაცვას ცდილობს“, - წერია ანგარიშში.

პოლიციის თანამშრომლის პატაკი

სისხლის სამართლის საქმის მასალებში დევს შს სამინისტროს თანამშრომლის მიერ 2019 წლის 25 ივლისს, მაჩალიკაშვილის დაკავებამდე ერთი დღით ადრე შედგენილი ე. წ. პატაკი, სადაც ის ხელმძღვანელ პირს რეაგირებას სთხოვს შემოსული ინფორმაციაზე, რომ „მორისი მაჩალიკაშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ძალადობრივ ქმედებებში“.

  • შს სამინისტროს თანამშრომლის მიერ შედგენილი პატაკი არ შეიცავს მითითებას ინფორმაციის წყაროსა და მორისი მაჩალიკაშვილის მხრიდან განხორციელებულ კონკრეტულ ქმედებაზე;
  • ეს ინფორმაცია არც საქმის სხვა მასალებში ფიქსირდება.

„პოლიციის თანამშრომლის პატაკი წარმოადგენს მექანიზმს, რომლითაც საგამოძიებო ორგანოს შეუძლია შექმნას მტკიცებულება, რომლის სარწმუნოობის შემოწმება სასამართლოსთვისაც შეუძლებელი იქნება“, - წერს EMC და ზოგადად განმარტავს, რომ:

  • შსს-ს თანამშრომლების მიერ მიღებული ინფორმაციის წყაროდ განიხილება ე.წ. კონფიდენტის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (ოპერატიული ინფორმაცია);​
  • კონფიდენტის ვინაობაზე და მისგან ინფორმაციის მიწოდების პროცესზე არ ხდება სასამართლო კონტროლი;​
  • კონფიდენტის დაკითხვა სასამართლოში დაუშვებელია და არ არსებობს იმის შემოწმების შესაძლებლობა, მართლა არსებობს თუ არა ამგვარი პირი და რეალურად აწვდის თუ არა შსს-ს თანამშრომელს პატაკში მითითებულ ინფორმაციას;
  • შესაბამისად, ამ ინფორმაციის მტკიცებულებითი მნიშვნელობა სათუოა, იგი თავისი ხარისხით ირიბ მტკიცებულებასაც კი ვერ უტოლდება.

„მორისი მაჩალიკაშვილის შემთხვევაში ამგვარი პატაკი დაკავების წინა დღეს არის შედგენილი და საქმეში არ მოიპოვება სხვა რაიმე ინფორმაცია, რაც მის დანაშაულებრივ ქმედებაზე მიუთითებს“, - ნათქვამია ორგანიზაციის შეფასებაში.

პოტენციურ მოწმეთა მიერ საგამოძიებო ორგანოსთვის მიწოდებული ინფორმაცია

საქმის მასალები მოიცავს სხვადასხვა პირის გამოკითხვის ოქმებს, თუმცა მოწმეთა აბსოლუტური უმრავლესობა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია.

  • მათი მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია მსგავსია და არ შეიცავს რაიმე კონკრეტულ მითითებას მორის მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ;
  • გამოკითხული პირები მხოლოდ ზოგადად აღწერენ პარლამენტის წინ არსებულ მდგომარეობას და უთითებენ, რომ მოქალაქეთა ნაწილი მათ მიმართ ძალადობდა;
  • გამოკითხვის არცერთ ოქმში არ არის მოხსენიებული კონკრეტულად მორის მაჩალიკაშვილი მონაწილეობდა თუ არა ძალადობრივ ქმედებებში, რომელ სამართალდამცავს დაარტყა ხელი მან და ზოგადად რა სახის მოქმედებებში იყო ჩართული.

EMC აღნიშნავს, რომ „ბრალდების აშკარად სუსტი დასაბუთების პირობებში, ცხადია, ჩნდება ლეგიტიმური ეჭვები, რომ მისი (მორის მაჩალიკაშვილის) დაკავება და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება შესაძლოა მალხაზ მაჩალიკაშვილის პროტესტზე და ბრძოლაზე გავლენის მოხდენის იარაღი იყოს“.

ორგანიზაცია შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებს პროკურატურასა და სააპელაციო სასამართლოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG