Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი მალტას მოუწოდებს იპოვოს ჟურნალისტის „ბარბაროსი“ მკვლელები


ევროკავშირის დროშები
ევროკავშირის დროშები

ევროკავშირის განცხადებით, ბლოკი ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ მალტამ იპოვოს ჟურნალისტი ქალის „ბარბაროსი“ მკვლელები და, ამავე დროს, გადაჭრას კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული „პოტენციური სტრუქტურული პრობლემები“.

ევროკავშირში არსებობს შეშფოთება, რომ მალტის დემოკრატიას, შესაძლოა, სისტემური ჩავარდნები ჰქონდეს. ამ შეშფოთების გათვალისწინებით, ევროპის კომისიის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ფრანს ტიმერმანსმა, ევროკავშირის ამ ყველაზე პატარა წევრ ქვეყანას მოუწოდა ყველაფერი გააკეთოს საიმისოდ, რომ იპოვოს გამომძიებელი ბლოგერის, დაფნე კარუანა გალიციას, მკვლელები, რომლებმაც ჟურნალისტი 16 ოქტომბერს მანქანაში ააფეთქეს.

ევროკავშირი მალტას მოუწოდებს იპოვოს ჟურნალისტის „ბარბაროსი“ მკვლელები

  • ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტი, კარუანა გალიცია, 16 ოქტომბერს მოკლეს მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქებით
  • ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი: ჟურნალისტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არიან დემოკრატიისთვის

„ევროპა ყურადღებით აკვირდება მალტის ხელისუფლებას“, - წერს ტიმერმანსი, ჰოლანდიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც, როგორც ჟან-კლოდ იუნკერის მოადგილე, ხელმძღვანელობს ბრიუსელის პოლიტიკას საიმისოდ, რომ წევრ ქვეყნებში დაცული იყოს დემოკრატიული და სასამართლო სტანდარტები.

სააგენტო “როიტერსი” გაეცნო ტიმერმანსის პასუხს ევროპის მედიის რედაქტორების წერილზე, რომელშიც ისინი ევროკავშირს მოუწოდებდნენ ყველაფერი გააკეთოს კარუანა გალიციას საქმის გამოსაძიებლად. „ჟურნალისტების გაჩუმება დემოკრატიის გაჩუმებას ნიშნავსო“, უპასუხებს ტიმერმანსი ევროპელ ჟურნალისტებს.

„ჩვენი სურვილია სასამართლოს წინაშე წარდგეს ყველა, ვინც ამ საზარელ მკვლელობაზე პირდაპირ ან ირიბად აგებს პასუხს. გვსურს გამოძიება ჩატარდეს სრულყოფილად, რათა სხვა დანაშაულები, რომლებიც, შესაძლოა, გამოაშკარავდეს, ასევე დაექვემდებაროს გამოძიებას და გადაიჭრას პოტენციური სტრუქტურული პრობლემები“, - დასძენს ის.

კარუანა გალიცია ცნობილი ჟურნალისტი იყო, რომელიც როგორც მთავრობაში, ისე ოპოზიციაში მყოფ ბევრ მაღალჩინოსანს სდებდა ბრალს კორუფციასა და ფულის გათეთრების საერთაშორისო ქსელებში მონაწილეობაში.

„დაბეჯითებით მოვითხოვთ, მალტის მთავრობამ ყველაფერი გააკეთოს, რათა ამ სასტიკმა, ბარბაროსულმა მკვლელობამ არ გამოიწვიოს ის ვითარება, რომლის მიღწევაც, როგორც ჩანს, დამნაშავეებს სურთ: აღარავინ გაბედოს მწვავე კითხვების დასმა“, - ამბობს ტიმერმანსი და დასძენს, ეს არ მოხდება ევროპაში, ამ კომისიის ხელმძღვანელობის პირობებშიო.

კომისია სხვა განცხადებაში ამბობს, რომ იუნკერი გადაჭრით გმობს ამგვარ თავდასხმებს. „ჟურნალისტების უფლება გამოიძიონ, დასვან მწვავე კითხვები და ეფექტიანად გაავრცელონ ინფორმაცია, ჩვენი ღირებულებების საფუძველია და ის ყოველთვის გარანტირებული უნდა იყოსო“, ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი.

მალტის პრემიერ-მინისტრი ჯოზეფ მუსკატი, რომელიც, თავის მხრივ, კარუანა გალიციას შვილს უჩივის ცილისწამებისთვის კორუფციაში ბრალდების გამო, აცხადებს, რომ მკვლელების საპოვნელად ყველაფერი გაკეთდება.

ხელისუფლებამ ერთი მილიონი ევროსგან შემდგარი ჯილდო და კონფიდენციალობის სრული დაცვის პირობა დააწესა ნებისმიერი პირისთვის, ვინც პოლიციას მკვლელების პოვნაში ინფორმაციით დაეხმარება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG