Accessibility links

ევროკავშირი სიფრთხილით ეკიდება ავსტრიის არჩევნების შედეგებს


ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი

ეგზიტპოლების თანახმად, კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს ავსტრიის კონსერვატიული პარტია, რომელსაც 31 წლის საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი უდგას სათავეში. “სახალხო პარტიას” მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 30.5 %-მა. მისი სავარაუდო პარტნიორი, ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტია“, გამოკითხვის შედეგად მესამე ადგილზეა 25,9 %-ით.

ეგზიტპოლების თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში:

  • ლიდერობს ავსტრიის კონსერვატიული პარტია
  • „თავისუფლების პარტიამ“ ხმების 26%-მდე მიიღო
  • “სახალხო პარტიას” მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 30.5%-მა

ევროკავშირის მინისტრებმა ორშაბათს არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს სებასტიან კურცს, თუმცა ზოგიერთი მათგანი ყოყმანით ეკიდება ულტრამემარჯვენე ევროსკეპტიკურ „თავისუფლების პარტიას“, რომელიც შესაძლოა ახალ მთავრობაში მოხვდეს და რომელსაც წარსულში კონფლიქტი ჰქონია ბლოკთან.

„თავისუფლების პარტიამ“ (FPO) კვირას ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 26 პროცენტამდე მიიღო, რაც დიდწილად განპირობებულია 2015 წლის ევროპის საიმიგრაციო კრიზისით, რომელიც ავსტრიასაც შეეხო და რომელმაც კურცს უბიძგა თავისი კამპანია ანტიმიგრანტულ პლატფორმაზე დაეფუძნებინა.

„სებასტიან კურცთან, როგორც პიროვნებასთან, პრობლემა არ მაქვს. ჩვენ არ ვიზიარებთ ერთსა და იმავე პოლიტიკურ მიმართულებას, ეს არასოდეს ყოფილა ასე და არც იქნება“, განაცხადა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან ასელბორნმა, ევროკავშირელ კოლეგებთან შეხვედრამდე.

მან ევროკავშირის მომხრე ავსტრიელი პოლიტიკოსები დაასახელა როგორც მისაბაძი მაგალითები კურცისთვის და ვენის მისამართით გამოვიდა გაფრთხილებით არ გაიზიაროს რადიკალური პოზიციები მიგრაციის საკითხებში - ისეთი, როგორიც აქვს, მაგალითად, უნგრეთს, რომელიც ასევე ევროსკეპტიკოსია.

"არ დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ ერთი წლის წინ ავსტრიამ “მწვანეების” წარმომადგენელი პირველად აირჩია პრეზიდენტად, ახლა კი ჩანს, რომ “მწვანეები” პარლამენტს ტოვებენ. ამომრჩეველს შორის დიდი მღელვარებაა..." (იოჰანეს ჰანი)

ავსტრია ევროკავშირის წევრი გახდა 1995 წელს. ახლახან ჩატარებული გამოკითხვები მოწმობს, რომ ავსტრიელთა სამმეოთხედს სურს ქვეყანა ბლოკის შემადგენლობაში დარჩეს.

„თავისუფლების პარტია“ 1980-იან წლებში იყო მთავრობის წევრი - მაშინ მთავრობას სოციალისტები ედგნენ სათავეში, თუმცა შემდგომ წლებში პარტიის ლიდერის, იორგ ჰაიდერის, იმიგრანტების საწინააღმდეგო რიტორიკამ მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა ევროკავშირელი მეზობლებისგან - მაშინ, როცა პარტია 2000 წელს შეუერთდა მთავრობას.

მაშინდელი ევროკავშირის დანარჩენმა 14-მა წევრმა ქვეყანამ შეამცირა ავსტრიასთან ორმხრივი კავშირები - მანამ, სანამ ავტორიტეტიანი დიპლომატების ანგარიშმა არ თქვა, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული ვითარება არ იყო გაუარესებული მას შემდეგ, რაც მთავრობას „თავისუფლების პარტია“ შეუერთდა.

პარტიამ მხოლოდ შარშან მოითხოვა რეფერენდუმის გამართვა ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე, რაც ბრიტანეთში უკვე განხორციელდა. პარტიის წევრებმა ბოლო თვეებში მოუკლეს ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკას, თუმცა კვლავაც გამოდიან მოწოდებებით, რომ ევროს მოქმედების ზონა უნდა დატოვონ სუსტმა წევრებმა და ავსტრიამ ნაკლები თანხა უნდა შეიტანოს ევროკავშირის საერთო ბიუჯეტში.

იოჰანეს ჰანი
იოჰანეს ჰანი

პოლიტიკურ სპექტრში ავსტრიის მარჯვნივ გადახრის ფონზე, ავსტრიელმა პოლიტიკოსმა და ამჟამად ევროკავშირის გაფართოების კომისარმა, იოჰანეს ჰანმა სცადა გაეფანტა შეშფოთება, რომ ახლა უკვე ვენა გახდება ბლოკის ერთ-ერთი ურჩი წევრი.

„არ დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ ერთი წლის წინ ავსტრიამ “მწვანეების” წარმომადგენელი პირველად აირჩია პრეზიდენტად, ახლა კი ჩანს, რომ “მწვანეები” პარლამენტს ტოვებენ. ამომრჩეველს შორის დიდი მღელვარებაა“, - განაცხადა ჰანმა ლუქსემბურგში და დასძინა: ყველა მთავრობას პროევროპული პროგრამა ექნება, იმიტომ რომ ყველა მსხვილი პარტია ევროკავშირის დიდი ერთგულებით გამოირჩევაო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG