ფოტოგრაფები, რომლებმაც წლის 10 ყველაზე შთამბეჭდავი კადრი აღბეჭდეს, ჰყვებიან კადრს მიღმა დარჩენილ ამბებს.

„როიტერსის“ ფოტოგრაფმა გლებ გარანიჩმა და მისმა ოპერატორმა მთელი ღამე მანქანით იარეს და პოლიციელების რამდენიმე კორდონს გასცდნენ, რათა გაერკვიათ, რამდენად შეიძლებოდა მიახლოებოდნენ იმ ადგილს, სადაც ცაში აიჭრა რამდენიმე რაკეტა. შეკითხვას პასუხი გაეცა, როცა მათი მანქანიდან 200-მდე მეტრში ბუჩქებში ჩავარდა „ლითონის უზარმაზარი მილი - „ურაგანის“ ტიპის რაკეტის მსგავსი ობიექტი. ეს იყო მკაფიო სიგნალი, რომ მანქანა უნდა გაგვეჩერებინაო, იხსენებს გარანიჩი რადიო თავისუფალი ევროპა-რადიო თავისუფლებისთვის ელფოსტით გამოგზავნილ წერილში.

ჟურნალისტებმა ჯავშანჟილეტები შემოიცვეს, კამერები შტატივებზე დაამაგრეს და ობიექტივები დაუმიზნეს ხანძარში გახვეულ საწყობს. რამდენიმე წუთში ჰორიზონტი გაანათა ძლიერმა აფეთქებამ. „ჩვენამდე 10 წამში მოაღწია ხმამ და აფეთქების ტალღამ“, - წერს გარანიჩი. ფოტოგრაფს დაამახსოვრდა ადგილობრივი მცხოვრებლების შეშინებული სახეებიც - ხალხს ვერ დაეჯერებინა, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო ფრონტის ხაზიდან 1000-მდე კილომეტრში.

ფესტივალ „როკ ზა ბობროვზე“ ჯგუფ „დაი დოროგუს“ გამოსვლისას პაველ კონოვალჩიკი ცდილობდა მიახლოებოდა სცენას, თან ყვიროდა: გამატარეთ, გამატარეთო!

ფოტოგრაფი ალექსანდრ კანდიბო სცენასთან იდგა და დაინახა, რომ მაყურებლებმა ხელში აიტაცეს კონოვალჩიკის ეტლი. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებასთან ტელეფონით საუბრისას ფოტოგრაფმა გაიხსენა: „დაი დოროგუს“ მუსიკა ცოცხალი და ენერგიულია, იმ მომენტში კი მღეროდნენ სიმღერას „ახტი ეტლზე“ და უცებ ზემოთ, ხალხის თავზე, გამოჩნდა ახალგაზრდა კაცი, რომელიც გახარებული ცმუკავდა ინვალიდის ეტლში.

კონოვალჩიკმა ხელში აყვანილმა უსმინა ორ სიმღერას. ამ ფოტოგრაფიას უზარმაზარი გამოხმაურება მოჰყვა. ის მნახველთა უმრავლესობის ემოციურ რეაქციას იწვევსო, ამბობს კანდიბო. კონოვალჩიკს ალბათ მთელი ცხოვრება ემახსოვრება, რაც მაშინ მოხდა. ცოტაც და გავფრინდებოდიო, თქვა მან ერთ-ერთ ინტერვიუში.

სირიაში სამოქალაქო ომის ქაოსის ფონზე, ხანდაზმული კაცი სიმშვიდის მომენტით ტკბება და მუსიკას უსმენს - ამ სცენამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ხალხზე მთელ მსოფლიოში.

ფოტოსურათზე ვხედავთ მოჰამედ ანისს, რომელიც თავის დროზე კოსმეტიკური საშუალებების წარმოებით გამდიდრდა და ძველი ავტომანქანების კოლექცია შეაგროვა. 24 ავტომანქანის უმრავლესობა ომის დროს განადგურდა, მათ გადასარჩენად მოჰამად ანისის დიდი მცდელობის მიუხედავად. მან, მაგალითად, შეძლო დაერწმუნებინა მეამბოხეები არ დაემიზნებინათ საზენიტო რაკეტა „შევროლეს“ მარკის 1958 წლის მოდელისათვის.

როცა ის „ფრანს პრესის“ ფოტოგრაფმა, ჯოზეფ ეიდმა, და მისმა კოლეგა ჟურნალისტმა გაიცნეს, ანისმა ორივე შეიპატიჟა თავის დაბომბილ სახლში, საიდან წასვლასაც, ომის მიუხედავად, არ აპირებდა. საძინებელში რომ შევიდნენ, ფოტოგრაფის ყურადღება მიიქცია ხელით მოსამართმა გრამოფონმა - მართლაც რომ ძვირფასმა ნივთმა ქალაქში, სადაც ელექტრომომარაგება წამდაუწუმ წყდება - და ანისს ჰკითხა, უკრავსო? რასაკვირველიაო, უპასუხა მან. მაგრამ ჯერ ჩიბუხს მოვუკიდებ - მის გარეშე არასოდეს ვუსმენ მუსიკასო.

რადიო თავისუფალი ევროპა/ რადიო თავისუფლების შეკითხვას, რაშია ამ ფოტოსურათის ძალა, ჯოზეფ ეიდმა ელფოსტით უპასუხა, რომ ის „გადმოსცემს სირიის ომის ტრაგედიას ძალადობის ჩვენების გარეშე... ის, უბრალოდ, გვიყვება სიცოცხლის სიყვარულზე“. ფოტოგრაფისათვის ამასობაში ცნობილი გახდა, რომ ანისმა აღადგინა კოსმეტიკის ბიზნესი და ახლა თავის სახლსაც აღადგენს.

ჟურნალისტები დიდხანს ამაოდ იცდიდნენ „ტრამპ ტაუერთან“ მომავალი პრეზიდენტისთვის თვალის მოკვრის იმედით და ნელ-ნელა დაშლა დაიწყეს.

იმ დღეს „როიტერსის“ დავალებით ვმუშაობდიო, გაიხსენა ფოტოგრაფმა სტეფანი კიტმა რადიო თავისუფლებასთან ტელეფონით საუბრისას. მისთვის კოლეგას უთხოვია - საკმარისია, სახლში წადიო, რადგან თუ „როიტერსი“ მიდის, სხვებსაც შეუძლიათ დაიშალონ. მაგრამ სტეფანიმ იცოდა, რომ საღამოსთვის დაგეგმილი იყო რასიზმის საწინააღმდეგო აქცია Black Lives Matter (შავკანიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია), ამიტომ დარჩა. როცა დემონსტრანტები „ტრამპ-ტაუერთან“ მივიდნენ, უკვე ბნელდებოდა. სტეფანის ყურადღება მიიპყრო კენდი ფრიმენმა დათოვლილი თმებით: ვიფიქრე, რა საინტერესო და ლამაზი გოგოა-მეთქი.

სტეფანიმ ახალგაზრდა დემონსტრანტს ჰკითხა, შეიძლებოდა თუ არა მისი პორტრეტის გადაღება და დააყენა განათებულ ადგილას იქვე, საიუველირო მაღაზიასთან. „გადაღება სულ ორი წუთი გრძელდებოდა და მთელი ამ დროის განმავლობაში მაღაზიის მფლობელი გვიყვიროდა: წაეთრიეთ აქედან! წაეთრიეთო! - რახან დემონსტრანტებად ჩაგვთვალა. მერე, როცა სურათებს სააგენტოს ვუგზავნიდი, ისიც კი ვიფიქრე: „ამას არ გავგზავნი, - მგონი, საკმარისად „ინფორმაციული“ არ არის-მეთქი“. მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ქალის პორტრეტი მთელი მსოფლიოს მედიაში გამოჩნდა, ფოტოგრაფმა მიიღო კენდი ფრიმენის წერილი, რომელშიც მას მადლობას უხდის სურათისათვის.

როცა ფოტოგრაფი დევიდ ბეკერი ლას-ვეგასის ტრაგედიას იხსენებს, ამბობს, რომ თავდაპირველად ვერც კი მიხვდა, რა ხდებოდა.

უჩვეულო ხმაური მოესმა და ჟურნალისტების კარვიდან გავიდა, რათა გაერკვია, რისი ხმა იყო. მცველმა ტექნიკური აღჭურვილობის ხარვეზი ივარაუდა. როგორც ფოტოგრაფმა ლას-ვეგასიდან ტელეფონით უთხრა რადიო თავისუფლებას, ის სურათებს იღებდა და ფიქრობდა, ხმაურის მიზეზი გაფუჭებული რეპროდუქტორები იქნებაო. „ყოველ შემთხვევაში, საკუთარ თავს ამას ვეუბნებოდი. ხალხი პანიკაში იყო და გარბოდა, მე კი ვფიქრობდი, ეს ნაღდად უნდა გადავიღო-მეთქი“.

გაურკვევლობისა და დაბნეულობის მიზეზი გახდა ისიც, რომ ძალიან ბნელოდა. ბეკერი მუშაობდა პროფესიული კამერა „ნიკონით“ (შუქმგრძნობიარობა ISO 10 000). ის შესაძლებელს ხდის დავინახოთ დეტალები, რომლებიც სურათის გადაღების დროს არ ჩანდა. ბეკერმა მხოლოდ კადრების შემოწმებისას შეამჩნია სისხლი და მიხვდა, რა საშინელებაც ხდებოდა მის გარშემო. „მარტო მაშინ გავაცნობიერე, რა საფრთხეში ვიგდებდი თავს“.

დანარჩენი ფოტოგრაფები ფესტივალისთვის მოწყობილ სხვა მოედნებზე იმყოფებოდნენ (ერთი მათგანი, რომელიც VIP სექტორში მუშაობდა, ბეწვზე გადარჩა). ბეკერი სწრაფად დაბრუნდა პრესის კარავში იქიდან სურათების გასაგზავნად. 10 წუთში ის ფესტივალისთვის განკუთვნილი ტერიტორიიდან გაიყვანეს. ფოტოგრაფმა მანქანაში გაატარა მთელი ღამე, როცა მედიასაშუალებებში უკვე დაიწყო მისი სურათების გამოქვეყნება.

3 მარტს ფოტოგრაფი გორან ტომაშევიჩი ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს, როცა მიჰყვებოდა ერაყელ ჯარისკაცებს ქალაქ მოსულში „ისლამური სახელმწიფოსაგან“ გათავისუფლებული რაიონების შესამოწმებლად.

მათ გარშემო უცებ სროლა ატყდა. ტომაშევიჩმა დაინახა, როგორ მოკლეს ერთ-ერთი ჯარისკაცი და დანარჩენებთან ერთად შევარდა იქვე მდებარე სახლში. ჯარისკაცი, რომელსაც ელაპარაკებოდა, მის თვალწინ გამოასალმა სიცოცხლეს „ისლამური სახელმწიფოს“ სნაიპერმა. როცა მოსაღამოვდა, თვითმკვლელის ჟილეტიანი ექსტრემისტი შეეცადა შენობაში შეჭრილიყო. ის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ტომაშევიჩისაგან სულ რამდენიმე მეტრში.

მომდევნო დღეს ფოტოგრაფი შეესწრო სცენას, რომელიც მთელი სისასტიკით ასახავს თანამედროვე ომის ერთ თავისებურებას: როცა მოსულის მცხოვრებლები ექსტრემისტებისაგან თავის დასახსნელად ერაყის ჯარის შენაერთებისაკენ გარბოდნენ, სამოქალაქო პირებსა და სამხედროებს ერთმანეთის ეშინოდათ. „ხალხმა უშიშროების ძალების ხაზს რომ მიაღწია, მამაკაცებს მოსთხოვეს წელს ზემოთ გაშიშვლება, რათა შეემოწმებინათ, ჰქონდათ თუ არა თან ასაფეთქებელი მოწყობილობები“, უთხრა ტომაშევიჩმა ერთ-ერთ კოლეგას „როიტერსიდან“. სანამ ჯარისკაცები ერთ ადამიანს ამოწმებდნენ, მათი თანამებრძოლები ჰაერში ისროდნენ დანარჩენი ხალხის შესაჩერებლად, მათ არაბულად უყვიროდნენო, იხსენებს ტომაშევიჩი.

სერბ ფოტოგრაფს ბოლო პერიოდის მრავალი კონფლიქტის გადასაღებად უმუშავია და ამბობს, რომ არ უჭირს ხოლმე დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას. „საღამოს სადმე, გასართობად წავალ-ხოლმე, შემწვარ ხორცს მივირთმევ და რამდენიმე კათხა ლუდს ვსვამ. ფეხბურთს ვუყურებ და თავს მშვენივრად ვგრძნობ. არ მივეკუთვნები ფოტოგრაფებს, რომლებსაც კოშმარები ტანჯავს. მაგრამ დავიწყებით არაფერი მავიწყდება. ეს მოგონებები ბევრ რამეს გასწავლის“.

22 ივნისის დილას მოსკოვში უსიამოვნო, ცვალებადი ამინდი იდგა, - იხსენებს ფოტოგრაფი ალექსეი დრუჟინინი. მაგრამ როცა ის მარადიულ ცეცხლთან მივიდა, ცა მოიწმინდა და კაცი იფიქრებდა, რომ „მთელი დღე უკვე მზიანი ამინდი იქნებოდა“.

ფოტოგრაფმა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობს, ფეისბუკის მესინჯერით უამბო რადიო თავისუფლებას: კოკისპირული წვიმა იმ მომენტში წამოვიდა, როცა დელეგაცია ყვავილების გვირგვინს მიუახლოვდაო. წვიმას არ გადაუღია მანამ, სანამ პრეზიდენტი წავიდოდა დაახლოებით 15 წუთში.

ფოტოსურათმა მრავალი ადამიანის ყურადღება მიიპყრო, თუმცა ავტორი ფიქრობს, რომ პირადად მას დიდი წვლილი არ მიუძღვის ფოტოს წარმატებაში. „რეაქცია მოჰყვა არა თვითონ ფოტოსურათს, არამედ მთელ სიტუაციას - როცა პუტინმა უარი თქვა ქოლგაზე და, გლოვის ნიშნად, კოკისპირულ წვიმაში დადგა“. მოგვიანებით შეკითხვას, რატომ თქვა უარი ქოლგაზე, პუტინმა ჩვეული, „მაგარი ბიჭის“ სულისკვეთებით უპასუხა: შაქრის არა ვარ, არ დავდნებიო.

კომიკურად გამოიყურება, მაგრამ თვალებს საშინლად წვავსო, - დაწერა ალექსეი ნავალნიმ ტვიტერში მას შემდეგ, რაც უკვე მეორედ შეასხეს სახეში ბრილიანტის სიმწვანე.

ევგენი ფელდმანისთვის ეს არ ყოფილა ნავალნიზე თავდასხმის შემდეგ გადაღებული პირველი სურათი. რადიო თავისუფლებასთან სკაიპით საუბრისას მან გაიხსენა, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ნავალნის გუნდზე რუსეთში ყოველი მოგზაურობისას ეწყობოდა თავდასხმები: ნავალნისა და მის ხალხს ხან ბრილიანტის მწვანეს, ხან მელანს შეასხამდნენ, ზოგჯერ კვერცხებს დაუშენდნენ ხოლმე.

თავდასხმებს უკვალოდ არ ჩაუვლია. „რასაკვირველია, იყო მომენტები, როცა ის ითრგუნებოდა და თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა, თავდასხმები სახიფათო იყო მისი ჯანმრთელობისა და გარეგნობისათვის“, ამბობს ფელდმანი. თუმცა ნავალნის მალევე გაუვლიდა ხოლმე ბრაზი თავისი მცველების თუ შტაბის წევრების მიმართ. „ მას ესმოდა, რომ არ უნდა მიეცა თავდამსხმელებისათვის თავის მუშაობაზე გავლენის უფლება, რადგან, თუ ასე შეძლებდნენ მის შეჩერებას, ისევ მოაწყობდნენ თავდასხმას“. ამ სურათის გადაღების შემდეგ ნავალნი, მარჯვენა თვალის დაზიანების მიუხედავად, პირდაპირ სტუდიაში წავიდა, რათა იუტიუბზე პირდაპირ ეთერში გასძღოლოდა თავის პროგრამას.

ნავალნის თავს აღარ დასხმიან. ფელდმანის აზრით, თავდამსხმელები მიხვდნენ: ძალადობა კონტრპროდუქტიული იყო - ნავალნის მსხვერპლად და წამებულად აქცევდა.

რუსეთში პატიმრობის დროს უკრაინელი სამხედრო მფრინავი ნადია სავჩენკო გახდა რუსეთის აგრესიის მიმართ უკრაინის შეუპოვრობის სიმბოლო და მაშინ ბევრი მოიყვანა აღტაცებაში უხამსმა ჟესტმა, რომელიც მან რუს მოსამართლეს აჩვენა. მაგრამ უკრაინის პარლამენტში, სადაც თავისუფლებას დიდად არ ზღუდავენ, იგივე ჟესტი ნაკლებად მოეწონათ.

ფოტოგრაფი ვლადისლავ მუსიენკო პარლამენტის სხდომაზე მუშაობდა 22 ივნისს, - ერთ წელიწადში მას შემდეგ, რაც სავჩენკო ტრიუმფით დაბრუნდა სამშობლოში, - როცა სხდომათა დარბაზში ხმაური ატყდა. „შევტრიალდი და დავიწყე გადაღება ისე, რომ არც ვიცოდი, რა ხდებოდა. მარტო მერე მივხვდი, რომ ყვირილი და ჟესტი იყო სავჩენკოს რეაქცია პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვებზე, რომლებიც რაღაც საკითხის შესახებ კენჭისყრას ეხებოდა“, წერს მუსიენკო რადიო თავისუფლებისათვის ფეისბუკით გამოგზავნილ მესიჯში.

მუსიენკოს არ სურს საუბარი იმის შესახებ, ახლა რა დამოკიდებულება აქვთ უკრაინელებს სავჩენკოსადმი, რომლის ვარსკვლავიც საკმაოდ გაფერმკრთალებულია სამშობლოში დაბრუნების შემდეგ. ფოტოგრაფის თქმით, პირადად მისთვის „ეს სურათია მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოიქცე პარლამენტში“.

ალესია ოსადჩაია მოსკოვიდან ჩავიდა ყაზახეთში სახელგანთქმული „მომღერალი ბარხანის“ სანახავად, მაგრამ ქვიშის ქარიშხალში მოჰყვა.

მოყვარულმა ფოტოგრაფმა, რომელიც მოსკოვის ვეტერინარიის აკადემიაში ლექტორად მუშაობს, ტელეფონით უამბო რადიო თავისუფლებას, რომ „ქარი ქვიშის ტალღებს მიაქანებდა 20-მეტრიანი დიუნიდან“. ქარი იმდენად ძლიერი იყო, რომ პარკის რეინჯერმა გადაწყვიტა, ჯერ მარტო ასულიყო დიუნზე და შეემოწმებინა, მეტისმეტად სახიფათო ხომ არ იქნებოდა ტურისტებისათვის იქ ყოფნა. როცა ის ისევ დაბლა ბრუნდებოდა, ქვიშის ტალღები აგორდა - ეს მომენტია აღბეჭდილი ოსადჩაიას ფოტოსურათზე.

რაც უნდა უცნაური იყოს, რეინჯერმა ჩათვალა, რომ დიუნზე ასვლა უსაფრთხო იქნებოდა. 20-ოდე წუთში ქარიშხალმა კინაღამ წააქცია ტანმორჩილი ოსადჩაია, რომელიც დიუნის ქედზე მიაბიჯებდა. იმ დღეს ამინდი იმდენად უჩვეულო იყო, რომ იქ გადაღებული ერთბაშად ორი სურათი მოხვდა ჟურნალ „ნეშნლ ჯეოგრაფიკის“ კონკურსის, „წლის ფოტოგრაფიის“ ფინალში.