Accessibility links

ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის „მისწრაფების“ დეკლარაციაზე


ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ, რომ აღიარებენ საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის მისწრაფებას ევროკავშირისკენ - ამას მოწმობს მომავალ თვეში დანიშნული „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტის დეკლარაციის პროექტი, რომლის გაცნობის საშუალებაც მიეცა რადიო თავისუფლების კორესპონდენტს.

28 წევრი ქვეყნის ელჩები ბრიუსელში 11 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე დეკლარაციის ტექსტში გამოსაყენებელ ფორმულირებებზე შეთანხმდნენ.

  • „აღმოსავლეთის პარტნიორობა“ წარმოადგენს ევროკავშირის ინიციატივას, რომელიც ექვს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკასთან ურთიერთობას წარმართავს
  • 28 წევრი ქვეყნის ელჩები ბრიუსელში 11 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე დეკლარაციის ტექსტში გამოსაყენებელ ფორმულირებებზე შეთანხმდნენ
  • ჰოლანდიის მთავრობა უკმაყოფილებას გამოთქვამდა და აცხადებდა, რომ სურდა ფორმულირების შერბილება, თუმცა ბოლოს დათანხმდა შემოთავაზებულ ტექსტზე

„სამიტის მონაწილეები აღიარებენ დასახელებული პარტნიორების ევროპულ მისწრაფებებს და ევროპულ არჩევანს, როგორც ეს ასოცირების ხელშეკრულებებშია ნათქვამი“, - ვკითხულობთ დოკუმენტში საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის მისამართით. ეს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მონაწილე ის ქვეყნებია, რომლებმაც ბოლო წლებში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებები გააფორმეს.

„აღმოსავლეთის პარტნიორობა“ წარმოადგენს ევროკავშირის ინიციატივას, რომელიც ექვს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკასთან ურთიერთობას წარმართავს. საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდავეთთან ერთად პროგრამა მოიცავს სომხეთს, აზერბაიჯანსა და ბელორუსიას.

მისი მიზანია შეიქმნას მექანიზმი ევროკავშირსა და ამ ქვეყნებს შორის მოლაპარაკებისთვის ვაჭრობის, ეკონომიკური სტრატეგიის, სამოგზაურო შეთანხმებებისა და სხვა საკითხების გარშემო.

დეკლარაციის პროექტი, რომელსაც ევროკავშირის ელჩებმა 11 ოქტომბერს დაუჭირეს მხარი, ეყრდნობა 2015 წელს რიგაში ჩატარებული „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტის საბოლოო დეკლარაციაში გამოყენებულ ფორმულირებებს.

ახლა ტექსტის პროექტი გაეგზავნება „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამაში მონაწილე ექვს ქვეყანას.

ჰოლანდიის მთავრობა უკმაყოფილებას გამოთქვამდა და აცხადებდა, რომ სურდა ფორმულირების შერბილება, თუმცა ბოლოს დათანხმდა შემოთავაზებულ ტექსტზე, რაკი მას დაემატა აბზაცი: „სამიტის წევრები მიესალმებიან იმ გარემოებას, რომ სრულად ამოქმედდა ასოცირების ხელშეკრულება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე საქართველოსთან, მოლდავეთის რესპუბლიკასა და ახლახან უკრაინასთან, მას შემდეგ, რაც 2016 წლის დეკემბერს გადაწყვეტილება მიიღეს ევროკავშირის ქვეყნების მეთაურებმა და მთავრობებმა“.

მოუთმენლად ელიან კიდევ უფრო მყარ თანამშრომლობას ყველა პარტნიორს შორის, განათლებისა და კვლევის სისტემების მოდერნიზებისა და შედეგების ხარისხის და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების თვალსაზრისით ისე, რომ დაცული იყოს იმ პირთა აღიარებული უფლებები...

ეს 2016 წლის დეკემბრის გადაწყვეტილება იყო იურიდიულად სავალდებულო დამატება ასოცირების ხელშეკრულებაზე, რომელზეც ჰოლანდია და ევროკავშირის დანარჩენი 27 წევრი შეთანხმდნენ.

დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ ბრიუსელი კიევს არ აძლევს ევროკავშირში ავტომატური გაწევრიანების უფლებას ან გარანტიას სამხედრო დახმარებაზე.

სწორედ ამ შეთანხმების შემდეგ ჰააგამ, ბოლოს და ბოლოს, მოახდინა რატიფიცირება უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულებისა, რომელსაც მანამდე, 2016 წლის აპრილში, ჰოლანდიის მოსახლეობის 61 პროცენტი შეეწინააღმდეგა არასავალდებულო, მოქალაქეების მიერ ინიცირებულ რეფერენდუმზე.

ტექსტში შესწორების შეტანა უნგრეთმაც შეძლო, კიევზე ზეწოლის მოსახდენად.

ბოლო კვირებში უნგრეთმა უკმაყოფილება გამოთქვა უკრაინის გადაწყვეტილების გამო მოქმედებაში მოიყვანოს კამათის საგნად ქცეული განათლების კანონი, რომელიც, მისი კრიტიკოსების შეფასებით, უმცირესობებს შეუზღუდავს თავიანთ ენებზე სკოლებში განათლების მიღებას.

ევროკავშირის დეკლარაციის პროექტი ამბობს, რომ სამიტის მონაწილეები „მოუთმენლად ელიან კიდევ უფრო მყარ თანამშრომლობას ყველა პარტნიორს შორის, განათლებისა და კვლევის სისტემების მოდერნიზებისა და შედეგების ხარისხის და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების თვალსაზრისით ისე, რომ დაცული იყოს იმ პირთა აღიარებული უფლებები, რომლებიც ეროვნულ უმცირესობებს მიეკუთვნებიან, როგორც ეს გაეროსა და ევროსაბჭოს კონვენციებითაა განსაზღვრული“.

პროექტში აღნიშნულია, რომ წევრები არ მოახდენენ უმცირესობათა დისკრიმინაციას და პატივს მიაგებენ მრავალფეროვნებას, საგანმანათლებლო სისტემების რეფორმირებისას „სრულად გაითვალისწინებენ ევროსაბჭოს ცოდნას“.

დეკლარაციის პროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა მოსალოდნელი არ არის. „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტი ბრიუსელში 24 ნოემბერს გაიმართება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG